in

როგორ მართავს ტვინის უხილავი სისტემა ჩვენს გადაწყვეტილებებს

M2
M2

წარმატება ნაკლებად არის დამოკიდებული მხოლოდ IQ-ზე. გადამწყვეტი ისაა, რამდენად ეფექტიანად მართავს ადამიანი საკუთარ გონებას. სწორედ აღმასრულებელი ფუნქციები განსაზღვრავს, გარდაიქმნება თუ არა თანდაყოლილი შესაძლებლობები სწორ გადაწყვეტილებებად და გააზრებულ ქმედებებად.

ტვინის მართვის სისტემა, რომელსაც ნაკლებად ვიცნობთ

ოთახში შესვლისას მიზნის უეცარი დავიწყება, ერთი და იმავე აბზაცის რამდენჯერმე გადაკითხვა თუ მნიშვნელოვანი საქმის გადადება და ტელეფონში დროის გაყვანა – ადამიანების უმეტესობა ამ მოვლენებს მეხსიერების ხარვეზს ან ასაკს მიაწერს. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მჭიდროდ უკავშირდება ერთ უნარს, რომელსაც აღმასრულებელი ფუნქციები ეწოდება.

ეს არის ტვინის მართვის სისტემა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ფოკუსირდეს მთავარზე, შეინარჩუნოს და გამოიყენოს ინფორმაცია, დაგეგმოს მომავალი, გაუძლოს ცდუნებებს, მართოს ემოციები და გაიგოს სხვების განზრახვები. ეს სისტემა არ განსაზღვრავს ინტელექტის დონეს, თუმცა განაპირობებს იმას, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება უკვე არსებული გონებრივი რესურსი.

როდესაც მაღალი ინტელექტი სწორი გადაწყვეტილებების გარანტია არ არის

ხშირად მაღალი IQ-ის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. ისინი იღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, უჭირთ რუტინის ორგანიზება და ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებენ. ამავდროულად, საშუალო ინტელექტუალური მონაცემების მქონე ადამიანები ხშირად თანმიმდევრულ, ბრძნულ ნაბიჯებს დგამენ და ცხოვრებას უკეთესად წარმართავენ.

განსხვავება სწორედ აღმასრულებელ ფუნქციებშია, რომლებიც ცოდნასა და რეალურ ქმედებას შორის ხიდად გვევლინება. 44 000-ზე მეტი ადამიანის კოგნიტურმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ინტელექტი არ წარმოადგენს ერთ განყენებულ მახასიათებელს – ის არის განსხვავებული უნარების ერთობლიობა, რომლებიც დიდწილად სწორედ აღმასრულებელ სისტემაზეა დამოკიდებული.

ფარული უნარების გავლენა ყოველდღიურობაზე

დაგეგმვა, ყურადღების კონცენტრაცია, ემოციური თვითკონტროლი და სხვისი ემოციების გაგება ერთიანი მექანიზმის ნაწილია. ეს სისტემა ორკესტრის დირიჟორს ჰგავს. მსმენელი ინსტრუმენტებს ამჩნევს, თუმცა მთლიანი ჟღერადობა კოორდინატორზეა დამოკიდებული.

ტექნოლოგიური გამოწვევა და აზროვნების დელეგირება

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მთავარი საფრთხე არა ტვინის შესაძლებლობების ჩანაცვლება, არამედ აზროვნების გაუაზრებელი დელეგირებაა. როდესაც რუტინული წერილის შედგენა AI-ს ენდობა, ეს ზოგავს დროს უფრო მნიშვნელოვანი და შემოქმედებითი ამოცანებისთვის. თუმცა, თუ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ავტომატურად ტექნოლოგიას მიენდობა, ეს არა აზროვნების გაფართოება, არამედ ფიქრისთვის თავის არიდება ხდება.

როგორ ვითარდება აღმასრულებელი სისტემა

აღმასრულებელი ფუნქციების გასაუმჯობესებლად ჯადოსნური გამოსავალი ან ერთი კონკრეტული აპლიკაცია არ არსებობს. ეს პროცესი ფიზიკურ ფორმას ჰგავს, რომელიც მხოლოდ კომპლექსური მიდგომით მიიღწევა: რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ხარისხიანი ძილი, სტრესის მართვა, ძლიერი სოციალური კავშირების შენარჩუნება, ახალი უნარების მუდმივი შესწავლა და გონებრივი აქტივობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარი ქცევის გაცნობიერებაა. როდესაც ადამიანი ამჩნევს საკუთარ იმპულსურობას, ყურადღების გაფანტვას ან საქმის გადადების ტენდენციას, ის უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებს. მთავარი მიზანი არა უმაღლესი IQ-ის მიღწევა, არამედ შეჩერების, დაფიქრებისა და სწორი არჩევანის გაკეთების უნარის გამომუშავებაა.

წყარო: Fastcompany

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

ალექსანდრე გეგეჭკორი ისტორიული გამოწვევისთვის ემზადება – 3 000 კმ ბელგიიდან ესპანეთამდე