in

ექსპერიმენტული ტვინის იმპლანტი მყისიერად აფიქსირებს და ამსუბუქებს ტკივილს!

სისტემას ავტომატურად რეგულირებადი ტვინი-მანქანის ინტერფეისი ეწოდება

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტვინის იმპლანტი, რომლის მიზანიც ტკივილის შეგრძნებების რეალურ დროში დადგენა და მისი შემსუბუქების სტიმულაციაა. მოწყობილობა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია, მაგრამ კონცეფციის შესწავლის ახალი მტკიცებულება აჩვენებს, რომ იგი ეფექტურად მუშაობს მღრღნელების შემთხვევაში.

იმპლანტების სამყაროში მეცნიერულ ფანტასტიკასა და რეალობას შორის უფსკრული ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. თუმცა მიღწეული შედეგები სულ უფრო მეტად გვაახლოვებს წარმოუდგენელ პროგრესთან – დაწყებული ღორების მიერ ნერვული აქტივობის გადაცემით, დამთავრებული პარალიზებული ადამიანების მიერ გონებით კომპიუტერების კონტროლით. ახლადშექმნილ ინტერფეისს კი ტკივილის სიგნალების დადგენა და შესაბამისი რეაგირების გამოვლენა, ანუ მისი შემსუბუქება შეუძლია.

სისტემას ავტომატურად რეგულირებადი ტვინი-მანქანის ინტერფეისი ეწოდება. ამგვარ მოწყობილობებს ეპილეფსიური კრუნჩხვების გამოვლენისა და მკურნალობის თვალსაზრისით უკვე საკმაო ხანია, მიმართავენ. თუმცა ტკივილის სამკურნალოდ გამოყენების მცდელობა აქამდე არ ყოფილა.

უკეთ რომ წარმოვიდგინოთ სისტემის მუშაობის პრინციპი, ის ასეთია – ელექტროდების მასივი აფიქსირებს ტკივილის სიგნალებს და მათ დეკოდირებას ახდენს, ხოლო ოპტოგენეტიკური სისტემა ასტიმულირებს პირამიდულ ნეირონებს. საბოლოო ჯამში ეს ე. წ. ნეირონულ უკუკავშირს ქმნის, რომელიც ტკივილს მისი წარმოქმნისთანვე თრგუნავს.

ახალი კვლევის წამყვანი ავტორი ჯინგ ვანგი აღნიშნავს, რომ სისტემის ავტომატიზირებული ხასიათი ამცირებს მისი დასაშვებზე მეტად გამოყენების რისკს. სუბიექტს არ აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი სისტემის გააქტიურების კონტროლის შესაძლებლობა. ამასთან, მიუხედევად იმისა, რომ სისტემა თავის ტვინში ტკივილის შემცირებაზეა კონცენტრირებული, იგი სინთეტურ ნარკოტიკულ პრეპარატთან არ უნდა ასოცირდებოდეს.

საგულისხმოა, რომ მღრღნელებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევაში სისტემა ტკივილის ტიპების 80%-ზე ეფექტურად მოქმედებდა. ეს მოიცავდა მექანიკურ, თერმულ, ანთებით და ნეიროპათიულ ტკივილებს. ასევე, სისტემა ეფექტური იყო ცხოველების რიგი სენსორული და ქცევითი ტკივილის რეაქციების დათრგუნვაში – გამოდის, მას ნამდვილად აქვს მწვავე ტკივილის შემსუბუქების უნარი.

“ჩვენი დასკვნების თანახმად, ეს იმპლანტი გთავაზობთ ტკივილის თერაპიის ეფექტურ სტრატეგიას, თუნდაც იმ შემთხვევებში, როდესაც სიმპტომების დადგენა ან მართვა ჩვეულებრივ რთულია” – ამბობს ჯინგ ვანგი.

საგულისხმოა, რომ იმპლანტთან მიმართებით რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი – ეს არის ის ფაქტი, რომ ადამიანებს არ აქვთ თავის ტვინის მკაფიოდ გამოკვეთილი უბნები, რომლებიც ერთობლივად მართავენ და ამუშავებენ ტკივილს… ამიტომ, უფრო მეტი გამოკვლევის ჩატარება იქნება საჭირო.

გარდაუვალია ისიც, რომ ტვინის ზოგად სტიმულირებას კონკრეტულ უბნებზე არასპეციფიკური ეფექტები ექნება, რომლებიც ტკივილის კონტროლს სცილდება. ამრიგად, იმისთვის, რომ ეს რაიმე ფორმით სასარგებლო აღმოჩნდეს ადამიანისთვის, მკვლევარებმა ტექნოლოგიის სპეციფიკა უნდა გააუმჯობესონ.

და მაინც, მიუხედავად გარკვეული სპეციფიკური ნიუანსებისა, ეს კონცეპტუალური დემონსტრაცია სამომავლო განვითარების საინტერესო გზებზე მიუთითებს. “ჩვენი კვლევა მკვლევრებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ, როგორ მოქმედებს ტვინში ტკივილი. უფრო მეტიც, ეს საშუალებას მოგვცემს, ვიპოვოთ არანარკოლოგიური თერაპიები ისეთი ნეიროფსიქიატრიული დარღვევებისთვის, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია და პოსტტრავმული სტრესი” – აცხადებენ მკვლევრები.

ისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის ხელოვნება

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება