15
Oct
2019

უნივერსიტეტში სწავლა სამომავლო ანაზღაურების ფასად რომ შეგვეძლოს

15 Oct 2019

2014 წელს, იუტაში სტარტაპი დაფუძნდა. გუნდის თითოეულ წევრს ყველანაირი მზაობა ჰქონდა იმისთვის, რომ საქმეში დრო, ენერგია და ძალისხმევა ჩაედო. თუმცა, მათგან ერთი კოლეგა საკუთარ თავზე ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებდა. 7 წლიანი სწავლის შემდეგ, მას 200 000 ლარიანი სტუდენტური სესხი ჰქონდა დასაფარი. ვერც სახლს ყიდულობდა და მოკლედ, მის მთავარ მიზანს კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნა წარმოადგენდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ასეთი ამბები ძალიან ბევრია. და შეიძლება, ვთქვათ: „უარესებიც გამიგია“, ან „მე თვითონ ვყოფილვარ უფრო ცუდ დღეში“. თუმცა კი, სწორედ ეს კონკრეტული ადამიანი გახდა ოსტენ ოლრედისთვის ინსპირაცია, რომ უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რაღაც გამოსავალი მოეფიქრებინა.

უმაღლესი განათლების მიღების დროს, სტუდენტებს უზარმაზარი ტვირთის თრევა უწევთ. მათ ეუბნებიან, რომ რაც შეიძლება დიდი მიზნები დაისახონ, საუკეთესო სასწავლებელში ჩააბარონ, ისწავლონ, რაც უყვართ და რაც მთავარია – ამაში ათასობით, ხშირად ასი ათასობით დოლარის გადახდას სთხოვენ. დღესდღეობით, სტუდენტების, დაახლოებით, 70% სესხს იღებს და ჯამში, ეს თანხა $1.5 ტრილიონს უტოლდება.

ოსტენ ოლრედმა 2 წლის წინ სკოლა დააარსა, სახელად ლამბდა, რომლის მთავარი განსხვავებაც სასწავლო თანხის გადახდის დემოკრატიული მოდელის შემუშავება იყო.

ზოგადად, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში ჩაბარება სამ ძირითად რისკთანაა დაკავშირებული: ფინანსური ღირებულება, წვდომა და შედეგები. თუმცა, ამ სამიდან ერთ-ერთს თუ ამოვაგდებთ, განსხვავებული საგანმანათლებლო მომავლის შექმნა შეგვეძლება.

ფინანსური ღირებულება
საჯარო უნივერსიტეტებში 4 წლის განმავლობაში სწავლის ღირებულება, დაახლოებით, $38 000-დან $96 000-მდე მერყეობს, ხოლო კერძო სკოლებში ეს თანხა, საშუალოდ, $130 000-ია. ამასთან, ეს არ მოიცავს ცხოვრების, წიგნების, კვებისა და სხვა ხარჯებს. თუ დღევანდელ გადასახადს 1989 წლისას შევადარებთ, შედეგები ასეთი იქნება: უმაღლესი განათლების ღირებულება 8-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე საშუალო შემოსავალი.

სასწავლებლებს, ნათელია, კაპიტალზე ზეგავლენის ქონა სჭირდებათ. დღესდღეობით არსებული დომინანტი მოდელი გულისხმობს სწავლაში თანხის ჩადებას, როგორც პროაქტიულ ინვესტიციას, თუმცა სტუდენტებისთვის ეს ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული.

შემოსავლის განაწილების ხელშეკრულებებით (ISA) – ამ მოდელით სტუდენტები არაფერს ან ძალიან ცოტას იხდიან. ისინი სწავლის საფასურს ანაზღაურებენ მხოლოდ მაშინ, როცა სფეროში, სათანადო პოზიციაზე დასაქმდებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, სკოლა მოგებას ვერ ნახავს, სანამ სტუდენტი ფულს არ იშოვის.

