in

TTE Rooms – როგორ შეიქმნა სათავგადასავლო ოთახი თბილისში, სადაც მეგობრებთან ერთად განძის მოძებნით გაერთობით

წარმოიდგინეთ, შუაგულ თბილისში შედიხართ სახლში და საშინელებათა ჟანრის სცენარი გხვდებათ. მეგობრებთან ირგებთ როლს და ძველებურ სახლში დამალულ ოქროს ეძებთ. TTE Rooms-ის იდეაც ესაა, ერთი საათის განმავლობაში თავგადასავლის მაძიებლად გაქციოთ და მეგობრებისთვის დაუვიწყარი ემოციების გაზიარების საშუალება მოგცეთ. სათავგადასავლო შთაბეჭდილებების ბიზნესად ქცევა ემილ სარქისიანმა მინიმალური ბიუჯეტით დაიწყო. ბავშვობიდან აინტერესებდა მსგავსი თავგადასავლები, ხშირად ადევნებდა თვალს „ფორტ ბოიარდს“. 20 წლის ასაკში კი, საკუთარი თამაში შექმნა, თავად შეიმუშავა სცენარი, დიზაინი, შეიძინა დიზაინი და მოაწყო TTE Rooms – ინტელექტუალური თამაში დიდებისთვის.

„ჩემი პროფესია საკმაოდ კონტრასტულია ჩემს საქმიანობასთან. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საჯარო მმართველობის მაგისტრი. ხშირად ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ახალგაზრდულ აქტივობებში ვერთვები. დროდადრო, ახალგაზრდებისთვის ვატარებ ტრენინგებს, საჯარო მმართველობის მიმართულებით. ბავშვობიდან მინდოდა საკუთარი ბიზნესი და პირადი შემოსავალი. 20 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც საქართველოში არ არის და ამავდროულად, საინტერესო იქნებოდა ადამიანებისთვის. ამ იდეაზე 1-1.5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. საღამოს, უნივერსიტეტიდან დაბრუნებული ვჯდებოდი და ვწერდი გეგმას, პროგრამას, ვიგონებდი დეტალებს. ამასწინათ ვათვალიერებდი, ონლაინ ფოტოშოპით როგორ ვაწყობდი ინტერიერის დეკორაციების გეგმას. ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებდი“, – გვიამბობს ემილ სარქისიანი.

M: რით იყო შენთვის საინტერესო Escape Room-ის ტიპის თამაში?

მსგავსი თამაშები მითამაშია ბარსელონაში და ძალიან მომეწონა. როდესაც ვფიქრობდი, რა მიმართულებით შემექმნა საკუთარი ბიზნესი, სწორედ ამ იდეისკენ წავედი. საქართველოში მსგავსი სივრცეები მხოლოდ ბავშვებისთვისაა, სადაც ძირითადად დაბადების დღეს ატარებენ ხოლმე. TTE Rooms არის გასართობი სივრცე დიდებისთვის. საქართველოში იყო „ისქეიფ რუმი“, სადაც ხშირად მივდიოდი, თუმცა დაიხურა. ამ ადამიანებთან დღემდე ვმეგობრობ.

M: როგორც ახსენე, ბიზნესი საკმაოდ მცირე ბიუჯეტით დაიწყე. როგორი იყო პირველი ნაბიჯები?

პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული იყო. ერთი წლის განმავლობაში ძალიან გამიჭირდა, ვერ ვხვდებოდი, რა და როგორ გამეკეთებინა. შემდეგ, რაღაცნაირად მივყევი გზას. თავდაპირველად, არ მქონდა რესურსი, რომ ვინმესგან შემეძინა თამაშის პროგრამა ან სხვა რამ, ამიტომ თავად მომიწია მომეფიქრებინა თამაშის სცენარი, დავალებები, დეკორაცია და ა.შ.

