in

როგორ შეიძლება შეცვალოს ტვინის ერთმა ცილამ დაბერების პროცესი

რა მოხდება, თუკი ის ცვლილებები, რასაც სიბერეს ვაბრალებთ, ტვინის სიღრმეში ერთი კონკრეტული ცილის შემცირებით იწყება? მეცნიერებმა, რომლებიც ამ ვარაუდს ამოწმებდნენ, საოცარი რამ აღმოაჩინეს – ასაკოვან თაგვებში ცილა Menin-ის დონის აღდგენამ სულ რაღაც 30 დღეში მეხსიერება, წონასწორობა, ძვლების სიმკვრივე და კანის სისქე გამოასწორა. კიდევ უფრო მოულოდნელი ის იყო, რომ ცხოველების რაციონში ბუნებრივი ამინომჟავის დამატებამ სწავლისა და მეხსიერების უნარი მხოლოდ სამ კვირაში გაზარდა.

M2
M2

ჩინეთის სიამენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ლიგე ლენგის ხელმძღვანელობით მანამდე შეუმჩნეველი ჯაჭვი დაინახა ანთებას, ტვინის ბიოქიმიასა და მთელი სხეულის დაბერებას შორის. მართალია, ცდები ჯერ მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, გაჩნდა ძალიან საინტერესო იმედი – დაბერების გარკვეულ შედეგებს შესაძლოა თავის ტვინის ის ბიოლოგიური პროცესები მართავდეს, რომელთა შეცვლასაც მეცნიერები მომავალში შეძლებენ.

შემდგომმა კვლევებმა კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ტვინი დაბერების მთავარი მმართველია. ამავდროულად გამოჩნდა ის მიზეზებიც, თუ რატომ სჭირდება ამინომჟავების დანამატებს განსაკუთრებული სიფრთხილე.

როგორ მოქმედებს ტვინის ფარული ცილა დაბერებაზე

ამ ამბის ეპიცენტრში ჰიპოთალამუსი დგას – ტვინის ფუძესთან მოკალათებული პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი უბანი. ის აკონტროლებს ისეთ სასიცოცხლო ამბებს, როგორიცაა სხეულის ტემპერატურა, შიმშილი, ნივთიერებათა ცვლა, ძილი და ჰორმონები. რადგან ეს სისტემა თითქმის ყველა ორგანოს გადაკვეთს, ჰიპოთალამუსში დაწყებული რყევები მთელ ორგანიზმს ედება.

მეცნიერები ჰიპოთალამუსს დაბერების ერთ-ერთ მთავარ ძრავად მიიჩნევენ. ერთ-ერთი მიზეზი ტვინის ანთებითი პასუხია. ხანმოკლე ანთება ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს, ქრონიკული ანთებითი პროცესები კი უჯრედების მუშაობას ურევს და ასაკობრივ ცვეთას აჩქარებს.

მკვლევრებმა ადრევე შეამჩნიეს, რომ ცილა Menin ჰიპოთალამუსში ანთების შეკავებას ეხმარება. თანაც, ის გენების აქტივობას აწესრიგებს და ბევრ ბიოლოგიურ პროცესს წარმართავს.

მეცნიერებს აინტერესებდათ, რა ხდება მაშინ, როცა ეს დამცავი ცილა წლებთან ერთად ქრება. აღმოჩნდა, რომ თაგვების დაბერებასთან ერთად ჰიპოთალამუსის ნეირონებში Menin-ის დონე ნელ-ნელა ეცემოდა. საინტერსოა, რომ იგივე კლება არ შეუმჩნევიათ სხვა უჯრედებში, რომლებიც იმუნურ პასუხებს განაგებენ.

იმის გასაგებად, მართლა აჩქარებდა თუ არა ეს კლება სიბერეს, გუნდმა ისეთი გენმოდიფიცირებული თაგვები გამოიყვანა, რომლებშიც ცილის გათიშვა შეგნებულად შეიძლებოდა.

შედეგი საკმაოდ მკაფიო გამოდგა. თაგვებს, რომელთაც Menin შეუმცირდათ, ჰიპოთალამუსში ძლიერი ანთება განუვითარდათ, კანი გაუთხელდათ, ძვლები შეუმცირდათ და აზროვნებაც გაუუარესდათ. სიცოცხლის ხანგრძლივობაც ოდნავ დაუკლდათ. ამან დაადასტურა, რომ Menin-ის დაკარგვა დაბერების თანმხლები უბრალო დეტალი კი არ არის, თავად აძლევს ბიძგს ამ ცვლილებებს.

დაბერების ნიშნების უკუქცევა 30 დღეში

ამის შემდეგ მკვლევრებმა კითხვა შეატრიალეს – თუ ცილის დაკარგვა დაბერებას აჩქარებს, შეძლებს თუ არა მისი ხელახლა გაჩენა ზიანის წაშლას?

პასუხის მისაღებად, გენური ინჟინერიით, ხანდაზმულ – ოცი თვის თაგვებში ჰიპოთალამუსის კონკრეტულ ზონაში Menin-ის გამომუშავება ხელოვნურად გაზარდეს. ეს უბანი ენერგიის ბალანსსა და ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს.

ჩარევიდან სულ რაღაც ერთ თვეში თაგვებმა თვალშისაცემი შედეგები აჩვენეს. კანი გასქელდა, ძვლის მასა გაიზარდა, ხოლო მეხსიერების, სწავლისა და წონასწორობის გამოცდებში ცხოველებმა გაცილებით მაღალი ქულები აიღეს. მეცნიერებმა ანთების ჩაცხრობა და მეტაბოლიზმის გამოსწორებაც შეამჩნიეს. ამ თაგვებმა შეუმოწმებელ ჯგუფზე მეტხანსაც იცოცხლეს.

ამ მონაცემებმა გააჩინა რწმენა, რომ სიბერესთან დაკავშირებული გარკვეული ბიოლოგიური ცვლილებების უკან შემოტრიალება სრულიად შესაძლებელია, თუ ტვინის კონკრეტულ უჯრედებში Menin-ის აქტივობას ავამუშავებთ.

ამინომჟავის მოულოდნელი კვალი

Menin-ის შემცირებასთან ერთად მკვლევრებმა D-სერინის ვარდნაც დააფიქსირეს – ეს ის ამინომჟავაა, რომელიც ტვინში სიგნალების მიმოცვლას უზრუნველყოფს.

ჩვენ ამინომჟავებს ცილების საშენ მასალად ვიცნობთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი სულ სხვა საქმეს აკეთებს. D-სერინი ნერვული უჯრედების იმ რეცეპტორებს ამუშავებს, რომლებიც ნეირონების ურთიერთობას, სწავლასა და მეხსიერების ჩამოყალიბებას სჭირდება.

D-სერინი მჭიდროდ ენათესავება L-სერინს, რომელიც ჩვეულებრივ პროდუქტებში, მაგალითად სოიოში, კვერცხში, თევზსა და თხილეულში მოიპოვება. თუმცა ამ ორ ფორმას განსხვავებული დანიშნულება აქვს და სერინით სავსე საკვების ჭამა ექსპერიმნტის წამლის მიღებას არ უდრის.

კვლევამ გამოაჩინა, რომ Menin აკონტროლებს სპეციალურ ფერმენტს, რომელიც სერინის წარმოქმნაში მონაწილეობს. როცა Menin-ის დონე ეცემა, ეს გზაც იბლოკება და ტვინს D-სერინის მარაგი ელევა. Menin-ის აღდგენამ კი მეხსიერების ცენტრში D-სერინის დონე კვლავ აწია.

ამის პირდაპირ შესამოწმებლად მეცნიერებმა ხანდაზმულ თაგვებს წყალში D-სერინი გაურიეს და სამი კვირა ასვეს. ცხოველებმა სწავლისა და მეხსიერების ტესტები გაცილებით უკეთ ჩააბარეს იმ პირობებშიც კი, როცა Menin მათთვის პირდაპირ არ აღუდგენიათ.

ოღონდ აქ ერთი დიდი სხვაობა გამოიკვეთა – თუ Menin-ის მომატებამ გონებრივიც და ფიზიკური ნიშნებიც გამოასწორა, D-სერინმა მხოლოდ აზროვნებასა და მეხსიერებას უშველა. მას ძვლები და კანი არ გაუუმჯობესებია. ეს ნიშნავს, რომ Menin დაბერებას რამდენიმე ფრონტიდან უტევს, D-სერინი კი მისი ძალის მხოლოდ ერთი ნაწილია.

წყარო: Sciencedaily

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგდღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

რა უნდა გააკეთოს კომპანიამ კიბერშეტევის პირველ 72 საათში?