5
Nov
2018

ტუსა ღარიბაშვილის ურბანული და კოსმოსური ვენახები

5 Nov 2018

ურბანული მეურნეობის მიმართ ინტერესი, დღითიდღე იზრდება. როგორც საფრანგეთის დემოგრაფიული კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, 2050 წლისთვის, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა სამჯერ გაიზრდება და 10 მილიარდს მიაღწევს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ასეთ ვითარებაში, დასამუშავებელი მიწის დეფიციტი შეიქმნება და კლასიკური სახით, მეურნეობის წარმოება, თითქმის, შეუძლებელი გახდება. სწორედ ამიტომ, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და იაპონია მაქსიმალურად ცდილობენ ურბანული მეურნეობის ხელშეწყობასა და განვითარებას. თუ ცოტა ხნის წინ, საქართველოში, ამ სფეროზე ბევრს არაფერი სმენოდა, დღეს სტარტაპერი, Urban Greens-ის დამფუძნებელი ტუსა ღარიბაშვილი უკვე კოსმოსური ვენახების გაშენებაზე საუბრობს:

„იანვარში, სასტუმრო „სტამბაში“, მომავლის სათბურს ვხსნით. ეს არის ვერტიკალური მეურნეობა დახურულ სივრცეში. შევიკრიბეთ საინიციატივო ჯგუფი და შევთანხმდით, რომ მომავლის სათბურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ვაზი იქნებოდა. საქართველო ხომ ღვინის უძველესი ქვეყანაა, რატომ არ შეიძლება, ღვინის მომავლის ქვეყანაც იყოს?! თუ პერუში, მარსის მსგავს ნიადგზე სცადეს კარტოფილის მოყავნა და დაადასტურეს, რომ ეს შესაძლებელია, რატომ არ შეიძლება ჩვენს ვერტიკალურ სათბურში, მარსიდან ჩამოტანილი სიმულაციური მიწით და შესაბამისი ხელოვნური პირობების შექმნით, ვაზის ჯიშები გავახაროთ? ამ უპრეცედენტო პროექტის საინიციატივო ჯგუფში ჩვენს გარდა, სასწავლო დაწესებულებები, ლაბორატორიები, სხვადასხვა სპეციალისტები არიან და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.“

მისი აზრით, როცა ქვეყანაში ამ მასშტაბის პროექტი ხორციელდება, მის მიმართ ინტერესი ნამდვილად გაიზრდება:  „მაშინ როდესაც ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნები ძალიან სერიოზულად ეკითხებიან მარსის ნიადაგის ათვისების საკითხს, რატომ არ უნდა იყოს მათ შორის საქარველო?!“

© Lashafox

ტუსა ღარიბაშვილი ამჟამად, ურბანულ მეურნეობასთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტს უძღვება. სურს, რომ ქალაქში, დაცულ გარემოში მოიყვანოს ჯანსაღი პროდუქტი, ქიმიკატებისა და პესტიციდების გარეშე.

ყველაფრის დასაწყისი მისი პირველი სტარტაპი იყო – Urban Greens. მანამდე ამ სფეროში არასოდეს უმუშავია, არც აგრონომიული განათლება აქვს. ფსიქოლოგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტების დამთავრების შემდეგ, საბანკო სექტორში მუშაობდა, იყო ერთ-ერთი კომპანიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დღეისთვის კი, უკვე, ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცა გუნდთან ერთად: თურმე, შესაძლებელია ქალაქში გქონდეს მეურნეობა და ამისთვის დიდი ტერიტორია სულაც არ არის აუცილებელი. თანაც, ტრანსპორტირების დროს საკვები პროდუქტები საუკეთესო თვისებებს კარგავს. ამიტომ, თვლის, რომ მეურნეობის ქალაქში გაშენება საუკეთესო გამოსავალია.

POPXSpotlight-ზე Urban Greens-ის დამფუძნებელი ტუსა ღარიბაშვილი კოსმოსური ვენახების გაშენებაზე ისაუბრებს. სათქმელი, ნამდვილად, ბევრი აქვს… და ამ სათქმელის ნაწილს დღეს „მარკეტერი“ შემოგთავაზებთ:

