in

„თუთა” – ტექსტილის ქართული ტრადიციული სახელოსნო ასპინძაში

Startauperi
Startauperi

„ამ საქმისთვის ვარ, მემგონი, ჩემი მისია ეგ არის“ – პროფესიით ფსიქოლოგი ეკატერინე გვარამაძე სამცხე-ჯავახეთში, დაბა ასპინძაში სკოლა-სახელოსნო „თუთას” დამფუძნებელია და ოჯახურ ტრადიციას – ტექსტილზე მუშაობას – დედასთან ერთად აგრძელებს, უკვე 9 წელია. ამ დროის განმავლობაში, უფასოდ შეასწავლა მსურველებს ტექსტილის დამუშავების ყველა საიდუმლო: „ვქსოვთ მესხურ ხალიჩებს, ვქარგავთ ჯვრითა და წყლით, ოქრომკერდით, ვკერავთ სამოსს, საეკლესიოსაც, ვკერავთ ხევსურულ ტალავარებს, ვამზადეთ ყანწებს, სამკაულებს, ქუდებს, ყაბალახებს, ფაფანაკებს, სანაწილეებს“. სახელოსნოს იურიდიული სტატუსი, დაახლოებით, ორი წელია მიენიჭა. მარკეტერი ესაუბრა ეკატერინე გვარამაძეს საქმიანობის სპეციფიკაზე.



M: ეკატერინე, რატომ გადაწყვიტეთ, სკოლა-სახელოსნოსთვის დაგერქმიათ „თუთა“?

ბებიაჩემი იმდენად ტკბილი ქალი იყო, რომ შეარქვეს თუთა. მესხეთის თუთას აქვს ისეთი მაღალი სიტკბოება, ანუ მზე ისე ამწიფებს, რომ თუთის წვენიდან მიიღება ბაქმაზი, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ასევე, მთელი წლის განმავლობაში, 40 ტონის ბუნებრივ ფერს- მწვანეს ვიღებთ მარტო თუთის ფოთლისგან. მეც თუთას მეძახდნენ ბებოს სიყვარულითა და ოჯახის ტრადიციული საქმიანობის გაგრძელებით.

M: სად არის თქვენი სამუშაო სივრცე, რა მასალას იყენებთ და ვინ მუშაობთ?
ჩემი სახლის მისამართზე მაქვს სახელოსნო. დღეის მონაცემებით, 36 ადამიანია ოსტატიან-შეგირდიანად: შშმ პირები, პენსიონრები, მოსწავლეები, მრავალშვილიანები… ჩემთან ეზოში ვამუშავებთ თექას, დედაჩემი ფარდაგ-ხალიჩების კეთებას ასწავლის. შშმ პირებთან თვითონ მივდივარ და ვუხსნი, რა და როგორ უნდა გააკეთონ. რაც შეეხება მასალას, ვღებავთ ბუნებრივი მასალებით: ქვის ხავსი, ცოცხის თესლი, კაკლის წებო და ა.შ  ვცდილობ, ტრადიციული ორნამენტი და ფერი დავიცვა.

M: სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზაცია?
ვყიდით ყველგან, ინტერნეტით, პირადად ვავრცელებ, „არტ გენზე“, მეგობრებში.

M: რა მიმართულებით გინდათ, რომ განვითარდეთ?
სკოლამ და სწავლების პროცესმა, ამ ეტაპზე, თავი ამოწურა. ვასწავლე ყველაფერი, რისი სწავლებაც შეიძლებოდა, ახლა ამ ცოდნას რეალიზება უნდა გავუკეთოთ და ამისთვის გვჭირდება კარგი ტექნიკური აღჭურვილობა, დაზგა-დანადგარები, რომ შევქმნათ გაყიდვადი პროდუქტი. გვინდა ნაკვეთის შეძენა, რომელზეც ავაშენებთ სახლს ერთ სართულზე ყველა საჭირო ოთახით, სველი წერტილებით, სახელოსნოს სრული აღჭურვილობითა და ადაპტაციით, მაღაზიით. იქნება სოციალური კაფე, სადაც შშმ პირები იმუშავებენ და სახელოსნო, სადაც  გარემო ამ ადამიანებზე იქნება მორგებული.

ის, რაც სამყაროს ახლა სჭირდება, სიყვარულია – Hyatt–ის ემოციური რგოლი ოსკარისთვის

ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიება კავკასიაში – HR Reborn