მოწყენილობა უნივერსალური, მთელ მსოფლიოში გავრცელებული ადამიანური ემოციაა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი განიცდის. პანდემიამ კი ქრონიკული მოწყენილობის მდგომარეობის ნორმალიზებას შეუწყო ხელი, რადგან ყველანი ერთდროულად აღმოვჩნდით დაღლილობის, დეპრესიისა და შფოთვის თანმხლები სხვა ემოციების წინაშე.
ჟურნალ Personality and Individual Difference-ში გამოქვეყნებული კვლევა ე. წ. „თვით თანაგრძნობას“ განიხილავს, როგორც მოწყენილობასთან გამკლავების საუკეთესო გზას. საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობის იდეის დასკვნამდე მისასვლელად მკვლევრებმა სამი კვლევა ჩაატარეს. თითოეულ მათგანში შესაბამისი პროპორციით მონაწილეობდა 49, 265 და 191 ადამიანი.
საკუთარი თავის თანაგრძნობასა და მოწყენილობას შორის კავშირის გასაგებად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას ნიშნავს სინამდვილეში მოწყენილობა. ჯონ ისტვუდი, იორკის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი, აღწერს მოწყენილობის მდგომარეობას, როგორც „დაუსაქმებელ გონებას“, რომელსაც რომელსაც სწყურია სტიმულირება ან კავშირი, მაგრამ ვერ პოულობს მას. მოკლედ რომ ვთქვათ, მოწყენილობა არის დამაკმაყოფილებელი საქმიანობის დაუკმაყოფილებელი სურვილი.

სწორედ აქ ჩნდება საკუთარი თავის თანაგრძნობის როლი. Very Well Mind-ის თანახმად, მისი პრაქტიკა „აუმჯობესებს აზრიანი ცხოვრების აღქმას ჩვენი თვითშეფასებისა და ჩვენი კავშირის გრძნობის გაძლიერებით — როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან“. ამასთან, წარსულმა კვლევებმა საკუთარი თავის თანაგრძნობა ცხოვრებით კმაყოფილებასა და უფრო აქტიურ სოციალურ ცხოვრებასთან დააკავშირა.
„ქრონიკული მოწყენილობა, ინდივიდისა და საზოგადოებისთვის მრავალ უარყოფით შედეგთან ასოცირდება. თვით თანაგრძნობის უნარის მქონე ადამიანები კი ნაკლებად განიცდიან მოწყენილობას… უფრო კონკრეტულად, საკუთარი თავის თანაგრძნობა ასოცირდება ცხოვრების მნიშვნელობის გაზრდილ აღქმასთან და, შესაბამისად, ნაკლებ მოწყენილობასთან“, — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი, Muireann O’Dea.
ზოგადად, ADHD-ის მქონე ადამიანები და ისინი, ვინც მუდმივ ყურადღებას ითხოვენ, ხშირად მიდრეკილნი არიან მოწყენილობისკენ, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც გაუცნობიერებლად ეძებენ მოწყენილობისგან გათავისუფლებას, როგორც ემოციური ტკივილისგან თავდაცვას. მაგრამ ციფრულ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გაიზარდა მოწყენილობისკენ მიდრეკილი ადამიანების რიცხვი.












