in

შინაური ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის AI აპლიკაცია შექმნეს

ახალი აპლიკაცია, სახელწოდებით TTcare, ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგს და პრობლემების აღმოჩენას ემსახურება — ამას კი ფოტოების ხელოვნური ინტელექტით დამუშავებით აკეთებს. სამხრეთ კორეული ფირმა AI for Pet-ის მიერ შექმნილ აპლიკაციას CES 2023-ზე ინოვაციის ჯილდოც კი მიენიჭა. 

იმისათვის, რომ აპლიკაციას მხოლოდ ფოტოების დამუშავების საფუძველზე შესძლებოდა ზუსტი დიაგნოზის დასმა, TTcare-ის მანქანათმცოდნეობის მოდელების გასაწვრთნელად მილიონზე მეტი ფოტო გამოიყენეს. შედეგად, ძაღლებისა და კატების ჯანმრთელობის პრობლემების აღმოჩენის შესაძლებლობამ 90%-ს მიაღწია. ამავდროულად, თუ სისტემა რაიმე გართულებას დააფიქსირებს, აპლიკაცია რეკომენდაციებსაც კი გასცემს, თუ რა უნდა გააკეთონ სახლის პირობებში; ხოლო უფრო მძიმე სიმპტომების შემთხვევაში კვალიფიციურ ვეტერინართან ვირტუალურ კონსულტაციას უზრუნველყოფს.

დიაგნოზებისა და კონსულტაციების გარდა, TTcare მოიცავს შინაური ცხოველების მოვლის სახელმძღვანელოებს — მაგალითად, რა უნდა გააკეთოს ძაღლის ან კატის პატრონმა მათი მოწამვლის ან დაკარგვის შემთხვევაში. ამასთანავე, მოცემულია ჯანმრთელობის, წონის და დიეტის მითითებები; ვაქცინაციის თარიღების მოსანიშნი გრაფა.

მთლიანობაში, აპლიკაციის მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს ვეტერინართან ვიზიტები და ამასთან დაკავშირებული დიდი ხარჯები. „ახლა შეგიძლიათ, უფრო ხშირად და მარტივად შეამოწმოთ მათი ჯანმრთელობა და ადრეულად გამოავლინოთ პათოლოგიური სიმპტომები“, — აღნიშნავენ Pet AI-ში.

TTcare ხელმისაწვდომია Apple App Store-სა და Google Play Store-ზე. პირველი სამი სკანირება უფასოა, ხოლო ამ საცდელი პერიოდის შემდეგ ყოველთვიური გამოწერა $4,99, წლიური კი $49,99 ღირს.

NASA-ს ახალი ბირთვული რაკეტა მარსამდე 45 დღეში მიაღწევს

Apple TV+-ის რეკლამაში ერთი სურვილით შეპყრობილი ტიმოთი შალამე გამოჩნდა