in

გარდაცვალებიდან რამდენ ხანში კვდება ადამიანის ტვინი?

ნამდვილად საშინელი კითხვაა, მაგრამ მეცნიერებმა უკვე ამაზეც მიიღეს პასუხი — რამდენ ხანს შეუძლია ტვინს ინფორმაციის დამუშავება სხეულისგან განცალკევების შემდეგ? ნამდვილად თვალწინ ჩაგვივლის მთელი ცხოვრების ეპიზოდები? და რამდენი დრო სჭირდება საბოლოო გაქრობას ასეთი კატასტროფული შემთხვევის შემდეგ?

M2
M2

გიომ ტიერი, ბანგორის უნივერსიტეტის კოგნიტიური ნეირომეცნიერების პროფესორი, სწორედ ამ კითხვების ირგვლივ აწარმოებს კვლევას. როგორც თავად აღნიშნავს, კონცეფციაზე ფიქრი ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პირველად გაეცნო გილიოტინის გამოყენების შესახებ არსებულ ინფორმაციას…

„რამდენადაც ახლა ვიცით, გულის გაჩერებიდან 6 წუთის შემდეგ ტვინი არსებითად კვდება. ამ დროს მდგომარეობის გაუარესება უკუქცევის წერტილს აღწევს და ძირითადი ცნობიერება იკარგება — ანუ, ის, რაც გვეხმარება ვიგრძნოთ, რომ აქ ვართ და წარმოქმნილი აზრები ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის”, — წერს გიომ ტიერი.

თაგვებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მეტნაკლებად დაადასტურა ეს ჰიპოთეზა: ნერვული აქტივობა წყდება ცნობიერების დაკარგვიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ახლოს იყვნენ სიკვდილთან და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩაიარა მთელმა ცხოვრებამ მათ თვალწინ? „თუ პაციენტის რეანიმაცია 6, 7, 8 ან თუნდაც 10 წუთში მოხერხდა, თეორიულად, შესაძლებელია, ტვინის სრულ გათიშვას საათები დასჭირდეს“. 

უკიდურესად რთული და ბიოეთიკურად საშიშია მომაკვდავი ადამიანის ტვინის აქტივობის ჩაწერა და შესწავლა; თუმცა ერთ-ერთი ბოლო კვლევა ფოკუსირებული იყო კრუნჩხვების დროს ეპილეფსიით დაავადებული 87 წლის პაციენტის ტვინის ტალღების ჩაწერაზე. სამწუხაროდ, კვლევის დროს პაციენტს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. თუ ამ საკითხთან დაკავშირებული სტატია წაკითხული გაქვთ, გემახსოვრებათ, რომ ტვინის ზოგიერთმა ტალღამ პაციენტის გარდაცვალებისა და ტვინში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის შემდეგაც კი შეიცვალა მათი შაბლონები. მოკლედ, ნამდვილად არსებობს შანსი, რომ სიკვდილისას განვლილ ცხოვრებას ვადევნებდეთ თვალს.

რაც შეეხება შემდგომ კვლევებს, ტიერი იმედოვნებს, რომ სიკვდილის შემდეგ ნეირონების აქტივობის უფრო ხანგრძლივი გაზომვა და ტვინის ვიზუალიზაციაც იქნება შესაძლებელი.

არტისტის ფანტომური ღრუბლები ფოტოებზე

როგორ გავაერთიანოთ ადამიანები საერთო ინტერესების ირგვლივ? – ნინი ზექალაშვილი და მარიამ გაგუა გამოცდილებას გვიზიარებენ