in

რატომ უყვარს ტვინს გამოწვევები?

M2
M2

რთული საქმეების შესრულება დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა კი ხშირად უსიამოვნოა. თუმცა სხვა კუთხით თუ შევხედავთ, რიგ მომენტებში სწორედ გამოწვევებს ვეძებთ — მაგალითად, ყოველგვარი აშკარა გარე ჯილდოს გარეშე, მზად ვართ, საცოც კედლებზე ავიდეთ და ჩამოვვარდეთ კიდეც. რომ აღარაფერი ვთქვათ მთამსვლელებზე, მარათონებში მონაწილეობაზე და სხვ.

ჩვენი მიდრეკილება რთული საქმეების კეთებისკენ, რაც თავს ცუდად გვაგრძნობინებს, ე. წ. „ძალისხმევის პარადოქსია“. ჩვენი ტვინი მუდმივად აანალიზებს არჩევანისა და ქმედებების ხარჯებს თუ სარგებელს. როდესაც რთულ სამუშაოს ვასრულებთ, ტვინის წინა ნაწილში მდებარე სარტყლისებრი ხვეული ჩვენს ძალისხმევასა და მის ნერვულ აქტივობას აკონტროლებს. ძალისხმევის ეს სიგნალები ტვინს ეხმარება, განსაჯოს, უნდა განვაგრძოთ თუ არა რაიმეს კეთება.

ადვილი საქმის არჩევა გაცილებით მარტივია

ისტორიულად, კოგნიტიური ნეირომეცნიერებისა და ქცევითი ეკონომიკის სფეროები ინტუიციურ წარმოდგენებზეა ფოკუსირებული. ამ წარმოდგენებით, რაიმეს შესასრულებლად ძალისხმევის გამოჩენა ხშირად რთულია — როდესაც ადამიანებს არჩევანის უფლება ეძლევათ ორ შემეცნებით ამოცანას შორის, ისინი აშკარა უპირატესობს ანიჭებენ უფრო მარტივს. სანაცვლოდ კი ნაკლებ ჯილდოსაც დასჯერდებიან. ამასთან, ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები მზად არიან, ფიზიკურ ტკივილს შეეგუონ, რათა თავიდან აიცილონ ამოცანები, რომლებიც გონებრივ განვითარებას საჭიროებს.

ამასთან, როგორც ირკვევა, მხოლოდ ადამიანებს არ ახასიათებთ სიზარმაცე. ამას მეცნიერები „უმცირესი ძალისხმევის კანონს“ უწოდებენ და ის ცხოველებზეც ვრცელდება — მაგალითად, ვირთხები ლაბირინთის იმ ნაწილებს გაურბიან, რომლებიც ზედმეტ ფიზიკურ ძალისხმევას საჭიროებს.

რატომ არის კარგი, როცა ტვინს შიშის აღქმა შეუძლია?

აღსანიშნავია, რომ გონებრივ ძალისხმევას ფიზიკური დატვირთვაც ახლავს თან: სიმპათიკური ნერვული სისტემა იფეთქებს, აღქმა ფართოვდება და გული უფრო სწრაფად სცემს. „უბრალოდ უსიამოვნოა ძალისხმევის გამოჩენა და მისი თვიდან აცილებისკენ ვართ მიდრეკილნი. მიუხედავად ამისა, მაინც არის რაღაც ღირებული და მომგებიანი საკუთარი თავის დაძაბვაში“, — აღნიშნავს მაიკლ ინზლიხტი, ტორონტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი.

ერთ-ერთი აშკარა მიზეზი, რის გამოც გამოწვევებისკენ მივილტვით, არის საბოლოო პროდუქტი, იქნება ეს ჩემპიონატის თასი, პირადი ჯილდო თუ სხვა. ინზლიხტის თქმით, რეალურ სამყაროში რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, მით მეტ ჯილდოს ვიღებთ. თანაც, ნეიროვიზუალიზაცია აჩვენებს, რომ თავის ტვინის უბანი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს დადებითი შედეგების დამუშავებაში, უფრო აქტიურდება, როცა რაღაცას მეტი ძალისხმევით ვაღწევთ, ვიდრე ნაკლებით.

ადამიანები ძალისხმევას აფასებენ

როგორც ირკვევა, რაც უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს რაღაც, მით უფრო მეტად ვაფასებთ მას. ადამიანები მზად არიან გადაიხადონ უფრო მეტი იმ ობიექტში, რომელიც თავად ააშენეს, ვიდრე ზუსტად ისეთივეში, რომელიც სხვებმა შექმნეს.

მაგრამ რატომ ვაფასებთ უსიამოვნო ძალისხმევას? რატომ ეძებენ მთამსვლელები და სხვა მღელვარების მაძიებლები „II ტიპის გართობას“, მაშინაც კი, თუ დაძაბულობა თავისთავად საშინლად გამოიყურება ამ მომენტში?

ერთი კვლევა ვარაუდობს, რომ პასუხი შეიძლება სწორედ ძალისხმევა იყოს. მკვლევართა თქმით, დაჯილდოებული ძალისხმევა და არა შედეგი, ადამიანებს რთული ამოცანების ძიება/შესრულებისკენ მოუწოდებს.

პირველ ექსპერიმენტში 121 ადამიანს დაუმონტაჟეს გულ-სისხლძარღვთა მონიტორინგის ელექტროდები, როგორც ფიზიკური საზომი, თუ რამდენად მძიმედ მუშაობდა მათი ტვინი მეხსიერების სტანდარტულ ამოცანაზე. მონაწილეთა ერთი ჯგუფი დაჯილდოვდა იმის მიხედვით, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო. მეორე ჯგუფი დაჯილდოვდა შემთხვევითი თანხებით, მიუხედავად მათი ძალისხმევისა.

შემდეგ იმავე მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ მათემატიკური ამოცანების კიდევ ერთი შემეცნებითი დავალება და სირთულის არჩევის უფლება მიეცათ. რაც მთავარია, მონაწილეებს უთხრეს, რომ ექსპერიმენტის ამ ნაწილისთვის ფულს არ მიიღებდნენ.

გარე ჯილდოს არარსებობის მიუხედავად, მონაწილეებმა, რომლებიც ადრე დაჯილდოვდნენ თავიანთი ძალისხმევისთვის, გადაწყვიტეს, უფრო რთული მათემატიკური ამოცანები გადაეჭრათ. შემთხვევითი ჯილდოს მფლობელებმა კი ნაკლებად გამოავლინეს ინტერესი.

მსგავსი შედეგი გამოიღო ონლაინ ექსპერიმენტების მეორე სერიამ, რომელშიც მონაწილეობა თითქმის 1500-მა ადამიანმა მიიღო: კვლავ, მონაწილეებმა, რომლებიც ადრე დაჯილდოვდნენ, მეტი შემეცნებითი ძალისხმევისთვის, აირჩიეს უფრო რთული მათემატიკური ამოცანების უფასოდ გადაჭრა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად გადაჭარბებული დატვირთვის უნდა ვმუშაობდეთ — გადაწვა და შესაძლო დაზიანება სასურველ შედეგამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს. თუმცა შრომისმოყვარეობა სასარგებლო უნარია იმ რთული მიზნების მისაღწევად, რომლებსაც აფასებთ. ძალისხმევის ღირებულების პოვნა არის ის, თუ რატომ შეგვიძლია ავიდეთ მთებზე და ვიპოვოთ ძალის ფარული რეზერვი ექსტრემალურ სიტუაციებში.

„მთავარი, გლობალური ჯილდო ჩვენ გვხვდა წილად!“ – საქართველოს ბანკის გლობალური ჯილდო Global Finance-ისგან

საქართველოს ბანკი და GITA ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების მხარდასაჭერად თანამშრომლობას იწყებენ