in

ცვლილებებს ქალების ხმა აქვს – გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანია პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის შესახებ

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი:

რატომ გადაწყვიტა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქართულმა ოფისმა ლივინგსტონთან ერთად ამ კამპანიის შექმნა? რა არის პრობლემა, რომლის გადაჭრაც გსურთ?

პრობლემა, რომელიც გვინდა რომ გადავჭრათ, პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიმღებ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებას ეხება. ეს თემა აქტუალურია  როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად, მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში. მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს — 52%-ს წარმოადგენენ და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ განვითარებაში ღირებულ როლს ასრულებენ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს ნაკლებად იკავებენ. მათი უნიკალური გამოცდილებები, ხედვები და საჭიროებები კი ყურადღების მიღმა რჩება. ამას გარდა, ქალები, რომლებსაც პოლიტიკაში ჩართვა ან წინსვლა სურთ, ბარიერებს ხშირად მხოლოდ იმიტომ აწყდებიან, რომ ქალები არიან. საგულისხმოა, რომ საქართველო ამ კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის  ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა.

სწორედ არსებული რეალობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქალებისთვის არსებული ბარიერების შემცირებას ემსახურება კამპანია „ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“.

რისგან შედგება კამპანია და რა არის მისი მიზანი?

კამპანია მოიცავდა სოციალური მედიისთვის შექმნილ მულტიმედია კონტენტსატთ და სთენდაფ შოუებს, რომლებიც თბილისში, ყვარელში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა.

კონტენტი   საზოგადოებას უყვება ნამდვილ ამბებს პოლიტიკურად აქტიური ქალების შესახებ, აწვდის მას საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს. კამპანიის მიზანია, წარმოაჩინოს წვლილი, რომელიც პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ქალებმა საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში XIX საუკუნიდან დღემდე შეიტანეს და ყურადღება გაამახვილოს ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლის ქალებს, სრულფასოვნად ჩაერთონ პოლიტიკაში და გადაწყვეტილებების მიღების მაგიდასთან დამსახურებული ადგილი დაიკავონ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალები, კაცებთან შედარებით, ნაკლებად აქტიურები არიან, როგორც ამომრჩევლებიც. ცესკოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებით, საქართველოში 1,9 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი ქალია, რაც კაცების რაოდენობაზე 7.2%-ით მეტია, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებში კაცების აქტივობა უფრო მაღალია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ერთ-ერთი გზავნილი ქალი ამომრჩევლების  გააქტიურებას ემსახურება, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება სწორედ აქტიური საარჩევნო უფლებით, იგივე ხმის მიცემის უფლებით იწყება.

რამდენად ჩართულები არიან ქალები ამჟამად პოლიტიკაში და რა უშლის მათ ხელს, მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში? საქართველოში პარლამენტში 129 წევრიდან ქალი მხოლოდ 27-ია (19%), მთავრობის 12 წევრიდან კი —  2 (16%), 64 მუნიციპალიტეტიდან მერი ქალი მხოლოდ 3-ს ჰყავს (4%), საჯარო სამსახურებში კი ქალები ხელმძღვანელების პოზიციების 9%-ს იკავებენ. სტრუქტურულ და სისტემურ ბარიერებთან ერთად, დაბალი ჩართულობის ერთ-ერთი მიზეზი გენდერული სტერეოტიპებია. საზოგადოების ნაწილი კვლავაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკა კაცებს უკეთ გამოსდით და ის ქალებისთვის შეუფერებელია. ამას გარდა, ქალები პოლიტიკაში ხშირად სხვადასხვა ფორმის ძალადობასაც განიცდიან. მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის „პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში 2022“ მიხედვით, პოლიტიკოსი ქალების 54%-ს საარჩევნო პერიოდის ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ძალადობის სხვადასხვა ფორმა გამოუცდია.

კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი:

ცვლილებებს ქალების ხმა აქვს – როგორ მიხვედით ამ მესიჯამდე?