© გიორგი მიქელაძე

M: სანამ კოსმოსურ აგრო კულტურაზე გადავალთ, Urban Greens-ის ამბით დავიწყოთ…

სულ მქონდა ინტერესი, რაღაც განსხვავებული შემექმნა, ოღონდ ძალიან კარგად უნდა მცოდნოდა ეს საქმე. არ მინდოდა, უბრალოდ ინვესტიცია ჩამედო, სხვას ემუშავა და მე ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. სურვილი მქონდა, საკუთარი ხელით ამეშენებინა, დამერგო, მთელ პროცესში ვყოფილიყავი ჩართული. კულინარიულ წრეებში ბევრი მეგობარი მყავს. პირველად მათგან გავიგე მიკრო მწვანილის შესახებ. მივხდი, ეს იყო, რაც მჭირდებოდა და გავაკეთეთ პირველი სტარტაპი Urban Greens. მომხმარებელს, იმ დროისთვის, განსხვავებული და საინტერესო პროდუქტი, მიკრო მწვანილი შევთავაზეთ. სატესტო 10 კვ/მ-დან  დავიწყეთ, მალე პროდუქტი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ინვესტიცია ჩავდეთ და ახლა 110 კვ/მ-ზე მოგვყავს ხილი და ბოსტნეული. დღეს ბაზრის ლიდერები ვართ, „ჰორეკას“ სექტორს (სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი), ძირითადად, ჩვენ ვამარაგებთ.

M: Urban Greens-ის შემდეგი ნაბიჯი რა იყო?

მომავლის, ანუ ვერტიკალური სათბურის იდეამ შემიპყრო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმდენად, მოცული ვიყავი, ყველაფერი გავაკეთე მიზნის მისაღწევად და აი, 2019 წლის იანვარში, სასტუმრო „სტამბაში“ ვხსნით ვერტიკალურ სათბურს. ეს არის ვერტიკალური მეურნეობა დახურულ სივრცეში. ზოგადად, ბოსტნეულისა და ხილის მოყვანის აღნიშნული მეთოდი ძალიან აქტუალურია მსოფლიოში. მეცნიერების თქმით, დაახლოებით, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა გასამმაგდება. კლასიკური მეურნეობისთვის, უბრალოდ, აღარ იქნება საკმარისი მიწა. ისეთმა წამყვანმა ქვეყნებმა, როგორიც დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ამერიკაა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან დაიწყეს ვერტიკალური სათბურების გაშენება. ზუსტად ეს არის გამოსავალი. დახურულ სივრცეში მეურნეობის წარმოებას უამრავი უპირატესობა აქვს: მცირე ფართობზე მოგყავს ბევრი პროდუქტი, არ გიფუჭდება, რადგან ზუსტად გაქვს გათვლილი მოსავლიანობა, – აწვდი იმ რაოდენობის სინათლესა და ტემპერატურას, რაც საჭიროა, არ ხარ დამოკიდებული სეზონზე ან გარემო პირობებზე, მოგყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, იყენებ 70%-ით ნაკლებ წყალს, არ გაქვს ქალაქში ტრანსპორტირების პრობლემა, წლის მანძილზე რამდენჯერმე იღებ მოსავალს. ამიერკავკასიაში პირველი იქნება ასეთი დონის დახურულ კონტროლირებად სივრცეში აწყობილი მეურნეობა.  შესაძლოა, პირველადი ინვესტიცია დიდი იყოს, მაგრამ ეტაპობრივად, იმდენი სარგებელი აქვს, ვფიქრობ, აუცილებელია, ასეთი მეურნეობის ქალაქში გაშენება.

© გიორგი მიქელაძე

 M: რით განსხვავდება ვერტიკალური სათბური ჩვეულებრივი ურბანული მეურნეობისაგან და რის მოყვანაა შესაძლებელი?  

აქ ყველაფერი პროგრამული უზრუნველყოფით იმართება. სპეციალური სენსორები თავად ადგენს მცენარეებისთვის ჰაერის, საკვების, განათების მიწოდების ინტენსივობას. მუშაობისას სპეციალური ტანსაცმელი გაცვია და სათბურში  ბაქტერიები არ ხვდება. ძირითადად, იმ პროდუქტების მოყვანას ვაპირებთ, რომლებიც საქართველოში სეზონურად მოდის და წელიწადის გარკვეულ მონაკვეთში, უცხოეთიდან შემოაქვთ. მაგალითად, მარწყვი, ბაზილიკი და ა.შ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, დეფიციტური პროდუქტების მოყვანასაც, რომელსაც, ძირითადად, შეფ – მზარეულები იყენებენ.

M: ანუ თვლით, რომ მეურნეობის მომავალი მთლიანად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული?

მის გარეშე ვერ განვვითარდებით.ზუსტადაც რომ ინოვაციაა მეურნეობის მომავალი. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიების განვითარებას და ის გავაკეთოთ, რასაც მოწინავე ქვეყნები აკეთებენ.

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა