in

როგორ ვიზრუნოთ თვალების ჯანმრთელობაზე?

„თვალისჩინივით მოუფრთხილდი” – ეს ცნობილი გამოთქმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ალბათ ყველას გვითქვამს. ჩვენი თვალები ვიზუალური კავშირია სამყაროსთან. შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის დაცვა და შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია. არსებობს თვალის უამრავი დაავადება და მათი გამომწვევი მიზეზები, თუმცა დღეს ზოგადად მიმოვიხილავთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვქონდეს კარგი მხედველობა, თავი დავიცვათ სხვადასხვა ინფექციისგან და სიმშრალისგან.

21-ე საუკუნის მასობრივმა დიგიტალიზაციამ თავისებური როლი, რა თქმა უნდა, ჩვენი თვალებისთვისაც ითამაშა. თანამედროვე ადამიანი ბევრად მეტ დროს ატარებს ციფრულ მოწყობილობებთან, დღე-ღამის უმეტესი ნაწილი სწორედ სმარტფონებთან, გაჯეტებთან და კომპიუტერთან გადის, რაც, ყველამ ვიცით, რომ არც ისე კარგად აისახება ჩვენი თვალების ჯანმრთელობაზე. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე „ოქროს წესს”, რომელიც უნდა დაიცვათ, როცა დიდი ხნით გიწევთ ციფრულ მოწყობილობასთან ურთიერთობა…

  • პირველი, რაც ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, არის სინათლე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი თვალებისთვის, რომ არ იმუშაოთ, არ სქროლოთ ან არ უყუროთ ფილმს სიბნელეში. დღის განმავლობაში მოძებნეთ ნათელი ადგილი, ხოლო ღამით მოწყობილობის შუქის გარდა, ოთახში აუცილებლად სხვა სინათლის წყაროც უნდა იყოს;
  • თვალის „ცრემლი”. ეს ბუნებრივი საშუალება ურეცეპტოდ იყიდება აფთიაქში და ძალიან დიდ როლს ასრულებს, რომ თვალები არ გამოგიშრეთ და არ გაგიჩნდეთ დაძაბულობის, წვის შეგრძნება;
  • შეისვენეთ ხოლმე. ყოველ 20 წუთში ან ნახევარ საათში მოარიდეთ თვალები ეკრანს. თუნდაც რამდენიმე წუთით რომ მოახერხოთ ეს, უკვე შვებაა თვალებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლილი თვალები ხშირად  თავის ტკივილსაც იწვევს, ამიტომ შესვენებები აუცილებელია;
  • ოფთალმოლოგთან ვიზიტი – თუკი რაიმე სიმპტომი გაქვთ, თვალები გაწუხებთ და ატყობთ, რომ რაღაც ჩვეულ რეჟიმში არ მუშაობს, ნუ მოადუნებთ ყურადღებას და ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. დაჯავშნეთ ვიზიტი ოფთალმოლოგთან.

თვალებზე ზრუნვა ასაკის მიხედვით

როგორც სხეულის ნებისმიერი ნაწილი, თვალებიც, ასაკის მიხედვით, სხვადასხვანაირად რეაგირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა ასაკის მატებასთან ერთად, რადგან ამ დროს სწორად უნდა გავარჩიოთ, რომელი ცვლილებებია თვალების დაბერების ნორმალური ნაწილი და როდის გვჭირდება ექიმის დახმარება. როგორც ოფთალმოლოგები გვეუბნებიან, მთავარი პრევენციაა. თვალის პრობლემის დროული აღმოჩენის დროს მისი მკურნალობით აღმოფხვრა ძალზე რეალურია. 

უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ იცავთ თვალებს ყოველდღიური მავნე ელემენტებისაგან, როგორებიცაა: სიგარეტის კვამლი და ულტრაიისფერი სხივები, რამაც შეიძლება გაზარდოს ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის რისკი. მაკულა თვალის ის ნაწილია, რომელიც შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედების მაღალ კონცენტრაციას. ის საშუალებას გვაძლევს, გარკვევით დავინახოთ დეტალები და აუცილებელია ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა კითხვა, წერა, ავტომობილის მართვა და სახეების ამოცნობაც კი.

ეს არის ის ღონისძიებები, რომლებიც ძირითადად 40 წლამდე ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხედველობის ცვლილებები დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილია. 40+ ასაკში თვალის ლინზა მკვრივდება, რაც ხელს უშლის ფოკუსირებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება კითხვის ან რამე ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რასაც ახლო ხედვა სჭირდება. 

ადრეულ სტადიაზე ყველაფრის გამოსწორება ისევ და ისევ ექიმთან ვიზიტით შეიძლება, რომელიც მაკორექტირებელ ლინზებს ან თქვენზე მორგებულ სათვალის რეცეპტს დაგიწერთ. გაითვალისწინეთ, რომ როცა მხედველობა დაქვეითებულია და ფოკუსს ვერ ასწორებთ, ეს კიდევ უფრო ძაბავს თვალებს და მას სჭირდება დახმარება საიმისოდ, რომ კიდევ უფრო არ დაზიანდეს. 

გავრცელებული დაავადება – კონიუქტივიტი

ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთება და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებაა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, მათ შორის მასაც, ვისაც არასოდეს ჰქონია თვალზე რაიმე პრობლემა. 

ვირუსის გადატანა, თვალში ჭუჭყის მოხვედრა ან მცენარეების მტვერი შეიძლება გახდეს კონიუქტივიტის დაწყების მიზეზი. მისი განვითარება ასევე სეზონზეცაა დამოკიდებული. ზაფხულში ხშირად უფრო გავრცელებულია, რადგან ამ დროს ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდება. როგორც წესი, ის წვის შეგრძნებით, ჩაწითლებითა და ცრემლდენით ვლინდებ, თუმცა თუკი ყურადღებას არ მიაქცევთ ან არასწორად უმკურნალებთ, უფრო რთულ სიმპტომებსაც გამოიწვევს.

თვითმკურნალობას, ამ დაავადების შემთხვევაში, ექიმები კატეგორიულად არ გვირჩევენ, რადგან კონიუქტივიტი სპეციალური გამოკვლევებით უნდა დადგინდეს და მკურნალობაც ოფთალმოლოგმა უნდა დანიშნოს პაციენტის მდგომარეობიდან და დაავადების ფორმიდან გამომდინარე, რადგან კონიუქტივიტი ყველა პაციენტში ერთნაირად არ მიმდინარეობს, ის სხვადასხვა სახეობისაა. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ამ დაავადებას ისეთ გართულებებამდე მიყვანაც შეუძლია, როგორიცაა: მხედველობის დაქვეითება და თვალის რქოვანას ანთება. 

ზოგადი რჩევები თვალებისთვის: 

  • არ მოისრისოთ თვალები – ეს საკმაოდ მავნე ჩვევაა; 
  • თუკი სათვალეს ან ლინზებს ატარებთ, კარგად იზრუნეთ მათი ჰიგიენის დაცვაზე;
  • ზაფხულში მნიშვნელოვანია მზის სათვალის ტარება. ის იცავს თვალებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან;
  • დაგეგმეთ ყოვეწლიური გამოკვლევა ოფთალმოლოგთან, რათა პერიოდულად აკონტროლოთ თქვენი თვალების სიჯანსაღე და თავიდან აიცილოთ რაიმე რისკი.
  • იკვებეთ ჯანსაღად – შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბრიკის ყველა თემის ოქროს წესია; ჯანსაღად კვება, ისევე როგორც სხვა ორგანოების, თვალების ჯანმრთელობის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. აქვე გეტყვით, რომ თვალებს განსაკუთრებით „უყვართ” სხვადასხვანაირი ხილი, თევზეული, რძის პროდუქტები და სტაფილო. ხილიდან ყველაზე მეტად თვალს მოცვი და ციტრუსები უხდება.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ადამიანებს ის სურთ, რაც სხვებს — ანუ, რა არის „მიმბაძველობითი სურვილი“?

ჰელიუმის გაზი დედამიწის ფორმირების საიდუმლოს გაამჟღავნებს