21
Aug
2019

ტუშე – ქართული ანბანის მოტივებზე შექმნილი აქსესუარები

21 Aug 2019

Startauperi
Startauperi


ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე აქსესუარების ახალი ბრენდი – “ტუშე” გამოჩნდა. იგი ქართული ანბანის მიხედვით შექმნილ სამკაულებს აერთიანებს და მას იკო ხუცაიძე უძღვება. ტუშეს შექმნის იდეა დიდი ხნის წინ დაებადა, თუმცა, სულ რამდენიმე თვეა მასზე მუშაობა დაიწყო. ბრენდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ იკოს გავესაუბრეთ:

M: როდის დაიწყეთ „ტუშეზე“ მუშაობა და საიდან გაჩნდა ეს იდეა?

„ტუშეზე“ მუშაობა ორ თვეზე მეტია დავიწყე, მაგრამ იდეა გაცილებით დიდი ხნის წინ გაჩნდა. ბავშობიდან მომწონს ქართულად წერის პროცესი და, ვფიქრობ, კალიგრაფიაც მიწყობს ხელს. სადაც ფურცელი მქონდა, სულ რაღაცას ვწერდი და ვცდილობდი, ყოველ ჯერზე უკეთესი გამოსულიყო ფორმები. ასევე, ძალიან ადრე გამიჩნდა მინიმალისტური აქსესუარების მიმართ ინტერესი და ყოველთვის მინდოდა, ქართული შტრიხი შემეტანა თანამედროვე ფორმებში.

M: როგორია ბრენდის კონცეფცია? კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბრენდის შექმნიდანვე კონცეფცია იყო ქართული პროდუქტის გაკეთება, რომელსაც შეეძლებოდა კონკურენციის გაწევა სხვა, თანამედროვე აქსესუარების ბრენდებისთვის. ასევე, იგი უნდა ყოფილიყო საინტერესო, როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე – უცხოელი ტურისტებისთვის, რომელთათვისაც ეს ფორმები თავის მნიშვნელობას ატარებენ.

M: რა მასალისგან და რა ტექნოლოგიით მზადდება თქვენი აქსესუარები?

ამ ეტაპზე აქსესუარები მზადდება ყველაზე მაღალი ხარისხის ვერცხლისგან – რომელიც არის 925 სინჯი, ასევე შეკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია ოქროსგან დამზადებაც.

M: დღესდღეობით ბაზარზე საკმაოდ ბევრი აქსესუარების ბრენდია, თქვენი ბრენდი რით არის გამორჩეული? 

დღეს ძალიან რთულია გაგება, თუ საიდან მოდის კონკრეტული ფორმა აქსესუარებში, ანუ ვის ეკუთვნის მისი იდეა. ასევე, დიდი ადგილი უკავია პლაგიატს დღევანდელ ბაზარზე, მეტწილად ისე ხდება, რომ აქსესუარების ბრენდების უმეტესობას არ გააჩნიათ საკუთარი ხელწერა და მათი პროდუქციის უმეტესი ნაწილი ერთი და იგივეა  – სხვაობა მინიმალურია ან საერთოდ არ არის.

“ტუშე“ მომხმარებელს სთავაზობს აქსესუარების ფორმებს, რომლებიც სათითაოდ არის ხელით დახატული და მისი ავთენტურობა ადვილად შესამჩნევია.

M: რატომ „ტუშე“?

იდეა მოვიდა მაშინ, როცა მელნით ასოების ფორმებს ვაკეთებდი. Tusche გერმანულად მელანია, მაგრამ სიტყვის ორმაგი მნიშვნელობა უფრო მომწონს, რომელიც მას ქართულში აქვს (ტუშე – თითოეული პიანისტისათვის კლავიშზე თითის დაკვრის დამახასიათებელი მანერა) შესაბამისად, ინსტრუმენტი ერთია, ხოლო როგორ აკეთებ ამას – მეორე.

M: რა სირთულეებს წააწყდით პროდუქტზე მუშაობისას?

პროფესიით ვარ არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი და ძალიან დიდი დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ამ სფეროში ხარისხიანი პროდუქტი შექმნა. „ტუშეს“ შექმნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, თანაც მაშინ მომიწია მასზე მუშაობა, როცა თითქმის არც მქონდა დრო, მაგრამ სურვილი და მონდომება იმდენად დიდი იყო, რომ ბოლომდე მივიყვანე და ახლა უფრო მშვიდად ვაგრძელებ ახალი პროდუქტის შექმნას.

M: რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბრენდი? 

„ტუშე“ არის ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვისაც უნდა, რომ რაღაცით გამორჩეული იყოს. მეტწილად მომხმარებლები მათი სახელების პირველ ასოებს ირჩევენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფორმას უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე მის მნიშვნელობას. ჯერჯერობით აქსესუარებს მხოლოდ ქალები ყიდულობენ, მაგრამ აუცილებლად ექნება „ტუშეს“ ისეთი უნივერსალური ფორმები, რომლებზეც ვერც კაცები იტყვიან უარს.

M: რა ეტაპზეა ამჟამად ტუშე?

„ტუშე“ ახლაც ითვლება ახალ შექმნილ ბრენდად, რომელსაც უკვე აქვს თავის ნიშა აქსესუარების ბაზარზე, მაგრამ ძიების პროცესი არის მუდმივი და არ შეწყდება, ამიტომ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პროდუქტი არ იქნება ერთფეროვანი და ყოველ მომდევნო კოლექციაში შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა აღმოჩენებიც გააკეთოს.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მომავალში შეიქმნება, იქნება აუცილებლად ქართული შტრიხებით, რა თქმა უნდა ქართული დამწერლობა მხოლოდ ამ კოლექციაში იქნება გამოყენებული და მომდევნო პროდუქტებში სხვა ახალ და, რაც მთავარია, ქართულ იდეას ვნახავთ. ჯერჯერობით „ტუშე“ აქსესუარების ბრენდია, მაგრამ შესაძლებელია ძიების პროცესმა განსხვავებული პროდუქტის შექმნის იდეაც მოიტანოს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა