in

6 ნიშანი იმისა, რომ ცუდი მსმენელი ხართ — რა მოვუხერხოთ ამას?

M2
M2

სამყარო იმდენად ქაოსური გახდა და იმდენი ემოცია დაგვიგროვა, რომ ხშირად სრულად კონცენტრირება გვიჭირს. თუმცა, ეს მხოლოდ საქმეებს არ ეხება, ამ შემთხვევაში სხვების მოსმენაზე ვსაუბრობთ, იმაზე, რომ კარგი მსმენელი ცოტა თუ მოიძებნება… ასე კი იმიტომ ხდება, რომ ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ საკითხები, რომლებიც მოსმენაში უშლით ხელს. ამიტომ, ჯერ ექვს ყველაზე გავრცელებულ ბარიერს გაგაცნობთ, შემდეგ კი გეტყვით, როგორ გახდეთ კარგი მსმენელი.

6 ბარიერი, რომლებიც მოსმენაში გიშლით ხელს:

1. შედარება: ეს მეც გადამხდენია

ზოგჯერ საუბრის თემა გვიბიძგებს, მსგავსი გამოცდილება ჩვენც გავაზიაროთ. იმის ნაცვლად, რომ მოსაუბრის გამოცდილება დააფასოთ, საკუთარი ამბის გასაზიარებლად ემზადებით. არადა, ისინი თქვენგან პატივისცემას, შრომის დაფასებასა და აღფრთოვანებას ითხოვენ.

2. შეჯიბრება: ეგ არაფერი — მე უფრო რთულად გადავიტანე

სოციალური არსებები ვართ და არც გასაკვირია, რომ არსებულ გამოწვევებს ვუზიარებთ ერთმანეთს. როცა ვიღაც გეუბნებათ, რომ დღეს რთული სამუშაო დღე ჰქონდა და 200 ელ.ფოსტის გაგზავნა მოუწია, ისინი თქვენს სიმპათიას ელიან და იდეებს, რომლებიც მათ ამ დატვირთვას შეუმსუბუქებს. ხოლო, თუ ამაზე უპასუხებთ, ეგ რა არის, მე 1000 გავგზავნეო, გამოდის, მას ეჯიბრებით. მართალია, არაფერია ცუდი ჩვენი გამოცდილების გაზიარებაშიც, მაგრამ ამან მოსაუბრეს არ უნდა აგრძნობინოს, რომ ეგოისტობას ვამჟღავნებთ და მის შრომას არ ვაფასებთ. 

3. აზრების წაკითხვა: ვიცი, რის თქმასაც აპირებ

შეგიძლიათ, გაიხსენოთ ბოლო საუბრებიდან ისეთი, რომელზეც წინასწარვე იცოდით როგორ დასრულდებოდა? ამას აზრების წაკითხვა ჰქვია. თუმცა, მიკერძოებები ახასიათებს და ხელს გვიშლის პოზიტიურად ჩავერთოთ საუბრებში. ასე მხოლოდ საკუთარ ვარაუდებზე ვფოკუსირდებით და ნაკლებად ვითვალისიწინებთ სხვების ხედვებსა თუ ინტერესებს. ამგვარად კი ბარიერი ხდება, რომელიც კარგ მოსმენაში გვიშლის ხელს.

4. რჩევა, რომელიც არავის უთხოვია: მე რომ შენს ადგილზე ვიყო…

თუ მაგალითად სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაგიმხელთ, რამდენად რთულია მისთვის სამსახურის საქმეებიდან მოწყვეტა შვებულების დროს, უნდა მოუსმინოთ მას და გაიგოთ, რა სჭირდებათ. შესაძლოა, რჩევები იყოს გამოსავალი ან უბრალოდ თანაგრძნობა. ერთი რამ ცხადია: თუ ისეთი რჩევებით დაკავდებით, რომლებიც არც უთხოვია და მისი პრობლემის გადაჭრას ეცდებით, ცუდ მსმენელად წარმოჩინდებით.

