31 მარტს, ბათუმში, ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია ბიზნეს პრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლისა თუ ანალიზის საშუალებით, ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბარი.

„ტურისტერი“ „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ყოველწიურად ჩატარდება. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge
ფესტივალი კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე გაიმართება და მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ტურიზმის ფორუმი, საუბრები ტურიზმზე, რეგიონალური კულინარია და სტარტაპების გამოფენა.
„საქართველოში ბევრი უნდა ვისაუბროთ ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე. თუ ეს პრობლემები არ გავითავისეთ, გაგვიჭირდება მდგრად განვითარებაზე საუბარი. „ტურიზმის ინსტიტუტი“ კარგად გრძნობს ამ ვაკუუმს და მის შევსებას „ტურისტერის“ მსგავსი ღონისძიებებით ცდილობს“, – ამბობენ ორგანიზატორები.
მათივე თქმით, ფესტივალზე გამართული დისკუსიებით, კარგად გამოჩნდება ამ სფეროში არსებული სირთულეები – ფორუმი პანელურ დისკუსიებს მოიცავს, ექსპერტები ისაუბრებენ დარგში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე.
„ფორუმზე იმსჯელებენ სამ ძირითადი მიმართულებაზე: საკანონმდებლო რეგულაციები, ტურიზმის პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებები და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედება. შემდეგ კი დარგის სპეციალისტები ისაუბრებენ თემებზე: მარკეტინგი, კულტურა, მეწარმეობა, ანუ იმაზე, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ტურიზმს“,- ამბობს „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშვილი.
ფორუმის პარალელურად, კლუბში „ბოტანიკო“ ტურიზმის სფეროს სტარტაპების გამოფენა გაიმართება.
„ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოიძიონ პარტნიორები და კავშირი დაამყარონ თავიანთ ახალ ბიზნესწამოწყებებთან დაკავშირებით. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, გაეცნოს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს“, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
მათივე თქმით, „ტურიზმის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ფესტივალ „ტურისტერის“ სპონსორობით, სამომავლოდ, საუკეთესო იდეების დაფინანსებაც იგეგმება.
„სპონსორებთან შეთანხმებულნი ვართ საუკეთესო იდეების დაფინანსებაზე. ჩვენი ვებგვერდზე უკვე გამოცხადდა იდეების შეგროვების კონკურსი. შეიქმნება ერთგვარი იდეების ბანკი, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნობთ და, დაინტერესების შემთხვევაში, მათი კავშირი შედგება“, – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალ „ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება იქნება აჭარული სამზარეულოს „პრომოუშენი“.
„აჭარული სამზარეულო დიდი პოტენციალის მატარებელია, რომელსაც სწორად დანახვა და გამოყენება სჭირდება. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები“, – ამბობენ „ტურიზმის ინსტიტუტში“