ყველაფერი მინიმალური ხარჯით გავაკეთე, რადგან არ მქონდა მეტი რესურსი. სტუმრები რომ მოდიოდნენ, დასაჯდომი ადგილიც კი არ იყო. არც დიდი ამბიცია გამაჩნდა, იმედი მქონდა, ეს წამოწყება გარკვეულ შემოსავალს მაინც მოიტანდა, მინიმალური ხარჯები მაინც რომ დამეფარა. მარტო ვატარებდი ყველაფერს, ვიღებდი სტუმრებს, ვალაგებდი სივრცეს. კვირაში 3-4 თამაში ტარდებოდა და შემოსავალიც მცირე იყო, ახლა – დილიდან საღამომდე გადავსებულია განრიგი.

M: რა ელით TTE Rooms-ის სტუმრობისას მოთამაშეებს?

ეს გახლავთ ე.წ. გაქცევის ოთახი, რომელიც რაღაცით „ფორტ ბოიარდს“ მოგაგონებთ. მოწყობილია დახურულ სივრცეში, ადამიანები შედიან და 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში ასრულებენ დავალებებს. თამაში საშინელებათა ჟანრისაა. მოთამაშეები მძარცველების როლში არიან და მათი მიზანი დამალული განძის პოვნაა. სწორედ ამ პოვნის პროცესია დავალებების შესრულება. სივრცე ძველი სახლივითაა მოწყობილი, თავისი განათებებითა და დეკორაციებით.

M: როგორ ჩამოაყალიბე TTE Rooms-ის თამაშის პრინციპი?

ზოგადად, მსგავსი მექანიზმები ბავშვობიდან მაინტერესებდა. როცა სხვები გარეთ სიარულს არჩევდნენ, მე ეზოში ვრჩებოდი და რაღაცებს ვაწყობდი. ვუყურებდი „ფორტ ბოიარდს“ და მომწონდა თამაშის ასეთი მსვლელობა. ახლაც, TTE Rooms-ის დაგეგმარებისას 

სერიალ „ქაღალდის სახლიდან“ მოვიდა შთაგონება. Google-ით ვეძებდი და ვსწავლობდი, რა აქტივობებია ხოლმე ზოგადად გავრცელებული მსგავს თამაშებში. შემდეგ, ვცვლიდი დავალების ფორმატს, ვარგებდი რეკვიზიტებს და ჩემებურად ვაწყობდი.

დეკორაციაც ისეთი შევარჩიე, რაც არ იქნებოდა ძვირი. ბევრი რამ კერძო პირებისგან შევიძინე და ამაშიც დავზოგე ფული. მახსოვს, ძალიან ვღელავდი, ბიზნესისთვის ფართს რომ ვეძებდი. 20 წლის ვიყავი. არ ვიცოდი, გამქირავებლებს რამდენად ექნებოდათ ნდობა და დააინტერესებდათ, რომ მათ ფართში მსგავსი სივრცე მოეწყო ვინმეს. გამიმართლა და ძალიან კარგი ადამიანი შემხვდა, რომელმაც ბევრ რამეში შემიწყო ხელი და მადლიერი ვარ. ძალიან მისაღები პირობები შემომთავაზა, მათ შორის, პანდემიის პერიოდში.

M: პანდემიის პერიოდი როგორ დაძლიე?

მოგეხსენებათ, მაშინ ყველაფერი გაჩერდა და ბუნებრივია, ჩემი ახლად გახსნილ ბიზნესსაც ეს ბედი ეწია. ეს დრო დავუთმე იმ რაღაცების კეთებას, რისთვისაც მანამდე ვერ ვიცლიდი. მოვაწესრიგე სივრცე, გავაკეთე ახალი დეკორაციები და უკეთ მოვაწყვე. სულ მარტო ვაკეთებდი ყველაფერს. დროდადრო, მამაჩემი მოდიოდა და სამშენებლო საკითხებში მეხმარებოდა.

M: როგორ განვითარდა TTE Rooms, ამ წლების განმავლობაში?

თავდაპირველად, სამეგობროები მოდიოდნენ ხოლმე. შემდეგ, ტურისტების ყურადღების ცენტრშიც მოვექეცით. არიან მსგავსი გართობის მოყვარული ადამიანები, რომლებიც სპეციალურად მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში, რათა მსგავს სივრცეებში ითამაშონ და შეადარონ, სად სჯობს. ასეთი თამაშები ძალიან განვითარებულია ისრაელში. იშვიათია, რომ ისრაელიდან ჩამოსულ ვიზიტორს არ ჰქონდეს გაქცევის ოთახში თამაშის გამოცდილება.