კამპანიაზე მუშაობის დაწყებისას, გადავწყვიტეთ რომ საქართველოს ისტორიაში ქალების ჩართულობა საფუძვლიანად გამოგვეკვლია და აქედან აგვეღო ინსპირაცია. პოლიტიკური ხასიათის ჩანაწერების მოსმენისას ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა რაიმე საინტერესო ფრაზა გვეპოვა, რაზეც კამპანიას დავაშენებდით, თუმცა მოსმენის პროცესში ჩვენი ყურადღება სხვა რამემ მიიქცია. 9 აპრილიდან, დღემდე, პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლი ძლიერდება და ქალების ხმა უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. თუ ადრე, მაგალითად, სკანდირებისას ან ჰიმნის სიმღერის დროს უფრო მეტად კაცების ხმა და ბანი ჭარბობდა, ახლა უკვე მსგავს სიტუაციებში ქალების ხმა ისმის და მივხვდით, რომ ცვლილებებს, რომელიც ხდება და გვინდა რომ მოხდეს, ქალების ხმა აქვს. ამიტომ, თუ ყველა წერტილიდან ქალების ხმას გავაჟღერებთ, ცვლილებებს მივაღწევთ.

ამ ინსაითზე დავაშენეთ კონცეფცია ქალების ხმით გამოწვეული ცვლილებების უწყვეტობაზე, რასაც დიდი ისტორია და დიდი მომავალი აქვს. ეს ხმა შორეული წარსულიდან გვაძლევს ექოს და წლიდან წლამდე ახალი ხმები ემატება და აძლიერებს.

კამპანია აერთიანებს ქალების ხმას მთელი საქართველოდან: რეგიონებიდან და თბილისიდან, ისტორიიდან და დღევანდელობიდან. ეს ხმები ეკუთვნის ყოფილ, ახლანდელ თუ მომავალ პოლიტიკურად აქტიურ ქალებს.

როგორი იყო კამპანიაზე მუშაობის პროცესი?

კამპანიაზე მუშაობა საკმაოდ კომპლექსური იყო, უნდა გამოგვეკვლია რა პრობლემების წინაშე დგანან ქალები, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს და მოგვეფიქრებინა რა რჩევები გაგვეცა. კამპანიის ხასიათი უნდა ყოფილიყო ინსპირაციულიც და ინფორმაციულიც. უნდა გველაპარაკა წარსულზეც, ახლანდელზეც და მომავალზეც – ფაქტობრივად 3 დროში ერთდროულად უნდა ვყოფილიყავით, რომ არც მხოლოდ ისტორიულ ქალებზე გვესაუბრა, არამედ მხოლოდ ახლანდელზე და მომავალზეც დაგვეფიქსირებინა ხედვა.

სამუშაო დავყავით ფაზებად და დავიწყეთ არქივის, მუზეუმების, ბიბლიოთეკების მასალის კვლევით. პროცესი ძალიან შთამაგონებელი იყო – არქივში მუშაობისას ვიაზრებდით, რომ სწორედ ამ ქალების დამსახურება იყო, დღეს ჩვენ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერების კამპანიაზე რომ ვმუშაობდით. თანამედროვე ქალების გზა ხომ უამრავი ისტორიული ქალის ხმითაა გაკვალული. ამ კამპანიით კი კიდევ უფრო ხმამაღლა გავაჟღერებთ მათ ხმას, და იმედი გვაქვს, რომ ეს გამოიწვევს ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაძლიერებას.

  • პირველ რიგში, კამპანიისთვის შევქმენით უნიკალური ფონტი, რომელიც უამრავი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქართველი ქალის ხელნაწერების კვლევის შედეგად დაგენერირდა – თამარ მეფის, ეკატერინე გაბაშვილის, პირველი პარლამენტარი ქალების, პირველი პრეზიდენტი ქალის თუ თანამედროვე აქტივისტების მოხატული პოსტერების კალიგრაფიის შეგროვებით.

https://www.facebook.com/unwomengeorgia/videos/3892352914371575

  • კამპანიის დასაწყისშივე აუდიტორიას მე-19 საუკუნის ქართულ ფემინისტურ მოძრაობაზე მოვუყევით, რომელიც პირველად აჟღერებს უმნიშვნელოვანეს იდეებსა და ინიციატივებს, ქალების ხმით, განათლებაზე, უფლებათა დაცვაზე და ქალთა ემანსიპაციაზე. ამის შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დღეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, ქალების ისტორია, რომლებმაც გზა გაგვიკვალეს დამოუკიდებლობისკენ.

