არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ თურქეთში ყავა უფრო პოპულარულია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. ამ ქვეყანაში ჩაის არომატი მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე იგრძნობა. მის დასალევად ცუდი დრო თურქებისთვის არ არსებობს.
გარდა იმისა, რომ ჩაის დალევა აქ ყველას უყვარს, თურქეთში ის ერთგვარ კულტურადაცაა ჩამოყალიბებული, რადგან აქ ეს სასმელი სოციალურ გამოცდილებასთან ასოცირდება და სტუმართმოყვარეობის გამოხატულებაა.
თურქეთის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ბიჭებს ვერცხლის ჭურჭლით, რომლებიც ტიტების ფორმის, ჩაით სავსე ჭიქებს დაატარებენ. დიდი ბრიტანეთის ჩაის კულტურისგან განსხვავებით, რომელზეც ადრე გიამბეთ, აქ ჩაის რძითა და ლიმონით არ ამზადებენ, მთავარი ატრიბუტი, რომელსაც შეხვდებით, შაქრის კუბებია, რადგან თურქეთში ტკბილი ჩაი მოსწონთ. როდესაც რომელიმე მაღაზიაში შედიხართ, მეპატრონე აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩაის დალევას სტუმართმოყვარეობის ნიშნად.
მოკლე ისტორიული მიმოხილვა
თურქეთში ჩაი, როგორც მცენარე ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან არსებობს, მას დიდი მოხმარება არ ჰქონდა. სასმელმა პოპულარობა მეოცე საუკუნეში შეიძინა, როდესაც ოსმალეთის იმპერია დაეცა. ამ დროს ყავის ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ ხალხი ვეღარ ყიდულობდა. ფასის გარდა მისი შოვნა ხშირად შეუძლებელიც იყო. ათათურქი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლად მიიჩნევა, საზოგადოებას ჩაის დალევისკენ მოუწოდებდა, რომელიც თურქეთში მოჰყავდათ.
ამის შემდეგ, ჩაი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და მისი კულტურაც მკვიდრდება.
ბაჰჩეში
ქვეყნის უმრავლეს სოფელსა თუ ქალაქში იხილავთ ჩაის მშვენიერ ბაღებს, რომლებსაც ბაჰჩეში ეწოდება. ხშირად ოჯახური ან მეგობრული შეკრებები პირდაპირ ამ ბაღებში იმართება, სადაც სუფრაზე მთავარი ატრიბუტი, რა თქმა უნდა, ჩაია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაღში შესვლა ყველასთვისაა ნებადართული, იშვიათად შეამჩნევთ ბაჰჩეშის ბაღებში ქალებს. ძირითადად აქ კაცები მუშაობენ.
თურქეთის ყველა სოფელში ასევე შეხვდებით ჩაის სახლებს, რადგან ის მათთვის ისეთივე მნიშვნელობას ატარებს, როგორც ადგილობრივი ბაზარი.
თურქული ჩაის მომზადების თავისებურება
იმისთვის, რომ ნამდვილი თურქული ჩაი მომზადდეს, აუცილებელია სპეიალური ჭურჭელი, Çaydanlik ეს არის ერთმანეთზე დაწყობილი ორი ქოთანი. აქედან პირველში ჩაის ფოთლები და სულ ცოტა წყალია მოთავსებული, ხოლო მეორე წყლითაა სავსე.
როდესაც ქვედა ქოთანში წყალი დუღდება, ის ნახევრად უნდა ჩაისხას ზედა ფოთლებთან, საიდანაც საწურით ჩამოესხმევა ჭიქებში. შემდეგ კი დარჩენილ წყალს ამატებენ.
თურქებს ცხელ-ცხელი ჩაის დალევა უყვართ. მას, როგორც წესი, პატარა და ვიწრო მინის ჭიქებში ასხამენ. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეს ჭიქები წელიწადში 400 მილიონამდე რაოდენობისა იყიდება თურქეთში.
ჩაის სმა სახლში
როგორც უკვე ვთქვით, სტუმართმოყვარეობა თურქული კულტურის დამახასიათებელი ნიშანია. აქ ყველა ოჯახს აქვს ზემოთ ნახსენები Çaydanlik და ყველა სტუმარს, პირველ რიგში, ჩაის სთავაზობენ. ეს თურქი ხალხისთვის იმის გამოხატულებაა, რომ სტუმრის მოსვლა გაუხარდათ და არ უნდათ, რომ ის მალე წავიდეს. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სტუმარს შეუძლია მასპინძელს თავაზიანად მიუთითოს, რომ უკვე საკმარისი ჩაი დალია. ამისთვის უბრალოდ საჭიროა ჭიქაში კოვზის ჩადება.
თურქეთი მრავალფეროვანი ტკბილეულითაც ცნობილი ქვეყანაა, ამიტომ ჩაისთან ერთად შესაბამისი თურქული დესერტებიც თითქმის ყოველთვის აქვთ ოჯახში.
წარმოება და მოხმარება
თურქეთი მსოფლიოში ჩაის მწარმოებელი ქვეყნების ხუთეულშია, რომელიც აწარმოებს მსოფლიოს ჩაის დაახლოებით 6-დან 10 პროცენტს. მისი უმეტესი ნაწილი კი თავად თურქეთშივე მოიხმარება.
რეგიონი, სადაც თურქული ჩაი მზადდება, საქართველოს საზღვრის დასავლეთით მდებარეობს.
ჩაის მოხმარება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია მიღებული, თუმცა გამოყოფილი საათებიც არსებობს, მაგალითად: შუადღის სამიდან ხუთ საათამდე. ამ პერიოდში ჩაის მიირთმევენ მარილიან-შაქრიანი ორცხობილებით ან სხვა თურქული ნამცხვრებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო ადგილებს თურქეთში ოფიციალურად მოეთხოვებათ ორი ჩაის შესვენება დღის განმავლობაში.
თურქეთში ჩაის ყველაზე გავრცელებული სახეობებია: მუქი შავი ჩაი, წითელი და სუსტი ფერის ჩაი.
როგორც ვნახეთ, თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც სხვა მრავალ საინტერესო ფენომენთან ერთად, ჩაის თავისებურ, განსხვავებულ ტრადიციებსაც მოიცავს. თუკი ამ აზიურ-ევროპული სპეციფიკის, ულამაზეს ქვეყანაში მოხვდებით და ჩაი შემოგთავაზეს, გაითვალისწინეთ, რომ უარი არ უნდა უთხრათ, რადგან ეს თურქეთში დიდ შეურაცხყოფად ითვლება და შეიძლება ძალზე გაანაწყენოთ ისინი.
რუბრიკის წარმდგენია მანნა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი