თიბისის წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებას მნიშვნელოვანი სიახლე შეემატა. ღონისძიებას, რომელიც უკვე ათწლეულია ქართველ ბიზნესს აკავშირებს და მათი წარმატების მაგალითებს ავრცელებს, მეცხრე დაჯილდოებაზე ახალი ნომინაცია – „წლის საუკეთესო ფრილანსერი“ – დაემატა. ღონისძიების მედია პარტნიორი გახლავთ Marketer.ge.
ასეთი კატეგორიის გაჩენა სულაც არ არის შემთხვევითი. თანამედროვე შრომით ბაზარზე უფრო მეტი პროფესიონალი ემშვიდობება ტრადიციულ „ოფისურ“ სივრცეს და თავისუფალ კარიერულ გზას ირჩევს. ეს მიმართულება საქართველოშიც მკაფიოდ იკვეთება, რაც სწორედ ახალი ნომინაციის დაჯილდოებაში ჩართვის საფუძველი გახდა.
რატომ არის აქტუალური და მნიშვნელოვანი ახალი კატეგორია თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე? ამ დეტალებზე Zoommer-ის მარკეტინგისა და ბრენდის დირექტორს, თუთიკო მუჯირს ვესაუბრეთ, რომელმაც ახალი ნომინაცია შეაფასა და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმ ფრილანსერზეც მოგვითხრო, ვის წარდგენასა და გამარჯვებასაც ამ კატეგორიაში ისურვებდა.
M: როგორ შეაფასებ ბოლო წლებში ფრილანსერად მუშაობის კულტურის განვითარებას?
ყველამ ვიცით, რომ ბოლო წლებში სამუშაო ეკოსისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც თავის მხრივ მისმა დივერსიფიკაციამ, ტექნოლოგიების და ფრილანს პლატფორმების ექსპონენციურმა ზრდამ, გეოგრაფიული საზღვრების მოშლამ, კოვიდის პერიოდში ჩამოყალიბებულმა ჩვევებმა და კორპორაციული დღის წესრიგით გადაღლილობამაც გამოიწვია.
შესაბამისად, ვფიქრობ, შრომის ეკონომიკაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ კარიერული ლანდშაფტის მორიგ განვითარებასთან, არამედ სრულმასშტაბიან რევოლუციასთან, რასაც ცხადია, ლოკალურადაც დიდი რყევები შემოაქვს კორპორაციულ ცნობიერებასა თუ აქამდე მასთან დაკავშირებულ ღრმად გამჯდარ პროფესიულ რწმენებში.
მოქნილი თავისებურებებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი პროფესიონალი ირჩევს დამოუკიდებელ მუშაობას, რაც აფართოებს ფრილანს მარკეტს და მისი ათვისების პერსპექტივას ბიზნესების მხრიდან, რამდენადაც ეს სპეციალიზირებული და კონკრეტული საჭიროებებით განსაზღვრული ურთიერთობა საკმაოდ პრაქტიკულს ხდის გარკვეულ პროცესებს. თუმცა ობიექტური რეალობის ასახვისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, ამ შედარებით ახალ გარემოებას შესაძლებლობებთან ერთად, სამუშაო მოდელების გადააზრება და უამრავი გამოწვევა ახლავს თან. მზარდი დინამიკის შესანარჩუნებლად და პერსპექტივის მაქსიმალურად ასათვისებლად კი – ორმხრივი, ინტენსიური მუშაობა და შემდეგ, დაკვირვებაა საჭირო.
ფრილანსერებმა – მკაფიო ექსპერტიზის განვითარებასთან და ბრენდის/ბიზნესის საჭიროების/ამოცანების გასიგრძეგანებასთნ ერთად, მნიშვნელოვანია გამოიმუშვონ თვითდისციპლინისა და თვითორგანიზებულობის უნარები, რამდენადაც გამოცდილების დაგროვების გზაზე დიდია იმაზე მეტი პროექტის ერთდროულად მართვის ცდუნება, ვიდრე ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. გარდა ამისა, დასაქმების ფორმიდან და თავად სახელწოდების წარმომვლობიდან [“free lance”], ხშირია პასუხისმგებლობის კონტურების არასაკმარისი გავლება.
ბიზნესებმა – ვფიქრობ, უფრო თამამად უნდა დაძლიონ ტრადიციული სამუშაო მოდელების გარღვევის შიში და დისტანციური პროცესების მიმართ უნდობლობა, ამით კი მოახდინონ საჭიროების შესაბამისი რესტრუქტურუზაცია პროცესებში და გლობალური ტენდენციების კვალდაკვალ შექმნან გრძელვადიანი, სტაბილური და მრავალწახნაგოვანი ურთიერთობის ფორმები სამუშაო ეკოსისტემაში.
M: როგორ შეაფასებ ამ ნომინაციასა და მის მნიშვნელობას?
ვფიქრობ, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ეს დებიუტანტი ნომინაცია საქართველოში მნიშვნელოვნად შეცვლის ფრილანს სამუშაო კულტურაზე წარმოდგენებს, და ადამიანების პროფესიული აღიარების მიღმა, დასაქმების ამ ფორმატის სწორად დაპოზიციონირებას და განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც ავტომატურად გამოიწვევს შრომის ეკონომიკაში თამაშის წესების ორივე მხრიდან გადახედვას.
ნომინაციის შეფასების კრიტერიუმები ერთიორად გაზრდის ფრილანსერის სტატუსის ტარების და ბიზნესის მხრიდან ამ შესაძლებლობის სწორად გამოყენების პასუხისმგებლობას, რამდენადაც მუშაობის უწყვეტ და მრავალმხრივ გამოცდილებასთან ერთად, ხელშესახები ღირებულების შექმნას და აღიარებებს ექცევა ყურადღება. ეს მიდგომა, ფრილანსერებში მუდმივად სწავლა-განვითარების, პრიორიტეტების კლასიფიკაციის, საკუთარი ენერგიის ჯანსაღად მართვა-განაწილების უნარების ჩამოყალიბების, ბიზნესებში კი – სანდო და გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარების სურვილს გაამძაფრებს.
ვფიქრობ, საკითხის ამგვარად ფოკუსში მოქცევა, აუცილებლად გამოიწვევს ახალი ისეთი სახეების გამონათებას და „გამოაშკარავებასაც“, რომლებიც სხვა პრიორიტეტებიდან თუ საზრუნავებიდან გამომდიანარე [შვილი, სწავლა თუ სხვა] ნაკლებად ხედავდნენ საკუთარ ადგილს სხვადასხვა სამუშაო ფორმატებში, რაც ამ ნომინაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქნება დასაქმების გარემოზე.
M: ვის მოიაზრებ, ვინ არის შენთვის საუკეთესო ფრილანსერი, რომელიც ამ ნომინაციაში იმსახურებს წარდგენას და რატომ?
რა ფორმატშიც და რა პლატფორმაზეც არ უნდა მომიწიოს საუბარი, ყოველთვის დაუღალავად აღვნიშნავ – პატარა, მაგრამ ნიჭიერი ხალხით სავსე ქვეყნა ვართ. საბედნიეროდ, პირადად მეც ბევრნაირ ფორმატში განსხვავებულ საჭიროებებზე მიმუშავია ნათელი გონების ფრილანს ადამიანებთან და ასევე დავკვირვებივარ მათ სხვა ნამუშევრებსაც. ამის გათვალისწინებით, ფორმატიდან გამომდინარე მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ:
გიორგი ოკმელაშვილი – რეჟისორი და კომპანია „ლიმონის“ თანადამფუძნებელი. ქმნის ინოვაციურ ვიდეოპროექტებს ბრენდებისთვის და საზოგადოებრივი კამპანიებისთვის. საქართველოში პირველმა დანერგა ვირტუალური პროდაქშენი. მისი ვიდეოები გამოირჩევა ემოციური თხრობითა და ვიზუალური სტილით. მიღებული აქვს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდო შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისათვის.
სალი ნიკოლაიშვილი – სენიორ არტ დირექტორი და ილუსტრატორი, მრავალწლიანი გამოცდილებით შემოქმედებით ინდუსტრიაში . მუშაობდა საქართველოს წამყვან სააგენტოებში: JWT METRO, Holmes & Watson და Windfor’s Tbilisi. ამჟამად ფრილანსერია. მას აქვს გამოცდილება ვიზუალური კონცეფციების შექმნაში კომერციული და საჯარო კამპანიებისთვის. ასევე, commschool-ში, მომავალ არტ დირექტორებს პროფესიულ ჩამოყალიბებაში ეხმარება.
გიორგი ქუცა რუხაძე – გამოცდილი ფრილანს ქოფირაითერი და ტრენერი, მრავალწლიანი გამოცდილებით. მის ნამუშევრებს მრავალი წლის განმავლობაში ხვდებით სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში. HOLMES & WATSON-ში მუშაობს შემდეგ, ქოფირაითინგის მიმართულებით დამოუკიდებლად განაგრძობს მუშაობას. ის არაერთხელ გამოსულა Spotlight-ის აუდიტორიის წინაშე. ასევე აქვს სწავლების მრავალ წლიანი გამოცდილება სხვადასხვა სასწავლო ცენტრსა და უნივერსიტეტში.
ქეთი მარუაშვილი – უფროსი ციფრული სტრატეგი, მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელსაც დამოუკიდებლად უთანამშრომლია არაერთ და განსხვავებული პროფილის ბიზნესის სფეროსთან, შესაბამისად, მიუღია მონაწილეობა თითოეულის ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში. წლების წინ მუშაობდა ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოში “რედბერი”, სადაც მის მთავარ კლიენტს წარმოადგენდა საქართველოს ბანკი. მისი, როგორც ფრილანსერის ანგარიშზეა ჰორეკა, გასტრონომიული, სამშენებლო და რაც მთავარია, ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის – ზუმერის მიმართულებით მუშაობა.
ჩემი ბოლო დროის აღმოჩენა ნინი კაჭახიძე [იგივე Nina Nayko] – ფოტოგრაფი და კონტენტ-კრეატორი. მისი ინტერესის სფეროა ქალაქის არქიტექტურა, განსაკუთრებით, ბრუტალიზმი და ურბანული ესთეტიკა. ნამუშევრები გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის Art?Art! და The ARTchemists. ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოკონკურსებში, მათ შორის 35AWARDS-ში.
რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს განსხვავებული მეთოდოლოგია და ტაქტიკა აქვს სამუშაო პროცესში, თუმცა ჩემი დაკვირვებით, ყველას აერთიანებს ფრილანსერისთვის და ბიზნესისთვის საჭირო სულისკვეთება, დამოკიდებულებები და რაც მთავარია, საკუთარი საქმის მიმართ უსაზღვრო სიყვარული.