in

ტვინის ახალი იმპლანტი უსინათლო პაციენტებს დანახვაში ეხმარება

16-წლიანი უსინათლობის შემდეგ, ქალმა გარემო ტვინის იმპლანტის დახმარებით დაინახა

ესპანელმა მეცნიერებმა უსინათლო პაციენტის ტვინში იმპლანტი მოათავსეს, რომლის მეშვეობითაც მან დანახვა შეძლო. ეს ტვინის ვიზუალური ქერქის უშუალო სტიმულირებით გახდა შესაძლებელი.

სისტემა “ხელოვნურ ბადურას” იყენებს, რომელიც სპეციალურ სათვალეზეა დამაგრებული და მის წინ არსებულ სინათლეს აღიქვამს. შემდეგ კი სინათლე ელექტრულ სიგნალებად ითარგმნება და ტვინის იმპლანტისკენ მიკრო-ელექტროდების სერიის სახით იგზავნება. შედეგად, უსინათლო ადამიანი სათვალის მიერ დანახულ შუქს/ინფორმაციას “ხედავს”.

მკვლევრებმა სისტემა 57 წლის ქალზე გამოსცადეს – იგი 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სრულიად ბრმა იყო. ხოლო ექსპერიმენტის შედეგად, მან საბოლოოდ შეძლო ხელოვნური ბადურას მიერ ნაპოვნი ფორმებისა და სილუეტების იდენტიფიცირება, რაც ბიონიკური თვალების კუთხით პროგრესზე მიუთითებს.

“ვიზუალურად განცალკევებული ნეირონებისგან მუდმივად ვიღებდით მაღალი ხარისხის ჩანაწერებს და დროთა განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებდა” – ნათქვამია კვლევაში. ასევე. ავტორები დასძენენ, რომ პაციენტს “ზოგიერთი ასოს ამოცნობა” და “ობიექტების საზღვრების დანახვაც” შეეძლო.

შესაძლოა, ბევრი ადამიანი შეაშინოს ტვინში ელექტროდების იმპლანტირების იდეამ, რაც სრულიად ბუნებრივი რეაქციაა ამგვარი ინოვაციისადმი. თუმცა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სისტემას არანაირი გავლენა არ ჰქონია ტვინის რომელიმე სხვა ნაწილზე, გარდა ვიზუალური კორტექსისა. იმპლანტი ვიზუალურ აღქმასთან დაუკავშირებელ ნეირონებს არ შეხებია და შესაბამისად, არც მათი სტიმულაცია გამოუწვევია. ამრიგად, სისტემა სრულიად უსაფრთხოა. თანაც, მას ნაკლები ელექტროაქტივობა სჭირდება, სხვა მსგავს იმპლანტებთან შედარებით.

იმპლანტი პაციენტის ტვინიდან ექვსთვიანი გამოყენების შემდეგ ამოიღეს. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ეს ტექნოლოგია ფართო მასებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა პირველად ინდიკატორები საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება. ნეირონული იმპლანტებისა და გენის რედაქტირების ტექნოლოგიას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, უსინათლობის განკურნება მალე გადაულახავი დაბრკოლება აღარ იყოს.

„2 ნაბიჯისა“ და Art Nation Loyalty-ის ერთობლივი ლოიალობის აქცია დაიწყო!

Rockstar Games-მა Grand Theft Auto-ს განახლებული ტრილოგიის თრეილერი გამოაქვეყნა