12
Apr
2019

3-5 მაისს ექსპოჯორჯიაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

12 Apr 2019

3-დან 5 მაისის ჩათვლით გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა “Georgian Tourism Fair 2019″ ჩატარდება. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილონში დამთვალიერებლებს დახვდებათ: ახალი ტურისტული მიმართულებები, ფასდაკლებების ფესტივალი, საქართველოს ყველა კუთხე ერთ სივრცეში, სემინარები და უორქშოპები ტურიზმისა და მომსახურების სფეროზე. გამოფენის შესახებ უფრო დეტალურად Marketer.ge პროექტის მენეჯერს, თამარ კირვალიძეს გაესაუბრა:

M: თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო ამ გამოფენის ჩატარება?

ამ გამოფენის ჩატარების იდეა 20 წლის წინ გაჩნდა, პირველად სწორედ 20 წლის წინ გაიმართა. თუმცა, იდეა, რისთვისაც შეიქმნა ღონისძიება, თავიდანვე ნათელი იყო. გამოფენა უნდა ყოფილიყო და არის ტურიზმის ინდუსტრიის მხარდამჭერი ღონისძიება-პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას შეუძლია, წარმოაჩინოს და შესთავაზოს პროდუქცია და მომსახურება, ყველა დაინტერესებულ პირს, ასევე  ფართო საზოგადოებას. გარდა ამისა, ეს არის იდეალური ადგილი იმისათვის, რომ შეისწავლონ საქართველოში ტურიზმის  ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები და მიიღონ პირდაპირი წვდომა მონაწილეებთან და მომწოდებლებთან ტურიზმის სექტორიდან, საქართველოსა და მთელი მსოფლიოდან.

M: რა სეგმენტზეა გათვლილი გამოფენა?

გამოფენას ორი მიმართულება აქვს, B2B და B2C. ყველას ვისაც აინტერესებს, აღმოაჩინოს ახალი კომპანიები, სერვისები, პროდუქტები ან შეხვდეს დიდი ხნის პარტნიორებს, ასევე მათ, ვისაც აინტერესებს მსოფლიო ტენდენციების აღმოჩენა, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ მოსმენა, მოწვეული მენტორებისა და სპიკერების სადისკუსიო პანელებზე დასწრება, შეუძლიათ სამი დღის განმავლობაში ეწვიონ ექსპოჯორჯიას.

ადამიანები, რომლებიც საინტერესო მიმართულებების აღმოჩენას გეგმავენ და გამგზავრებას, გამოფენაზე მოსვლის შემთხვევაში კონკრეტული ტურების დიდი ფასდაკლებით შეძენას შეძლებენ.

M: რას მისცემს გამოფენა როგორც მასპინძლებს, ისე ვიზიტორებს?

ორგანიზატორებისთვის ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ტურიზმის მხარდაჭერაში და ტურიზმის კონკრეტული მიმართულებების გაძლიერებაში. ვიზიტორებისთვის ეს იქნება სივრცე ყველა სიახლის აღმოსაჩენად.

M: კონკრეტულად რა არის დაგეგმილი გამოფენაზე?

გარდა სტანდარტული ფორმატისა, გამოფენაზე დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, ფასდაკლების ფესტივალი, მასტერ კლასები.

გამოფენას სპეციალური ვიზიტით ეწვევიან “ბაერები” სხვადასხვა ქვეყნებიდან, ტურ ოპერატორების სახით, რომლებიც გეგმავენ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებას. გამოფენაზე მოეწყობა B2B სივრცე, სადაც თითოეული კომპანიისთვის იქნება კონკრეტული დრო გამოყოფილი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებისთვის.

3 დღის განმავლობაში, გამოფენისთვის სპეციალურად მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ ტურიზმის ყველაზე აქტუალურ თემებზე და საკითხებზე. ასევე, ონლაინ ჟურნალ მარკეტერის მხარდაჭერით ჩატარდება ტურიზმის მარკეტინგის სფოთლაითი. გამოფენაზე მოწვეულები იქნებიან დარგის პროფესიონალები და ექსპერტები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ეფექტურ და ხერხებზე ისაუბრებენ: როგორ ვმართოთ სასტუმრო, როგორ შევქმნათ მითები და ლეგენდები ჩვენი სერვისების შესახებ, როგორ შევქმნათ ბრენდი საოჯახო სასტუმროსგან…

გამოფენაზე გაიმართება ფასდაკლების ფესტივალი. სხვადასხვა ტურისტული კომპანიები და სასტუმროები ადგილზე მოსულ მომხმარებლებს შესთავაზებენ დიდ ფასდაკლებებს კონკრეტულ ტურებზე.

M: რა არის დაგეგმილი სამომავლოდ?

ექსპოჯორჯიას, კონკრეტული გეგმა აქვს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. გვსურს, რომ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდეს საქართველოში. მომავალ წელს იგეგმება ბაერების, ბლოგერების და ჟურნალისტების მოწვევა მსფოლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ისეთებიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოფენის ფარგლებში ყოველ წელს გაჟღერდება ყველა ახალი ინიციატივა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან. აქვე მოხდება ახალი მიმართულებებისა და პროდუქტების პირველად წარდგენა სხვადასხვა კომპანიების მხრიდან. ერთი სიტყვით, მომავალში აღნიშნული გამოფენა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფრომა ტურიზმის ინდუსტრიის კომპანიებისთვის, ნებისმიერი აქტივობის დასაგეგმად, საპრომოციოდ თუ უბრალოდ წარსადგენად.

[R]

განხილვა