https://www.facebook.com/unwomengeorgia/videos/958301912980863

  • შემდეგ, სხვადასხვა დეკადის წარმომადგენელ პოლიტიკოს ქალთან სტერეოტიპებზე ვისაუბრეთ. სამმაგი, პარალელური ინტერვიუს ფორმით ბევრი საინტერესო დაკვირვება გავუზიარეთ მაყურებელს – ნათლად გამოვხატეთ, რამდენად არ იცვლება სტერეოტიპები წლიდან წლამდე, ხოლო ცვლილებების მოტანას ისევ ქალების ხმა, მათი ერთიანი ბრძოლა თუ შეძლებს.

https://www.facebook.com/share/v/fvk3AEsX8S9e6YdR/

  • ბოლო წლებში, საგრძნობლად ახმაურებული აქტივისტური ველიც არ დავტოვეთ უყურადღებოდ და მნიშვნელოვანი ცვლილებების სათავეში მყოფ ქალებს დავუთმეთ სცენა

https://www.facebook.com/unwomengeorgia/videos/1084205089784821

    • დასკვნით ფაზაში კი მთელი კამპანიის სპექტრი თავიდან ბოლომდე დავფარეთ და საქართველოს ქალების უწყვეტ ბრძოლაზე, მათი ხმების სიძლიერეზე და ცვლილებების მომტანობაზე მხატვრულად ვისაუბრეთ. ვიდეო, სიმბოლურად, ქალთა გუნდის მრავალხმოვნებით სრულდება, რაც წარსულის ქალების ექოს გადმოსცემს და აძლიერებს აწმყოში, როგორც ძლიერ, ხმამაღალ და ცვლილებების მომტან ხმას.

როგორ გაუმჯობესდება ქართული პოლიტიკა ქალების ჩართულობის გაძლიერებით?

პოლიტიკაში ტრანსფორმაციული ცვლილებების მიღება და ქართული პოლიტიკურ სპექტრს გაუმჯობესება სწორედ ქალების  ჩართულობითაა შესაძლებელი. მეტი ქალი პოლიტიკოსის ხმა – არის რაც ამ ცვლილებებს შემოგვთავაზებს; ხოლო, მეტი ქალის ხმა არჩევნებზე არის ის, რაც ამ ცვლილებებს ლეგიტიმაციას მისცემს.

ამ კამპანიით, განსაკუთრებით წინა-საარჩევნოდ,  გვაქვს რწმენა და იმედი, რომ ქალები, რომლებიც ამომრჩეველთა უმრავლესობას წარმოადგენენ, მეტი ცნობიერებით, მეტი მუხტით, მეტი თავდაჯერებით გააგრძელებენ მათ უკან, გვერდით და წინ მდგომი ქალების გაძლიერებას და სამართლიანობისთვის, პროგრესისთვის ბრძოლას. რადგან მართლა გვჯერა და გვწამს, რომ ცვლილებებს ქალების ხმა აქვს!

ცნობიერების ამაღლების კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

Credits:

Client – UN Women
Agency – Leavingstone
Creative Chairman – Levan Lepsveridze
Creative Director – Tatia Dolidze
Sr Copywriter – Tina Jelia, Sophie Ivanishvili
Art Director – Salome Tinikashvili, Kote Tokhadze, Magda Janjalashvili
Graphic Designer – Nikita Mtchedlishvili, Magda Dumbadze
Motion Designer – Luka Shvelidze
Agency Producer – Tamta Navrozashvili
Researcher – Esma Mania, Lela Gaprindashvili
Research Assistant – Tornike Kobaladze
Account Director – Ekaterine Ebanoidze, Zizi Nasrashvili
Account Lead – Maiko Gumberidze
Account Manager – Lana Bachaliashvili, Sopo Davitashvili, Keti Matcharashvili
Administrative Team – Pikria Javashvili, Ana Javakhishvili
CEO – Erekle Zurmukhtashvili
Head of Digital Advertising Unit – Anika Gavasheli
Senior Digital Advertiser – Elene Tsurtsumia
Music & Sound – Heima Production
Ensemble – Margaliti
Special Thanks to Lamara Abzhandadze, Nana Jorjadze, Salome Kenchiashvili, Natalia Kipshidze and every participant.

[პარტნიორის კონტენტი]

კრიპტოლექსიკონი: ტერმინების მნიშვნელობები დამწყებთათვის #2

სტრატეგიული მიოპიის თავიდან აცილების გზები