ამ მოდელით, თავდაპირველი შეთავაზება იყო, რომ გადასახდელი თანხა 10K ან თუნდაც, 1K ყოფილიყო, თუმცა არსებობდნენ სტუდენტები, რომლებსაც ამ თანხის გაღებაც არ შეეძლოთ. ISA-ს ამჟამინდელი მოდელის თანახმად, სტუდენტები 1 ცენტსაც კი არ იხდიან მანამ, სანამ სამსახურს არ იშოვიან თავიანთ სფეროში და არ გამოიმუშავებენ 50 000-ზე მეტს. მხოლოდ ამის შემდეგ, ისინი 24 თვის განმავლობაში, შემოსავლის 17%-ს უხდიან სკოლას, ჯამში, 30K-ს.

გარდა ამისა, ლამბდას სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, 2000 დოლარის ოდენობით, საცხოვრებელი სტიპენდია მიიღონ, რომელსაც 9 თვიანი პროგრამის გავლის შემდეგ, შემოსავლიდან 10%-ის გადახდით დაფარავენ.

ამ ადაპტურობის მიუხედავად, ISA იდეალური არაა და საჭიროა, უფრო მეტმა უნივერსიტეტმა შემოიღოს ნაკლებად რისკის შემცველი საგადახდო მოდელი.

წვდომა
მსოფლიოში ნიჭი თანაბრადაა გავრცელებული, თუმცა შესაძლებლობებზე წვდომა არა.

წვდომა კომპლექსური საკითხია და ის დამოკიდებულია ბევრ სოციო-ეკონომიკურ ფაქტორზე, თუმცა მაინც ძირითადი განმსაზღვრელი ადგილმდებარეობაა. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები ბევრს აქვს. ტრადიციული, უმაღლესი განათლება, როგორც წესი, ყოველდღიურ გადაადგილებას მოითხოვს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან, დამატებით სტრესთან, ოჯახურ დაძაბულობასთან და სხვა. გარდა ამისა, ხანდახან, ტრანსპორტირებაში იმდენი დრო იხარჯება, რომ ამ დროში, ნახევარ განაკვეთზე დამატებითი სამუშაოს აღებას შეძლებდა სტუდენტი.

ლამბდამ შეგნებულად გააკეთა ონლაინ პროგრამა, რომელსაც მოქნილი საგადახდო სისტემა დაუმატა და შედეგად, გასულ წელს, სტუდენტმა ლამბდა მობილური ჰოთსპოტის საშუალებით დაამთავრა მატრასების მაღაზიაში, სადაც მუშაობდა.

შედეგები
დღეს, კურსდამთავრებულების 40%-ზე მეტს უკავია პოზიცია, რომელიც საგანმანათლებლო ხარისხს არ ითხოვს. 11% კურსდამთავრებულებისა კი, 2018 წელს, დაუსაქმებელი იყო. გარდა ამისა, კურსდამთავრებულები, ასევე, სასურველ პოზიციაზე ვერ იწყებენ საქმიანობას.

ლამბდას პროგრამის ნაწილია, სწავლის პროცესში, შესაბამისი სამსახურის ძიებაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა თანამშრომლობს მენეჯერებთან, რომლებიც პროგრამას ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად შესაბამისი კრიტერიუმებით ადგენენ. მოკლედ, ამ სკოლას რომ დაამთავრებ, უნდა დასაქმდე კი არა, შენს სფეროში, წარმატებული, გრძელვადიანი კარიერა შეიქმნა.

სხვადასხვა უნივერსიტეტი, როგორიცაა: urdue University, University of Utah, Colorado Mountain College უკვე დაინტერესებულები არიან და ISA მოდელს ცდიან.

შესაძლოა, იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველას უნდა ჰქონდეს. დღესდღეობით არსებული მოდელები უკვე მოძველებულია და აღარ მუშაობს. ახალი მიდგომების მაგალითები არსებობს, ამიტომ პირველ ეტაპზე სიახლეებისთვის მზაობა და გამბედაობაა საჭირო.

წყარო: HBR



განხილვა