in

როგორ შეუძლიათ ლიდერებს ტვინის ქიმიის დახმარებით პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნა

თანამშრომლების ბედნიერებასა და პროდუქტიულობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ადამიანები 13%-ით უფრო პროდუქტიულები არიან, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობენ. კომპანიები ამას ხშირად გაუმჯობესებული ბენეფიტებითა და მოქნილი გრაფიკით პასუხობენ, თუმცა ხელმძღვანელებს აქვთ კიდევ ერთი ყოველდღიური ბერკეტი. ესაა ის გარემო და ემოციური გამოცდილება, რომელსაც გუნდისთვის ქმნიან.

ტვინის ქიმია და ბედნიერების განცდასთან დაკავშირებული ნივთიერებები – დოფამინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი და ენდორფინი – მჭიდრო კავშირშია პროფესიულ წინსვლასთან, აღიარებასთან, გუნდურობასა და საერთო განწყობასთან. მიღწევების დანახვა, მჭიდრო სოციალური კავშირები და გულწრფელი ემოციები ააქტიურებს იმ ნეიროქიმიურ პროცესებს, რომლებიც ზრდის მოტივაციას. ერთი ადამიანის ენთუზიაზმი კი მთელი გუნდის ენერგიად გარდაიქმნება.

მცირე გამარჯვებების დანახვა და აღნიშვნა

დოფამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოტივაციაში, სწავლასა და ჯილდოს მოლოდინში. სწორედ ამიტომ, პროგრესის ხშირი ფიქსაცია და მიკრომიღწევების აღნიშვნა გუნდს მუდმივ მუხტს აძლევს. ეს შეიძლება გამოიხატოს კვირის გამორჩეული შედეგის გაზიარებით საერთო ჩატში, კონკრეტული წარმატების ხმამაღლა აღნიშვნით საერთო შეხვედრებზე ან სამუშაო კვირის დასრულებით იმ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის დასახელებით, რომელიც გუნდმა ერთად გადადგა. დედლაინის დაცვა, პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრის დანიშვნა თუ რთული პრობლემის გადაჭრა – ნებისმიერი წინსვლა აღნიშვნას იმსახურებს.

ყოველდღიური მადლიერება

სეროტონინი პასუხისმგებელია განწყობის ამაღლებასა და სოციალური ქცევის რეგულირებაზე. ლიდერობის პრაქტიკაში მადლიერება და დამსახურებული აღიარება ქმნის პოზიტიურ სოციალურ უკუკავშირს.

გულწრფელ მადლობას, რომელსაც ადამიანი ავტორიტეტული ხელმძღვანელისგან ან კოლეგისგან იღებს, მთელი დღის ემოციური ფონის შეცვლა შეუძლია. ამ პროცესის სისტემურ პრაქტიკად გადაქცევა შესაძლებელია თათბირებზე მოკლე დროის დათმობით კოლეგების მიმართ მადლიერების გამოსახატად, ცალკე არხის შექმნით თანამშრომლების დამსახურებების აღსანიშნავად ან ინდივიდუალურ შეხვედრებზე კონკრეტული მადლობის გაჟღერებით. მსგავსი ნაბიჯები ამაღლებს გუნდის მორალს და ხაზს უსვამს იმ ქცევებს, რომლებიც კომპანიას წინსვლაში ეხმარება.

სოციალური კავშირების რიტუალები

ოქსიტოცინი ადამიანებს შორის ნდობასა და მიკუთვნებულობის განცდას აყალიბებს. ურთიერთობების როლი გადამწყვეტია მენტორობაში, პრობლემების გადაჭრასა და ემოციურ მხარდაჭერაში.

ამ კავშირების გამყარება შესაძლებელია მარტივი მიდგომებით, როგორიცაა შეხვედრების დაწყება მოკლე, არაფორმალური კითხვებით, რომლებიც თანამშრომლებს ერთმანეთის ცხოვრებითა და ინტერესებით დააინტერესებს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ერთობლივ ლანჩებს, გუნდურ გასვლებსა და მოხალისეობრივ აქტივობებს. საქველმოქმედო ინიციატივები თუ სოციალური პროექტები აერთიანებს საერთო მიზანსა და ურთიერთობას, რაც თანამშრომლებს ხანგრძლივ საერთო გამოცდილებას უქმნის.

პოზიტიური განწყობისა და გართობის ელემენტები

სამუშაო სივრცეში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები ხშირად სწორედ პოზიტიურ ემოციებსა და სიცილს უკავშირდება. მოძრაობა და ჯანსაღი იუმორი ააქტიურებს ენდორფინების გამოყოფას, რაც ხსნის დაძაბულობას და აძლიერებს სოციალურ ერთობას.

ეფექტიანი პრაქტიკაა შეხვედრების წარმართვა ფეხით სეირნობისას, ხანგრძლივი თათბირების დროს მოკლე ფიზიკური შესვენებების ჩართვა, პროექტების დასრულებისას ან დაბადების დღეებზე სახალისო ტრადიციების შემოღება და საერთო შეხვედრებზე გულწრფელი ღიმილის წახალისება. დაძაბულ პერიოდებში პოზიტიური ატმოსფერო საუკეთესო წამალია კორპორაციული კულტურისთვის, როდესაც ის ბუნებრივად ერგება გუნდის ხასიათს.

პირადი მაგალითის გაზიარება

ლიდერები, რომლებიც ავლენენ ემპათიას, ზეიმობენ პროგრესს და ღიად გამოხატავენ ადამიანურ ემოციებს, ქმნიან იმ გადამდებ ენერგიას, რაც გარშემომყოფებს აძლიერებს. თანამშრომლები მუდმივად აკვირდებიან, რას ამჩნევს, აჯილდოებს და აფასებს ხელმძღვანელი. სწორედ ასე მკვიდრდება კულტურული ნორმები და ყალიბდება საფუძველი გუნდის განვითარებისთვის.

სამუშაო კულტურა კონკრეტულ მომენტებში შენდება. ესაა შემჩნეული გამარჯვება, ხმამაღლა ნათქვამი მადლობა, გაზიარებული ემოცია და ისტორია, რომელიც ყველას ახსენებს საქმის რეალურ ღირებულებას. ამ გამოცდილებების მიზანმიმართული შექმნით ხელმძღვანელები ტვინის ბუნებრივ მექანიზმებს საერთო მიზნისკენ მიმართავენ და თანამშრომლებს აძლევენ შესაძლებლობას, თავი კომფორტულად იგრძნონ და ეს განწყობა საკუთარ საქმეს მოახმარონ.

წყარო: Fastcompany

500,000-ამდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი Financial Times-ის ბრიტანეთის საუკეთესო CEO-ების რეიტინგის ლიდერებს შორისაა