რამდენადაც მსოფლიო უახლოვდება ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქუჩებში ყოველდღიურ ნორმად იქცევა, ჯერჯერობით საზოგადოებას უჭირს ამ ტექნოლოგიის ნდობა. მთავარ მიზეზად კი სისტემების მიერ მონაცემთა შეგროვების სიზუსტე სახელდება — რა მოხდება, თუ სენსორი რეალურ დროში ვერ მოახერხებს პოტენციური საფრთხის დაფიქსირებას?
რეალურად, ეს შიში აზრსმოკლებული სულაც არ არის… მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მაღალტექნოლოგიური და მგრძნობიარეა ეს სენსორები, უბრალო ნაკაწრებს მათი შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შეფერხება შეუძლია. ამგვარი პრობლემის თავიდან ასარიდებლად კი, კორეის ქიმიური ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა „თვითგანკურნებადი“ მასალა შექმნეს.
მკვლევართა გუნდის თქმით, არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოუწვევია მხედველობის სისტემების დაზიანებას და გაუმართაობას — მაგალითად, როგორიცაა LiDAR ან გამოსახულების სენსორები. ამიტომაც, საზოგადოების მხრიდან თვითმართვადი მანქანების უსაფრთხოების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია. „ჩვენი ინოვაციური ლინზის ზედაპირზე წარმოქმნილი ნაკაწრები ავტომატურად აღდგება და სენსორს რაიმე დაბრკოლება არ შეექმნება. თვითგანკურნებადი საფარი ამ პრობლემას 60 წამში აგვარებს“.
გარდა ამისა, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მასალას აქვს „სრულყოფილი“ სამკურნალო თვისებები. უფრო კონკრეტულად, მას ნაკაწრების აღდგენა მაშინაც კი შეუძლია, თუ ერთსა და იმავე ადგილას ხუთჯერ ან მეტჯერ დაზიანდება.
ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს ამ სენსორების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას, რაც ხშირად შეიძლება ძვირადღირებულ სერვისებთან იყოს დაკავშირებული, არამედ უსაფრთხოებასაც ახალ საფეხურზე აიყვანს.