in

“მხატვრობა თამაშია, გართობაა, რომელიც ბავშვობაში გაბრუნებს” – მხატვარი თუთუ კილაძე

ზღვა დღისით, ზღვა ღამით, ზღვა შუადღით, ზღვა მიქცევისას, მოქცევისას, აღელვებისას, დაწყნარებისას, ზღვა ადამიანებით და ზღვა გემებით.. თუ ზღვა ძალიან მოგენატრებათ, აუცილებლად დაათვალიერეთ თუთუ კილაძის ზღვის სერია, რომელიც გამჭვირვალე ეკრანის მეშვეობითაც კი მოახერხებს, ნაპირზე ჩამოგსვათ, გული აგიჩქაროთ და ზღვის მარილიანი წყალი შემოგაშხეფოთ. მეც სწორედ ამ განცდებმა მიბიძგა, მასზე დამეწერა.

თუმცა, ზღვის გარდა კიდევ ძალიან ბევრი თემატიკის გარშემო ქმნის ნამუშევრებს. მისი შემოქმედება ადამიანების, შენობების, მცენარეებისა და წყლის დიდ ნაზავს ჰგავს თითქოს. ხელწერა ისეთი აქვს, მის ნამუშევარს აუცილებლად იცნობთ, თუმცა, ნამუშევრების გარდა, მინდა, მის შინაგან სამყაროსაც იცნობდეთ.

როცა ვკითხე, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდით-თქო, მხატვარი ვარ, თუმცა ამის თქმა ძალიან მეხამუშებაო. ისე კი, ძალიან დიდი ხანია, ამ საქმეს ვაკეთებ და არც ის ვიცი, სხვანაირად როგორ დავახასიათო საკუთარი თავიო.

თუთუ კილაძე 1981 წელს, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ხელოვანია.

“ძალიან ხშირად ვფიქრობ და მახსენდება ბავშვობა. ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით ერთი დიდი ოჯახი – დედა, მამა, და, ძმა ბებია, ბაბუა. საკუთარი სამყარო მქონდა ამ სახლში, ვთამაშობდი, ვხატავდი.. დღეს ეს პერიოდი ჯადოსნურ დროდ მახსენდება, თითქოს ბავშვობა ისაა, რისი დაკარგვაც არასდროს მინდა.”

რაღაცნაირად მგონია, რომ მხატვრობას სერიოზულად ვერასდროს მიუდგები – მხატვრობა თამაშია, გართობაა, რომელიც ბავშვობაში გაბრუნებს. როდესაც ბავშვი ხარ, შენთვის თამაშობ, შენს სამყაროში ხარ და არასდროს იცი, რას აღმოაჩენ, ასეა მხატვრობაშიც. საკუთარ ნახატებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სხვები ხშირად აფასებენ ჩემს ნახატებს, როგორც ბავშვურს. ჩემთვის ასეა – არასდროს ვუდგები სერიოზულად და არ ვამბობ, “აი, ახლა უნდა დავხატო”, თავისთავად მოდის ეს – პროცესში ვერთვები და, ამავდროულად, ვერთობი, ვთამაშობ.

სკოლაში კარგი მოსწავლე არ ყოფილა, თუმცა კი, ამბობს, რომ ძალიან კარგი სკოლა ჰქონდა – ბევრი მასწავლებელ-მეგობარი შეიძინა აქამდე. სკოლაზე ბევრად უფრო კარგ პერიოდად იხსენებს სტუდენტობის პერიოდს 1999-2005 წლებში, რომელმაც ასევე ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი შესძინა მის ცხოვრებას.

“სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი, დეტალებით სავსე და საპასუხისმგებლო საქმე იყო. მე კი სულ მინდოდა, ჩემთვის ვყოფილიყავი, ჩემს სამყაროში მეხატა. ამიტომაც, ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, ფერწერის ფაკულტეტზე გადავსულიყავი, თუმცა, რატომღაც მაინც თავიდანვე არჩეული ფაკულტეტი დავამთავრე. სამაგიეროდ, ლექციების შემდეგ კურსელები გვიანობამდე ვრჩებოდით ხოლმე აკადემიაში და ჩვენთვის ვხატავდით, ვერთობოდით, ვთამაშობდით – ეს დრო ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება დღეს.”

მას მერე, რაც აკადემიაში ჩააბარა, ძირითადად, ზეთის საღებავებით ხატავს, თუმცა კი, თვლის, რომ ხელოვანისთვის მასალების ცვლა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ბავშვობაში ფერადი ფანქრები, გუაშები, აკვარელები, ზრდასრულობაში – ზეთის საღებავები, ცოტა ხნის წინ ფერადი პასტებიც კი სცადა და ამჟამად კერამიკაზე მუშაობს.

“მახსოვს, აკადემიაში ძალიან სასაცილო პორტრეტებს ვხატავდი, რომლებშიც ყოველთვის ცუდ ნიშნებს მიწერდნენ. მე სულ სერიოზულად ვეკიდებოდი ამ პორტრეტებს, თუმცა კი, ძალიან სახალისოები გამოდიოდა ხოლმე და შემდეგ მათ ფონდში ინახავდნენ. რატომღაც ძალიან მინდა, იმ დროში დავბრუნდე და ეს ნახატები ვნახო.”

ამბობს, რომ სადმე, სერიოზულ სამსახურში არ უმუშავია. მისი შემოსავლის წყარო ყოველთვის ნახატები იყო. ნახატების გაყიდვა კი მან სტუდენტობის შემდეგ დაიწყო.

“მახსოვს, აკადემია რომ დავამთავრეთ, ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, სადაც პირველად გავყიდე ჩემი ნახატი. ძალიან დიდი სიხარულის შეგრძნება დამეუფლა. ზოგადად, თავიდან ძალიან მიჭირდა ნახატების გაყიდვა, უფრო მეტად ვჩუქნიდი ხოლმე ადამიანებს. შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ეგრე არ შეიძლებოდა. თავიდან არ მქონდა იმის განცდა, რომ ნახატების სხვასთან გაშვება მიჭირდა, ახლა ხშირად ვარ მასე. ზოგიერთ ნახატზე ვფიქრობ ხოლმე, ხომ არ დამეტოვებინა.. თუმცა, მაინც მგონია, რომ ჯობია ნახატი წავიდეს შენგან, რომ შემდეგ ახალი რაიმეს შექმნა შეძლო.”

თუთუს ნახატები მარტივად იცნობა. მისი ხელწერა, სტილი თითქმის ყოველთვის გახვედრებს, ვის ეკუთვნის ნახატი. მაშინაც კი, როცა ამ ხელოვანის სახელი და გვარი არ ვიცოდი და მისი ნახატები გაბნეულად მხვდებოდა, ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ისინი ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. კითხვაზე, თუ როგორ გახდა ცნობილი სახელოვნებო წრეებში, გვიპასუხა, რომ ალბათ სწორედ ამ ხელწერით, რადგანაც კარიერული წინსვლისთვის და მისი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის თითქმის არასდროს არაფერი გაუკეთებია.

“ყოველთვის ჩემთვის ვხატავდი, ჩემთვის ვერთობოდი და არ ვფიქრობდი ნახატების გაყიდვაზე მანამ, სანამ პირველი ნახატი არ გაიყიდა. ყველაფერი თავისით მოხდა ჩემს ცხოვრებაში და დღეს უკვე ისე ვარ, ხატვის გარდა, სხვა რა ვაკეთო, არც ვიცი.”

M: რაიმე ისეთ, თქვენთვის დასამახსოვრებელ გამოფენას/პროექტს ხომ ვერ გაიხსენებდით?

თავიდან სულ პატარა ფორმატებზე ვხატავდი, რაღაცნაირად მეშინოდა ან მზად არ ვიყავი, რომ დიდ ტილოებზე მეხატა. რამდენიმე წლის წინ კი გადავწყვიტე, გამებედა და არტარეაში დიდი ნახატების გამოფენა გავაკეთე. ჩემთვის ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც თითქოს ამით ჩემს ცხოვრებაში რაღაც შევცვალე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ქარვასლაში გაკეთებული გამოფენაც “კრიპტოგრამა”, რომელზეც “საიდუმლო წერილები” გამოვფინე. კალმებით ვიმუშავე ამ ნამუშევრებზე და ეს ჩემს შემოქმედებაში ძალიან განსხვავებული ეტაპი იყო, თითქოს სხვანაირი ნაბიჯი გადავდგი. ეს ნამუშევრები სრულიად სპონტანურად შესრულებული იყო – შენთვის, ავტომატურად, ფურცლებზე რომ ხატავ, წერ და შემდეგ რომ სადღაც-სადღაც პოულობ, ეგრე დამემართა. როდესაც ერთად შევკრიბე ეს ნამუშევრები, ერთგვარ დღიურად აღვიქვი. შემდეგ უკვე დიდ ფორმატებზე დავიწყე მსგავსი ნამუშევრების შექმნა, საბოლოოდ კი დაფარული ტექსტები გამომივიდა, რომელშიც მაინც შეიძლებოდა სიტყვების ამოკითხვა. ამ ნამუშევრებს ასე ვუწოდებდი: “წერილები საკუთარ თავს.”

იყო კიდევ ერთი გამოფენა – LOVE 10X10, რომელზეც 10X10 ზომის კერამიკული ფილები იყო გამოფენილი. ეს ფილები სიყვარულის თემატიკაზე იყო შექმნილი. კერამიკოსი არ ვარ და პროფესიონალურად არ ვფლობ ამ ხელობას, ამიტომაც ჩემთვის ყოველთვის მოულოდნელი იყო, რა გამოვიდოდა, როცა საბოლოო სახეს მიიღებდნენ ეს ფილები. ჯადოქრობასავით იყო ეს ყველაფერი.

M: თქვენ მიერ განხორციელებულ პროექტთაგან ერთ-ერთია წიგნი, რომლისთვისაც ნახატები შექმენით..

კიბატონო. ინტერნეტის მეშვეობით ერთ-ერთი გერმანული გამომცემლობა დამიკავშირდა, რომელსაც სურდა, ჩემი ნახატებით გაფორმებული წიგნი გამოეშვა. ამ შეთავაზებამდე რამდენიმე დღით ადრე გაგა ნახუცრიშვილმა შემომთავაზა, ერთობლივი წიგნი გაგვეკეთებინა. შემდეგ მას ვუამბე, რომ გერმანულ გამომცემლობას სურდა, ასეთი წიგნი გამოეშვა და ვთხოვე, საკუთარი ნაწერები გამოეგზავნა, რათა გამომცემლობისთვის მენახებინა. მოხდა ისე, რომ საბოლოოდ დაბეჭდეს წიგნი ჩემი ნახატებითა და გაგას ტექსტებით და ის მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა.

M: როგორია თუთუ კილაძისთვის ხატვის პროცესი?

რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი. აუცილებლად მჭირდება, რომ მარტო ვიყო – სხვა რაიმე მნიშვნელოვანი საჭიროება არ მაქვს ხოლმე. ხან მუსიკის ფონზე ვხატავ, ხანაც – სიჩუმეში. ხატვის დროს სხვა სამყაროში გადადიხარ, ითიშები, არაფერზე არ ფიქრობ, ერთგვარი მედიტაციასავითაა ეს პროცესი. ზუსტად ამ შეგრძნებების ფონზე მიჭირს ვთქვა, რომ ეს პროფესიაა. ეს უფრო რაღაც სხვა განზომილებაა და რომ არა ის, არც ვიცი, როგორ ვიარსებებდი.

ესკიზები/წინასწარი ჩანახატები არ მაქვს ხოლმე, ძირითადად, სპონტანურად ვხატავ. იდეაზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ხატვის პროცესში ეს იდეაც იმდენად იცვლება, რომ თითქმის არასდროს გამოდის ნახატი პირველადი ჩანაფიქრის მსგავსი. ხატვის მაგიაც ამაშია, რეალურად – მუდმივად იცვლება ყველაფერი და არ იცი, ნახატი საით წაგიყვანს..

M: თქვენი ნამუშევრები გადაჭედილია ადამიანებით. როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებენ ისინი? საიდან მოდიან და საით მიდიან?

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა როლს ასრულებენ ისინი. ალბათ ჩემი ქვეცნობიერიდან მოდიან, მაგრამ ხატვის პროცესში საერთოდ ვერ ვხვდები, რომ მათ ვქმნი, თავისით ხდება ეს ყველაფერი. ხშირად მიმითითებენ ხოლმე ამ პატარა ადამიანებზე სხვებიც და თითქოს მხოლოდღა მაშინ ვამჩნევ მათ ყოფნას ამ ნახატებზე.

M: ლანდშაფტებსაც ხშირად ვხვდებით თქვენს შემოქმედებაში..

ყოფილა ხოლმე შემთხვევა, როცა რომელიმე ქალაქში რაღაც პერიოდით წავსულვარ. მაგალითად, იერუსალიმში 1 თვე ვიცხოვრე და იქაურობა დავხატე, ასევე მაქვს ბათუმის სერიაც. მიყვარს მოგზაურობა და ადგილების ხატვა, თუმცა, ბევრი ნახატი უბრალოდ ჩემი წარმოსახვაა და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი. ამიტომაც, ჩემი შემოქმედება სიზმრების, გამოგონილი ლანდშაფტების და რეალური ადგილების ერთობლიობა უფროა.

M: სად/რაში შეიძლება შთაგონების პოვნა თქვენთვის?

შთაგონება ყოველ წამს მოდის. შეიძლება, მეგობარს შეხვდე, რაღაცაზე ელაპარაკო, რაიმე აზრი დაიბადოს და ის გახდეს ინპირაცია, შეიძლება ლამაზი ადგილი ნახო, იმოგზაურო ან შეიძლება, არსადაც არ დადიოდე, სულ სახლში იყო, მაგრამ ფანჯარაში გაიხედო და მაშინ იპოვო შთაგონება. შენი განწყობიდან, სიზმრებიდან, ნანახიდან, ყოველდღიურობიდან მოდის ინსპირაცია. ეს დაუსრულებელი პროცესია.

M: ვისაუბროთ ზღვაზე – თქვენი ერთი სერია ზღვის ერთგვარ ვარიაციებს წარმოადგენს. რა დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ, რა შეგრძნებებს გიჩენთ ის?

ზღვა ძალიან მიყვარს და დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ზღვისპირა ქალაქში. არც ცურვა ვიცი და არც გემზე ვყოფილვარ, თუმცა, კი არასდროს მბეზრდება მისი ყურება – ისეთივე შეგრძნებებს მიჩენს, როგორ ხასიათზეც თვითონაა: ხან აღელვებულია, ხან წყნარია..

M: თქვენს ამჟამინდელ ყოველდღიურობაზე გვიამბეთ და ასევე, როგორია სამომავლო გეგმები?

ამ ბოლო დროს ისევ კერამიკას დავუბრუნდი. ჩემი მეგობარი მიკეთებს ფილებს და ვეცდები, რაღაც პერიოდი მათზე ვხატო. თუ კარგი გამოვიდა და მომეწონა ჩემი ნამუშევრები, ვფიქრობ, გაზაფხულზე გამოფენას გავაკეთებ. თუმცა, გადაჭრით მაინც არ მინდა ამის თქმა, რადგანაც ჯერ არ ვიცი, რა გამოვა..

M: და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა ხდის თქვენს ცხოვრებას განსაკუთრებულს?

ამ ცხოვრებაში, ყველაფერი განსაკუთრებული არ არის?!

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

„Mac-ის კომპიუტერების წარმოებაში ახალი ერა იწყება“ – გაიცანით MacBook Pro!

„ხომ გითხარი, გაფრინდებიან-მეთქი?!“ – BMW-მ საფრენი კოსტიუმი შექმნა