in

თვალის რევოლუციურმა იმპლანტმა უსინათლო პაციენტებს ხელახლა წაკითხვა შეაძლებინა!

ამბავი ასეთია: რამდენიმე ათეულ პაციენტს, რომლებმაც მხედველობა მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის (AMD) პროგრესული ფორმის გამო დაკარგა, თვალის იმპლანტისა და ჭკვიანი სათვალეების წყალობით, ცენტრალური მხედველობის ნაწილი აღუდგა. კვლევა სულ ახლახან გამოქვეყნდა The New England Journal of Medicine-ში, რომლის თანახმადაც პაციენტებს ტექნოლოგიის წყალობით იმდენად კარგად აღუდგათ მხედველობა, რომ კროსვორდების შევსება და წიგნების ჩვეულებრივ წაკითხვა მოახერხეს. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილეთა შორის 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები იყვნენ, ორივე თვალში AMD დიაგნოზითა და მხედველობის სიმახვილის მინიმუმ 1.2 logMAR-ით ან უფრო ცუდი მაჩვენებლით…

მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ამ დროს პაციენტების ბადურას ცენტრში არსებული უჯრედები ეტაპობრივად კვდება. კონკრეტული კვლევა კი ამ დაკარგული მხედველობის ნაწილის აღდგენაზე იყო ფოკუსირებული პატარა ფოტოელექტრული მზის პანელებისგან დამზადებული 2×2-მილიმეტრიანი მოწყობილობის გამოყენებით.

მოწყობილობა პაციენტის თვალში, კერძოდ ბადურას ქვეშ, ქირურგიულად ჩანერგეს, შემდგომ კი ისინი კამერით აღჭურვილ ჭკვიან სათვალეს ატარებდნენ, რომლებიც ახლო ინფრაწითელი სინათლის გამოყენებით გადასცემდა გადიდებულ სურათებს ბადურას იმპლანტს. შემდგომ ეს ბადურას იმპლანტი მცირე ელექტრულ სიგნალებს აგზავნიდა მხედველობის ნერვში, რითაც ბადურას უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას ჰბაძავდა.

თავდაპირველად კვლევაში 38 პაციენტი იყო ჩართული, რომელთაც იმპლანტი გადაუნერგეს, 32 მათგანი კი პროცესში მთელი წელი იღებდა მონაწილეობას. შედეგი, აი, ასეთი მიიღეს: 32 მონაწილიდან 26 უკეთ ხედავდა, რაც წარმატების 80%-იანი მაჩვენებელია. მართალია იდეალური არ არის, რადგან პაციენტებს მაინც შავ-თეთრი ბუნდოვანი ხედვა აქვთ, მაგრამ სხვა მკვლევრები, მიღებულ შედეგს გასაოცარს უწოდებენ!

რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიას, Science Corporation-მა განავითარა, რომლის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაქს ჰოდაკმა 2016 წელს ილონ მასკთან ერთად Neuralink დააარსა… უშუალოდ ბადურას იმპლანტის ტექნოლოგია კი ფრანგული სამედიცინო მოწყობილობების კომპანია Pixium Vision-ისგან 2024 წელს შეიძინა და უკვე რეალური შედეგების მომსწრეც გაგვხადა. 

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფუტურისტული მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ვიქტორიანული ეპოქის დიზაინითაა შთაგონებული