მცირე დეტალად შეიძლება მიგაჩნდეთ, მაგრამ თუ თვალით კონტაქტის უნარს დაეუფლებით, მეტად ძლიერ საკომუნიკაციო იარაღად აქცევთ მას. თვალით კონტაქტი აჩვენებს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ კონკრეტულ პირს და აქტიურად ვუსმენთ, თავდაჯერებასაც ვგრძნობთ და სხვებსაც ვუჩენთ სანდოობის განცდას, რაც ყველაზე მთავარია, ასე პატივისცემას მოვიპოვებთ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თვალები ჩვენს ემოციებსა და აზრებს გადმოსცემს, იქნება ეს ბედნიერება, წუხილი, ცნობისმოყვარეობა თუ სხვა რამ.
„როგორც სოციალურ, ისე პროფესიულ გარემოში, თვალით კონტაქტი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ინდივიდებს შორის ნდობას, მხარდაჭერისა და ურთიერთგაგებას უწყობს ხელს. ფოკუსირებასა და გულწრფელობას აჩვენებს და მეორე მხარეს თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს“, — განმარტავს მიშელ დისი, ფსიქიატრი.
ამიტომ, ახლა, მოდით, თვალით კონტაქტის გავრცელებულ შეცდომებს გადავავლოთ თვალი, რათა მომავალში მათი თავიდან არიდებაც შევძლოთ, შემდეგ კი რჩევებსაც გაგიზიარებთ.
1. თვალით კონტაქტის სრულად არიდება
ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება, რომ ცოტა უცნაურად ვგრძნობთ თავს თვალებში ყურებისას… თუმცა კვლევამ გამოავლინა, რომ სოციალური შფოთვითი აშლილობის პირებს თვალით კონტაქტის შიში აქვთ. ზოგჯერ ამის მიზეზი უბრალოდ სიმორცხვეა, ზოგჯერ კი ნერვიულობა. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ეს უპატივცემულობის, დაუცველობისა და უინტერესობის შეგრძნებას ბადებს.
2. დაჟინებული მზერა / ინტენსიური თვალით კონტაქტი
აქ კი მეორე უკიდურესობაზე უნდა ვისაუბროთ — ჩვეულებრივ შემთხვევებში ველით, რომ ადამიანები, რომლებიც დიდხანს გვიყურებენ, მზერას პერიოდულად სხვა რაღაცებზეც გადაიტანენ, მაგრამ როცა ასე არ ხდება, ბევრი ეჭვი და კითხვა ჩნდება კონკრეტული პირის მიმართ. ფიქრობენ, რომ ხშირად ეს ბრაზის მიმანიშნებელია.
3. სახის ზონების მიღმა ფოკუსირება
ზოგიერთ ადამიანს, რომელიც თვალით კონტაქტს არიდებს თავს, ხშირად მზერა სხვა რაღაცებისკენ გაურბის, იქნება ეს ხელი, შუბლი თუ სხვა რამ, რაც ინდივიდს მიანიშნებს, რომ ფოკუსირებული არ ხართ და ცოტა მოგბეზრდათ მასთან საუბარი.
4. თვალების სწრაფი მოძრაობა
თვალით კონტაქტის არიდების კიდევ ერთ მცდელობას თვალების უაზრო მოძრაობამდე მივყავართ, რა დროსაც მზერა ერთი ობიექტიდან მეორეზე სწრაფად გადააქვთ. ხოლო, თუ ხან ჭერისკენ აიხედავთ, ხან იატაკს დახედავთ, ხან კი ადამიანს შეხედავთ, რომელსაც ელაპარაკებით, ეს მას აგრძნობინებს, რომ დაბნეული ხართ ან შფოთავთ.
5. კულტურული სხვაობების დავიწყება
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თვალით კონტაქტის ნორმები კულტურებს შორის განსხვავებულია — თუ დასავლურ კულტურებში თავდაჯერებისა და ჩართულობის მაჩვენებელია, სხვა კულტურებში, პირიქით, შესაძლოა, უპატივცემულობაზე მიუთითებდეს.
6. ჯგუფში კონკრეტული ადამიანის ყურება
ხშირად ისე ხდება, რომ ჯგუფთან ერთად ყოფნისას სხვა ადამიანები გვავიწყდება და ჩვენი მზერა მხოლოდ კონკრეტული პირისკენაა მიმართული. რა თქმა უნდა, ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ ძირითად შემთხვევებში მზერის მიმღები თავს კომფორტულად არ გრძნობს, სხვებს კი ეს მიანიშნებს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანნი არიან. ამგვარად, თუ ეცდებით, მზერა გუნდის წევრებზე თანაბრად გადაანაწილოთ, ყველა მონაწილეს პროცესში ჩართულად აგრძნობინებთ თავს.
როგორ გავიუმჯობესოთ თვალით კონტაქტის უნარი?
ზემოთ აღნიშნული შეცდომებიდან, შესაძლოა, ბევრი დაგიშვიათ, თუმცა ამას კატასტროფად ნუ ჩათვლით, რადგან უმეტესობა უნებურად ხდება. თანაც ამ ამბავში არც მარტო ხართ, რადგან ექვსივე შეცდომა საკმაოდ გავრცელებულია თვალით კონტაქტისას. მომავალში კი მათი თავიდან არიდება რომ შეძლოთ, სწრაფ გზებს გასწავლით თვალით კონტაქტის უნარის გასაუმჯობესებლად:
ცადეთ სამკუთხედის მეთოდი
ფსიქოთერაპევტი მეგან დრამონდი ადამიანის სახეზე სამკუთხედის წარმოდგენისკენ მოგიწოდებთ, რომელიც მათ თვალებსა და პირზე მზერით უნდა შეკრათ — თუ თქვენს მზერას ამ წერტილებს შორის ამოძრავებთ, თვალით კონტაქტი ბუნებრივს დაემსგავსება.
გამოიყენეთ 50/70-ზე წესი
ჩათვალეთ, რომ სახელმძღვანელო წესია, რომელიც გეუბნებათ, რა პროცენტული მაჩვენებლები უნდა დაიცვათ თვალით კონტაქტისას ისე, რომ დაჟინებული მზერა აირიდოთ თავიდან: საუბრისას თვალით კონტაქტის 50% უნდა შეინარჩუნოთ, ხოლო მოსმენისას 70% — ეს ბალანსი ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
გამოიყენეთ ე. წ. პერიფერიული ცნობიერება
იდეალური მეთოდია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თვალით კონტაქტის შენარჩუნება უჭირს. ამიტომ, „თუ პირდაპირი თვალით კონტაქტი ინტენსიურია თქვენთვის, გამოიყენეთ პერიფერიული ხედვა, რათა დააკვირდეთ მათ თვალებს ისე, რომ მათსავე მთლიან სახეზეც იყოთ ფოკუსირებული“.
ივარჯიშეთ ეკრანებზე
ტელევიზორის ყურებისას ან ტელეფონში ვიდეოების სქროლვისას ნანახ პერსონაჟებს თვალებში უყურეთ და ეცადეთ, კონტაქტი შეინარჩუნოთ — ეს ნაკლები სტრესის მქონე გარემოებაში თვალით კონტაქტის უნარის დაუფლებაში დაგეხმარებათ.
გამოიყენეთ კომუნიკაციისას სხვა არავერბალური საშუალებები
დაბოლოს, თქვენი ინტერაქცია მეტად ბუნებრივს რომ დაემსგავსოს, თვალით კონტაქტის გარდა, კარგი იქნება, თუ სხვა არავერბალურ საშუალებებსაც მიმართავთ, იქნება ეს ღიმილი თუ თავის დაქნევა.