5. პრიორიტეტული სტატუსი: მე უკეთ ვიცი

წარმოიდგინეთ, რომ სამსახურის თათბირზე ხართ და ისეთ ტექნიკურ საკითხს განიხილავენ, რომლის გამოცდილებაც გაქვთ. აქ ხშირად ვფიქრობთ, რომ ეს გამოცდილება პრიორიტეტს გვანიჭებს. ამას პრიორიტეტის სტატუსს უწოდებენ და მაშინ ხდება, როცა ადამიანები მოსმენას თავს ანებებენ და გადაჭრის გზების თავს მოხვევას ცდილობენ. 

6. დროის სიმწირე: არ მაქვს ამისთვის დრო

24 საათში ბევრი რამის მოსწრება გვიწევს, ამიტომაც ხშირად კონცენტრირება რთულდება. საუბრისას კი ხშირად ეს მოუთმენლობაში გამოიხატება, რაც ადამიანებს აგრძნობინებს, რომ არ აფასებენ იმას, რასაც ამბობენ და არც უსმენენ.

როგორ გავხდეთ უკეთესი მსმენელი?

აქ რადიკალური მოსმენის უნარებს გაგაცნობთ:

შემჩნევა — მსმენელი ყურადღებიანი უნდა იყოს საუბრის დროს. როცა ამჩნევს დეტალებს, შეუძლია ყურადღება იმისკენ მიმართოს, რაც კონკრეტული ინტერაქციისას ყველაზე მნიშვნელოვანია. ამგვარად, შემჩნევა გულისხმობს ყურადღების გამახვილებას, ინფორმაციის დასკანერებას და იმის განსაზღვრას, თუ რა არის რელევანტური.

დამშვიდება — დუმილისა და სტრატეგიული პაუზების საშუალებით საუბარში სიმშვიდის შემოტანა იგულისხმება. ეს შინაგანი დიალოგისა და ემოციების მართვას მოიცავს, რითაც მსმენელი ყურადღებას სრულად საუბარზე ამახვილებს. 

მიღება — ღიად მიღებას მოიცავს ყველაფერ იმისა, რაც შეიძლება საუბრისას გამოიკვეთოს. მსმენელი სხვების უფლებებს სცემს პატივს, შესაბამისად, მათ აზრებსა და ხედვებს ჩვეულებრივ იღებს.

გაცნობიერება — აი, ეს კი უკვე სხვა ადამიანის ძალისხმევის, პერსპექტივის, ძლიერი მხარეების, ღირებულებებისა და პრინციპების გააზრებას ეხება. როცა ამას სხვისთვის შესამჩნევად ვაკეთებთ, მათ ვაგრძნობინებთ, რომ ვაფასებთ, ვუსმენთ და მათი გვესმის. 

კითხვების დასმა — ისეთი კითხვების დასმის უნარს მოიაზრებს, რომლებიც ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას ასახავს. როცა ამას გამიზნულად ვაკეთებთ, კითხვები უფრო სიღრმისეული საუბრების საშუალებას გვაძლევს, რა დროსაც ახალი პერსპექტივები და ინოვაციური იდეებიც იკვეთება. 

ჩარევა — ერთი შეხედვით უადგილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, როცა მოსმენის უნარის დახვეწაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ზოგჯერ საუბარში ჩარევაც საჭიროა, რათა მოსაუბრეს აჩვენოთ, რომ სრულად ხართ ამ საუბარში ჩართული. აქ ჩარევები კავშირების გასაძლიერებლად და ინტერესის საჩვენებლად გამოიყენება.

ამგვარად, უკვე იცით, რა შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი მოსმენისას და რა უნარების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. ახლა კი თუ გაინტერესებთ, რა ხდება საპირისპირო შემთხვევაში, ანუ მაშინ, როცა ვლაპარაკობთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ შეცდომები, რომლებსაც საუბრისას ვუშვებთ.

Apple-ის მსოფლიო სტანდარტი საქართველოშია: iSpace-ი Apple Premium Partner-ის პირველ მაღაზიას ხსნის

შეიძლება, შეგიძლია – „ლიდერ კრედიტის“ ახალი ვიდეორგოლი