ტურისტებზე რომ დავიწყე რეკლამების გაშვება. ვცდილობდი Google-ზე კარგი რევიუები შემეგროვებინა, რადგან ამას დიდ ყურადღებას აქცევენ უცხოელები. ვთხოვდი, დაეწერათ შეფასება, თუ მოეწონათ ან არ მოეწონათ, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო  განვითარებისთვის. Google-ის რევიუებს რომ გადახედოთ, ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს. უცხოელი ტურისტებიც წერენ, რომ მსოფლიოში ბევრგან უთამაშიათ, მაგრამ ეს უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა მათთვის

შემდეგ, კომპანიები დაინტერესდნენ TTE Rooms-ით. თიმბილდინგისთვის მოდიან ხოლმე თანამშრომლები, სააგენტოები, სასტუმროების მენეჯერები, გაყიდვების გუნდები თუ სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ შესვლაზე მხოლოდ 5-6 ადამიანი თამაშობს, ჯერჯერობით, ნაწილ-ნაწილ ერთვებიან ხოლმე.

M: შენთვის რას ნიშნავს ეს საქმე?

ძალიან მინდა, რომ ეს სფერო განვითარდეს საქართველოში. ისე მახარებს, ჩვენს სივრცეში ახალგაზრდებს რომ ვხედავ და ვიცი, ჩვენს სივრცეში კარგ დროს გაატარებენ. სულ ვცდილობ, რომ თამაშის ფასი და ხარისხი ერთმანეთთან იყოს შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, მინდა ისე განვითარდეს ეს საქმე, რომ ჩემთვისაც სარგებლიანი იყოს. 

M: როგორ გეგმავ ამ ბიზნესის განვითარებას?

აქტიურად დავიწყე საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა, რომელმაც ძალიან შემიწყო ხელი. შევქმენი ციფრული სასაჩუქრე ბარათები და მობილბანკში დავამატე. გამომდინარე იქიდან, რომ წინასაახალწლო პერიოდი იყო და პოპულარული გახდა. ამიტომ, დამირეკა მარკეტინგის გუნდმა და მამცნო, რომ მომხმარებლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა TTE Rooms-მა. დავამატე ნაწილ-ნაწილით გადახდაც. განსაკუთრებით ვცდილობ ხელი შევუწყო სტუდენტებს ფასდაკლებებით, რადგან მეც ვყოფილვარ მათ მდგომარეობაში და მესმის, რომ ხშირად არ აქვთ შემოსავალი და ოჯახზე არიან დამოკიდებულები.

ამ ეტაპზე, მაქვს შეძენილი დამატებით ორი ოთახის რეკვიზიტები. ასევე, შემუშავებული მაქვს თამაშის სცენარი. ერთადერთი, რაც დამრჩენია ისაა, რომ უნდა მოვნახო თამაშის შესაბამისი სივრცე. მინდა კაფეც იყოს მოწყობილი ამ სივრცეში, სადაც სასიამოვნოდ დაისვენებენ.

ასევე, მინდა B2B მიმართულების გაძლიერება. ვფიქრობ, ჩამოვაყალიბო განყოფილება, რომელიც კომპანიებს ჩვენთან ერთად კორპორაციული ღონისძიებების ან თიმბილდინგების დაგეგმვაში დაეხმარება. მოთხოვნა ნამდვილად არის ბაზარზე. ხშირად გვიკავშირდებიან კომპანიებიდან, რომ თავიანთი პატარ-პატარა გუნდები მოიყვანონ ჩვენთან.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი



როგორ გავაპიაროთ IT კომპანიები და სტარტაპები კავკასიაში: წარმატების საიდუმლოები

რა არის „გაყიდვების ძაბრი” და რატომ უნდა იხელმძღვანელონ კომპანიებმა ამ მოდელით