თავიდან ამ სტატიის სათაურის დაწერა ბრჭყალებში გვინდოდა. ვინმეს შემთხვევით უცნაურად რომ არ მოსჩვენებოდა სიტყვათშეთანხმება „წყალზე მოსიარულე”, მაგრამ ვინაიდან ფაქტი რეალურია, ამიტომ დავწერეთ ისე, როგორც არის. თუ ოდესმე გეტყოდნენ, რომ ვიღაც თბილისის ზღვის ზედაპირს მოტოციკლეტით გადაურბენდა, ალბათ, არ დაიჯერებდით, მაგრამ ჩვენ ამის დამამტკიცებელი საბუთებიც გვაქვს, ამიტომ მხოლოდ სიტყვაზე ნდობას არ შემოგთავაზებთ.
22 წლის ენდურო მოტომრბოლელი, გიორგი გახელაძე პირველი ქართველი გახდა, რომელმაც მოტოთი წყალზე გაიარა. კერძოდ, მან სპეციალურად აღჭურვილი მოტოციკლით, თბილისის ზღვა 80 კილომეტრი საათი სიჩქარით გადაკვეთა. ამ ექსპერიმენტით იგი მსოფლიოს იმ სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომლებმაც წყლის დიდი მანძილი ამ ტრანსპორტით დაფარეს.
ეს იდეა სპორტსმენს თავად გაუჩნდა, თუმცა ინიციატივის განხორციელებაში კომპანია „ვისოლი” დაეხმარა.
პროექტის აღსრულებაზე, ვიდეო კონტენტის შექმნასა და დიჯითალ კომუნიკაციაზე ციფრულმა სარეკლამო კომპანია “რედბერიმ” იზრუნა, ვისთვისაც ჩანაფიქრის რეალობად ქცევა პირველი ყველაზე ექსტრემალური გამოწვევა იყო.
თუმცა, მოგეხსენებათ, ეს არ არის უბრალოდ მოტოციკლზე დაჯდომა და მინდორში გაკატავება, ამ საქმის განსახორციელებლად საჭირო იყო შესაბამისი ფინანსები, აღჭურვილობა და მხარდაჭერა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ იდეასთან მარტო ვიყავი, გარკვეული დროის განმავლობაში „წყალზე გავლა” მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილად რჩებოდა, თუმცა ერთხელაც, ეს იდეა კომპანია „ვისოლს” გავაცანი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტის მხარდაჭერით.
ამის შემდეგ უკვე დავიწყე იმ აღჭურვილობაზე ზრუნვა, რაც მე დამჭირდებოდა, რადგან ასეთ ექსპერიმენტში ყველაფერი შენს თავზე უნდა გქონდეს მორგებული. პარალელურად ვეძებდით ლოკაციასაც. თავიდან მქონდა სურვილი, რომ ეს ყოფილიყო ჟინვალის წყალსაცავი, მაგრამ იმის გამო, რომ აქ უსაფრთხოების ნორმების დაცვა უფრო რთული იქნებოდა, უარი მივიღეთ და ასე, ძიებაში მივედით თბილისის ზღვამდე.
ეს არის შეგრძნება, რომელსაც ვერანაირად ვერ შევადარებ ვერაფერს. ამ დროს არ გაქვს განცდა, რომ საერთოდ მოტოციკლზე ზიხარ. ასევე, აცნობიერებ, რომ ერთი მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც არ გაქვს, რადგან, როგორც მინიმუმ, მოტოციკლი წყალში ჩავარდება და თავადაც შეიძლება დაზიანდე. სხვათა შორის, ბევრი არ მივარჯიშია მანამდე. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ექსპრომტად მოხდა, თუმცა იმდენად მომეწონა, რომ რამდენჯერმე გავიარე წყალზე”, – გიორგი გახელაძე, ენდურო რაიდერი.
ექსტრემალური პროექტის მხარდაჭერაზე კომენტარს გვიკეთებს სალომე გველესიანი, Wissol-ისა და Smart-ის მარკეტინგის დირექტორი.
„ზოგადად, „ვისოლის”, როგორც ბრენდის სტრატეგიული მიმართულებაა ექსტრემალური სპორტის სახეობების მხარდაჭერა. გიორგი გახელაძემაც, როგორც პერსპექტიულმა მრბოლელმა, ამ კუთხით მიიქცია ჩვენი ყურადღება და თანაც, მოგეხსენებათ, მოტოსპორტი პირდაპირ ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
იმის მიუხედავად, რომ მსგავსი სახეობა საქართველოში არც ისე გავრცელებულია, გიორგიმ მოახერხა, რომ ჩვენთვის მოტივაცია მოეცა, რადგან ამ მოვლენის გარდა, ის ხშირად მონაწილეობს ჩემპიონატებში და ბევრ წარმატებასაც აღწევს. „ვისოლშიც” გაგვიჩნდა სურვილი, რომ მისი ერთ-ერთი წარმატების პარტნიორი ვყოფილიყავით.
ეს ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა, როცა გიორგი ახლოს გავიცანით და მან რამდენიმე ექსპერიმენტული სურვილი გაგვანდო. მათ შორის იყო „მოტოთი სიარული წყალზე”. ჩვენ ჩავრთეთ პროფესიონალები, როგორებიც არიან ექსტრემალური გადაღების ჯგუფები, სამაშველო სამსახურები და ერთი სიტყვით, ყველაფერი გავთვალეთ საიმისოდ, რომ პირველ რიგში, თავად გიორგის თავი ეგრძნო დაცულად.
ასეთი თავზეხელაღებული და სარისკო წამოწყების ექსტრემალურ ვიდეოდ ქცევა სააგენტო “რედბერის”დამსახურებაა. სააგენტოს რეკლამის წარმოების გუნდმა იდეალურად იმუშავა, პროცესში ჩართო მაშველების და ექსტრემალური სცენების ფროდაქშენის ჯგუფი, იმისთვის რომ ვიდეოს მთავარ გმირს საფრთხე არ შექმნოდა.
ჩვენ მომზადებულები ვიყავით, რომ ერთჯერადი გავლა იქნებოდა და ყველაფრის დაფიქსირება უნდა მოგვესწრო, მაგრამ საბოლოდ ისე მოხდა, რომ ერთხელ კი არა, ლამის 30-ჯერ გაიარ-გამოიარა მოტოციკლეტით თბილისის ზღვაზე.
მსგავსი ექსპერიმენტები ხელს უწყობს ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაციას და საშუალებას გვაძლევს, რომ ერთგვარი რეკლამა გავუკეთოთ როგორც თავად სახეობას, ისე მასში ჩართულ სპორტსმენებსაც”.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გახელაძე „რედბულის“ PP ათლეტია საქართველოში (Red Bull Product Placement Athlete). 2017 წლიდან დღემდე ის საქართველოში ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. პირველივე ცდაზე თბილისის ზღვის 2 კილომეტრი მონაკვეთისა და 45 მეტრი სიღრმის დაფარვის შემდეგ, რაიდერის მიზანი შავ ზღვაზე „სიარული” გახდა.
[R]