წარმატებულ ქალებზე არაერთხელ მოგვიყოლია, ბევრი ჯილდოც ერთად გვიზეიმია და გამარჯვებაც. თუმცა, რადგან მარტი ქალების თვეა, ახლა შესანიშნავი დროა მათთან პირდაპირ სასაუბროდ, რათა გავიგოთ, რა შექმნეს, რა შეცვალეს, რა შეცდომები დაუშვეს და რას გვირჩევენ დღეს… სწორედ ამიტომ, მარკეტერი წარმატებულ ქართველ ქალ მეწარმეებსა და ხელოვანებს დაუკავშირდა. მათ შორისაა ტუსა ღარიბაშვილი, Space Farms-ის მმართველი დირექტორი და Spots by SpaceFarms-ის დამფუძნებელი, დანარჩენი კი, მოდით, ერთად გავიგოთ:
M: ტუსა, რამდენიმე სიტყვით გაგვაცანით თქვენი სტარტაპი და გვითხარით, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ბიზნესის წამოწყებისას…
Spots by Space Farms არის მოდულური, კომპაქტური ფერმების ქსელი, რომელიც დისტანციურად იმართება და უკვე განთავსებულია თბილისის სხვადასხვა წერტილში – რესტორნებში, სასტუმროებში, შოურუმებსა თუ გამაჯანსაღებელ სივრცეებში. Space Farms კი პირველი შიდა ვერტიკალური ფერმაა საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრში, სასტუმრო სტამბას შენობაში მდებარეობს. ჩვენი ფერმები ყოველდღიურად აწარმოებს ახალ ბოსტნეულსა და მიკრომწვანილებს, რომლებიც კაფე Stamba-სა და Rooms-ს მიეწოდება.
ამ სტარტაპის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დავინახე, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ურბანულ ფერმერობას ქალაქებში, სადაც ხარისხიანი, ადგილობრივი პროდუქტების მიწოდება გამოწვევაა. მინდოდა, შემექმნა რაღაც, რაც არამხოლოდ ინოვაციური იქნებოდა, არამედ რეალურად სასარგებლო როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
ამგვარად, Spots by Space Farms არამხოლოდ ინოვაციური პროექტია, არამედ რეალურად ცვლის მომხმარებელთა გამოცდილებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სისტემა, სადაც რესტორნები, სასტუმროები და გამაჯანსაღებელი სივრცეები მარტივად შეძლებს მაღალი ხარისხის, ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტების მიღებას, რაც მათ მომხმარებლებს უპირატესობას სძენს.
M: როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება „ქალი დამფუძნებლის“ სტატუსმა?
„ქალი დამფუძნებლის“ როლი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამ პროცესმა გამაძლიერა, როგორც ლიდერი და დამეხმარა ჩემი ხედვის რეალიზებაში. ყველაზე მეტად კი იმიტომ მაძლევს მოტივაციას, რომ სხვა ქალებსაც ვაჩვენო – სტარტაპეკოსისტემაში ადგილის დამკვიდრება და წარმატება რეალურად შესაძლებელია.
M: როგორ ფიქრობთ, რა იყო/არის თქვენი წარმატების გასაღები?
ჩემი წარმატების მთავარი ფაქტორებია ინოვაციური ხედვა, შრომისმოყვარეობა და მუდმივი განვითარება. ვფიქრობ, ჩემი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ვაძლევ ტრადიციულ სფეროებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას.
M: გვესაუბრეთ შეცდომაზე, რომელიც დიდი გაკვეთილი გამოდგა თქვენი სტარტაპისთვის…
სტარტაპის დასაწყისში გარკვეული შეცდომები დავუშვი, განსაკუთრებით რესურსების გადანაწილებასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში. მაგალითად, ხანდახან ძალიან სწრაფად ვიღებდი გადაწყვეტილებებს, რის გამოც ოპტიმალური შედეგის მიღწევა რთული ხდებოდა. თუმცა, ამ შეცდომებმა მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად გაანალიზებული, გააზრებული მიდგომა და მოქნილობა ბიზნესის მართვისას. საბოლოოდ, ყველა ამ გაკვეთილმა კიდევ უფრო გამაძლიერა.
M: ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ ქალებისთვის სტარტაპეკოსისტემაში, რა იქნებოდა ეს?
არასდროს შეგეშინდეთ გამოწვევების! სტარტაპის შექმნა სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ თქვენი იდეის გჯერათ, აუცილებლად უნდა მისცეთ მას შანსი. იყავით გამბედავი, არ შეწყვიტოთ სწავლა და ყოველთვის ეძებეთ ინოვაციური მიდგომები. სტარტაპეკოსისტემა ძალიან საჭიროებს ქალების ახალ იდეებსა და ენერგიას.
ასევე, არ დაგავიწყდეთ – მომხმარებელი ყოველთვის პრიორიტეტია. რაც უფრო კარგად გაიგებთ თქვენი მომხმარებლების საჭიროებებს და შესთავაზებთ მათ ღირებულებას, მით უფრო დიდი იქნება თქვენი სტარტაპის წარმატების შანსი.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი