ალბათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში მცხოვრები მცხოვრები ადამიანი უცბად ჩვენს თანამედროვეობაში რომ აღმოჩენილიყო, ერთიანად ჩამოემსხვრეოდა გონებაში მყარად გამჯდარი წარმოდგენები. ყოველ შემთხვევაში, საჰაერო და კოსმოსურ მოგზაურობებთან დაკავშირებით მაინც.
მაგალითად, 1901 წელს აშშ-ის საზღვაო ძალები ფრენად „ფუჭ ფანტაზიას“ უწოდებდნენ. ამ თემაზე საკმაოდ მწვავე კრიტიკულ სტატიებსაც კი წერდნენ. როგორც ჩანს, „ზღვის ადამიანებისთვის“ რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ კაცობრიობა ჰაერის ათვისებასაც შეძლებდა — იქ ხომ არაფერია ხელშესახები.
„ალბათ, არ შეიძლება მოიძებნოს უკეთესი მაგალითი იმისა, რომ სპეკულაციური მიდრეკილებები ადამიანს ქიმერიულ ზღვრამდე მიიყვანს. მცდელობა, მიბაძოს ფრინველებს, ყველაზე აშკარა გამოვლენაა ამისა“, — ამბობდა ჯორჯ მელვილი, აშშ-ის საზღვაო ძალების მთავარი ინჟინერი.
მალევე, 1903 წელს, New York Times-მა საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა. გამომცემლობა წინასწარმეტყველებდა, რომ პილოტირებული ფრენის განვითარებას 1-დან 10 მილიონ წლამდე პერიოდი დასჭირდებოდა. სტატია, სახელწოდებით „მფრინავი მანქანები, რომლებიც არ დაფრინავს“, მეტისმეტად კრიტიკული შეფასებებით იყო გამსჭვალული. ავტორების აზრით, ადამიანური ძალისხმევა რაღაც უფრო სერიოზულისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.
თუმცა მხოლოდ ცხრა კვირის შემდეგ ძმებმა რაიტებმა პირველი პილოტირებული ფრენა შეასრულეს.
მილიონწლიანი პროგნოზი რომ ვერ გამართლდა, უკვე 1910 წელს ახალი „საწუწუნო“ იპოვა საზოგადოებამ. ძმებმა რაიტებმა კი დაადასტურეს, რომ ფრენა სრულიად შესაძლებელია, ადამიანებმა ჩათვალეს, ეს მხოლოდ მდიდრებისთვის განკუთვნილ თამაშს წარმოადგენდა — როგორც ვხედავთ, აღნიშნული შეხედულებაც მცდარი აღმოჩნდა.
ცოტა ხანში მხოლოდ დედამიწისეული ფრენები არ გვეყო და კოსმოსისკენ ავიღეთ გეზი. 1955-ში პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა აშშ-ის პირველი სატელიტური პროგრამის შესახებ გამოაცხადა. ბრიტანელმა ასტრონომმა კი ამის საპასუხოდ აღნიშნა: „კოსმოსური მოგზაურობა სრული სიზარმაცეა. ეს უბრალოდ ხალხის ფულის ფლანგვაა“.
ხოლო როცა პირველად დავდგით მთვარეზე ფეხი, კვლავ კრიტიკული აზრები გაისმა: „მთვარეზე ფოკუსირებაში შეიძლება, დედამიწა დავკარგოთ“ — ამ ფრაზის ავტორმა რომ იცოდეს, ახლა უკვე მარსის კოლონიზაციაზე რომ მიდის საუბარი და ვების ტელესკოპი საერთოდ ყველანაირ საზღვარს სცდება…