in

თუ სამსახურის გასაუბრების შემდეგ პასუხი არ ისმის…

დიახ, ხშირად სამსახურის ძიებისა და ვაკანსიების გაგზავნის შემდგომ პასუხს არ გიბრუნებენ, მაშინაც კი, როცა მათთვის სასურველი უნარები ან შესაძლებლობები გაქვთ. ამ ეტაპზე, შესაძლოა, თქვენი რეზიუმე არც კი განიხილებოდეს… მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენ პასუხს ინტერვიუს შემდეგაც არ მიიღებთ? მართალია, ეს ძალიან ნერვების მომშლელია, მაგრამ აქ კარგი ამბავი ის არის, რომ დუმილი ყოველთვის უარყოფას არ ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ახლა ამ დუმილის მიზეზები განვიხილოთ და ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას.

დაქირავების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ

თუ დამსაქმებელს გაესაუბრეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე კანდიდატი ხართ… როგორც წესი, ისინი შესაფერის თანამშრომლებს ერთდროულად 10-ზე მეტი ვაკანსიისთვის ეძებენ, რაც ასობით განმცხადებლის გადახედვასა და დამქირავებელ მენეჯერთან საუკეთესოების წარდგენას გულისხმობს. დიახ, იმას, თუ ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე, მენეჯერი მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით წყვეტს. ეს პროცესები კი გარკვეულ დროს მოითხოვს. ხოლო თუ მათ წარდგენილი კანდიდატების სია არ მოსწონთ, სხვა განმცხადებლის ნახვის სურვილიც უჩნდებათ, რაც გადაწყვეტილების მიღებისა და შემდეგ ეტაპზე გადასვლის პროცესსაც აყოვნებს. 

ამ პროცესში დუმილის თავიდან ასაცილებლად კი, პირველივე ეტაპზე დამსაქმებელს ჰკითხეთ: იმ კანდიდატებიდან, რომელთაც აქამდე შეხვდით, რისი ცოდნა გჭირდებათ ჩემგან იმისათვის, რომ ამ თანამდებობისთვის საუკეთესო კანდიდატი გავხდე? ან იმ კანდიდატებიდან გამომდინარე, რომელთაც შეხვდით, დაქირავების პროცესში წინ მივიწევ? უმჯობესია, გულწრფელი პასუხი მყისიერად მიიღოთ, ვიდრე უსასრულოდ ელოდოთ მას, მაშინაც კი, თუ მიღებული პასუხი არასასურველია. შესაძლოა, თქვენ დღეს საუკეთესო კანდიდატი იყოთ, მაგრამ მოგვიანებით ამ სიაში გამოცდილმა კანდიდატებმა ჩამოგაქვეითონ… 

დამქირავებელთან გასაუბრების ან პანელური ინტერვიუს შემდეგ

ხოლო თუ თქვენ პირველი ეტაპი გადალახეთ, თქვენთან გასაუბრება დამქირავებელს ან სხვა დაინტერესებულ პირებს მოუნდებათ. აქ კი ის ხუთი ძირითადი მიზეზი განვიხილოთ, რომელიც მსგავსი ინტერვიუს შემდგომ დუმილის საფუძველი ხდება:

განხილვის შეფერხება

ინტერვიუებს რეკრუტერები თუ მენეჯერები ცალ-ცალკე ან ერთად განიხილავენ. კანდიდატებს გასაუბრებები ერთსა და იმავე დღეებშიც არ უტარდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერვიუერები ერთმანეთს უკუკავშირს იმავე დღეებში არ უზიარებენ. ამასთან, ყველა ინტერვიუერისთვის სასურველი დროის შერჩევა, რათა ერთმანეთს აზრები გაუზიარონ, რთულია და მეტი დროც სჭირდება.

შეთავაზების ფორმირება

დამქირავებელი მენეჯერი და რეკრუტერი ხშირად კონკურენტულ შეთავაზებას ქმნიან, თუმცა, შესაძლოა, თქვენთვის არა… ხოლო, როცა ნომერ პირველი არჩევანი არ ხართ და მეორე პოზიციას იკავებთ, ლოდინი პოტენციურ სიჩუმეში გიწევთ, სანამ საუკეთესო კანდიდატი ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის. სარეზერვო სისტემიდან კი სამსახურს ძალიან ბევრი პოულობს…

დამქირავებელი მენეჯერი/რეკრუტერი მიუწვდომელია

შესაძლოა, დაქირავების პროცესის შუა პერიოდში მენეჯერმა ან რეკრუტერმა შვებულება აიღოს, გაემგზავროს ბიზნეს მოგზაურობაში, გახდეს ავად ან ესწრებოდეს კონფერენციებს და ეს მოკლევადიან შეფერხებებად ჩაითვლება. თუმცა ბავშვის გაჩენისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო შვებულება უფრო დიდი ხნითაც შეიძლება აიღონ ან საერთოდ სამსახური დატოვონ. დიახ, ასეც ხდება ხოლმე… დაქირავების პროცესი კი ამ დროს შეჩერებულია, რადგან კომპანია ცდილობს, გაარკვიოს თუ ვინ შეითავსებს კონკრეტულ მოვალეობებს. 

სამსახურის ცვლილება

ვაკანსიის გამოქვეყნების შემდეგ, ხშირად სამუშაოს აღწერა და კრიტერიუმებიც იცვლება, ამასთან, პროცესი ფერხდება ან მიმდინარე ეკონომიკური თუ ბიზნეს საჭიროებების გამო საერთოდ ჩერდება. რადგან ეკონომიკურ რყევებსა და გაურკვევლობას შემოსავალზე გავლენა აქვს, მსგავს სიტუაციებთან საქმე ბევრად უფრო ხშირადაც გვაქვს. შესაძლოა, კომპანიებმა დაქირავების სტრატეგიები შეცვალოს, მენეჯერებს კი ბიუჯეტის ცვლილების გამო მოვალეობების ხელახლა განსაზღვრა დასჭირდეთ.

მოჩვენება

დამსაქმებლებისგან ყოველთვის დუმილის მიღება რთული და მტკივნეულია, მაგრამ ხშირად ასე ხდება ხოლმე… ეს კი ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მიზეზის ბრალი შეიძლება იყოს. მაგრამ, საიდან უნდა იცოდეთ, რომელ სიტუაციაში ხართ ან მას როგორ უნდა გაუმკლავდეთ?

უსმინეთ ყურადღებით

ინტერვიუს ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ გაესაუბრეთ დამსაქმებელს, უთხარით, რას გრძნობდით ინტერვიუს დროს და ჰკითხეთ: როდის განიხილავთ ყველა კანდიდატს დამქირავებელ მენეჯერთან? კონკრეტული თარიღის ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ იგი ამ დროში არ დაგიკავშირდებათ, გამოდის, თქვენ ტოპ კანდიდატი არ ყოფილხართ…. ხოლო თუ ისინი თქვენთან ურთიერთობენ, სავარაუდოდ, მეორე ან მესამე კანდიდატი ხართ. მომავალ კვირას რამდენიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ — ამ პასუხის მოსმენის შემდეგ კი, თუ დრო ამოიწურება და დაქირავების მენეჯერს გადაწყვეტილება მიღებული ისევ არ ექნება, სავარაუდოა, რომ მან სამსახური სხვა კანდიდატს შესთავაზა და ახლა მისგან პასუხს ელოდება. თქვენ კი, სწორად ფიქრობთ, ამ დროს სარეზერვო სიაში იმყოფებით…

არ მიიღოთ დუმილი პირადად

თუ გასაუბრების პირველი ეტაპი, დამსაქმებელთან ინტერვიუ და ინტერვიუების კიდევ ერთი ეტაპიც გადალახეთ, მაგრამ პასუხი ვეღარ მიიღეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეზიუმე თქვენს გამოცდილებას აჩვენებს და თქვენი უნარებიც ძლიერია, მაგრამ ტოპ კანდიდატი არ ხართ… უარყოფა უფრო ძლიერი კანდიდატების არსებობის შედეგი შეიძლება იყოს და არა, რაიმე პირადული. მიუხედავად იმისა, რომ რეკრუტერთან გასაუბრება ყოველთვის კარგია, ის ხშირად პასუხს არ გიბრუნებთ თუ ტოპ კანდიდატი არ ხართ… ამასთან, ზოგიერთი დამსაქმებელი ურთიერთობებს ამყარებს, ზოგი კი არა… ამიტომ, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ, გაგრძელება და იმის აღნიშვნაა, რომ ეს თქვენთვის ისეთი სრულყოფილი სამსახური არ იყო, როგორზეც ფიქრობდით.

დუმილი ზოგჯერ იმაზე მეტსაც ამბობს, ვიდრე ჩვენი სიტყვები… ამიტომ, იყავით საკმარისად გაბედული იმისათვის, რომ ძლიერი კითხვები დასვათ, რათა გაიგოთ, სად იმყოფებით დაქირავების პროცესში. რაც მთავარია, მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ ინტერვიუს შემდეგ ეტაპზე გადახვალთ, სხვა სამსახურისთვის ვაკანსიების გაგზავნა არ შეწყვიტოთ მანამ, სანამ შეთავაზებას არ მიიღებთ და დაეთანხმებით მას.

წყარო: HBR



რატომ ეწინააღმდეგებიან ემპათიას?

ლონდონში გამოფენილია პრინცესა დიანას იშვიათი პორტრეტი