თვითრეკლამა – ეს სიტყვაც კი, რაღაცნაირად, უხერხულად ჟღერს. შემოქმედი საქმიანი ადამიანების უმეტესობას ნერვიულობის განცდა ეუფლება, როცა „გამოქვეყნების“ ღილაკზე კურსორს აკლიკებს. ეს არაა გასაკვირი, რადგან შენს ნამუშევარში გული და სული ჩადე და ამაყობ იმით, რაც შექმენი, მაგრამ სხვებისთვის გაზიარებისას მაინც არასრულფასოვნების კომპლექსი გერთვება.
რეალურად, შემოქმედი ადამიანებისთვის თვითრეკლამა გარდაუვალია. რაც არ უნდა კარგი იყოს თქვენი პორტფოლიო, კლიენტები მას ჯადოსნური ძალის მეშვეობით ვერ წააწყდებიან, ხოლო ზეპირი გზით თქვენ შესახებ რეკომენდაციების გაცემა მხოლოდ გარკვეულწილად დაგეხმარებათ.
ნერვიულობა საჭირო არ არის. საკუთარი თავის პოპულარიზაცია სირცხვილი არ არის. სინამდვილეში, ამ საქმის სწორად გაკეთების შემთხვევაში, ეს შეიძლება სახალისოც კი იყოს.
ქვემოთ გაგიზიარებთ საუკეთესო რჩევებს, როგორ შეიძლება გააკეთოთ საკუთარი საქმის რეკლამა ისე, რომ ამან არანაირი უხერხულობა არ შეგიქმნათ.
გამოდით ჩრდილიდან
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოჩენაა, უბრალოდ, ხმამაღლა საუბარი და არა ტრაბახი. ეს არის საკუთარი თავის გაზიარება, სხვებისთვის იმის ჩვენება, რა სფეროში ხართ და რას აკეთებთ.
იყავით გულწრფელი
ტრადიციულად, გაყიდვები და მარკეტინგი სტერეოტიპულად აღიქმებოდა, როგორც სატყუარა. თუმცა, როდესაც საქმე თვითრეკლამირებას ეხება, ოქროს წესი არის გულწრფელობა, ინფორმაციის მარტივ ენაზე მიწოდება. თქვენი ტონი არ უნდა იყოს აგრესიული მარკეტინგის მსგავსი და გაყიდვებზე ორიენტირებული, ისე უნდა ილაპარაკოთ საკუთარ მიღწევებსა თუ უნარებზე, როგორც ახლო მეგობრებს მოუყვებოდით.
პატარა და გულწრფელი პოსტები ნდობას გაცილებით სწრაფად ამყარებს, ვიდრე ერთი დიდი შეძახილი. გამოცდილი ფრილანსერები თუ სხვადასხვა სფეროში მომუშავე საქმიანი ადამიანები გვირჩევენ, გამოვიყენოთ სოციალური ქსელები და გავაზიაროთ ჩვენი წარმატება.
გააზიარეთ ის, რაც გაინტერესებთ
აუცილებელი არ არის, ყოველთვის მხოლოდ საკუთარ მიღწევებზე წერდეთ და ამაყი ჩანდეთ, ზოგჯერ, უბრალოდ, საკმარისია ისეთი კონტენტის გაზიარება, რომელიც თქვენს სამუშაოსთან ახლოსაა.
თანმიმდევრულობა სჯობს ინტენსივობას
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თვითრეკლამის მნიშვნელოვანია ასპექტია რეგულარულად გამოქვეყნება, რაც ზოგს ისე ესმის, თითქოს ყოველდღე უნდა პოსტოს რამე. ეს უკვე გადამეტებულია.
კვირაში ერთი მასალის გაზიარება სავსებით საკმარისია, უბრალოდ, მას სერიოზულად უნდა მიუდგეთ და ჩვევად აქციოთ. იფიქრეთ იდეებზე, როგორ შეიძლება გახდეს კონტენტის შექმნა თქვენი რუტინის ნაწილი, ისევე როგორც გადასახადების გადახდა ან ინვოისების გაგზავნა.
შექმენით თქვენი „სამსახურებრივი მე“
შეხედეთ თქვენს თავს გვერდიდან, თითქოს ცალკე პერსონაა, რომლის პოპულარიზაციაც თქვენი მიზანი გახდა. ჩამოწერეთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ამ პერსონას საზოგადოების თვალში მიმზიდველად წარმოაჩენს, აჩვენებს მის დადებით თვისებებს, უნარებს, სამუშაო სპეციფიკას, გუნდურ მუშაობას და ყველას დაანახებს, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ.
შეხედეთ ამას ხალისით
თვითრეკლამა შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ, რეალურად, საჭირო და სახალისოა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მოწონება ექნება და ვინ რას იფიქრებს. მთავარია, თქვენ თავი გაართვათ და გაზიარება დაიწყოთ. არ იფიქროთ იმაზე, რას იფიქრებენ თქვენს პოსტზე სხვები.
ნუ იქნებით მოკრძალებული
სხვა კუთხით შეხედეთ თვითრეკლამის ამბავს – თქვენ ხომ იმას აზიარებთ, რაც ნამდვილად გაქვთ გაკეთებული და არა ტყუილებს? ასეთ შემთხვევაში, მოკრძალება არ არის საჭირო. იყავით უფრო თამამი და თავდაჯერებული, კარგი და საინტერესო პროექტების კეთება, რაღაც ახლის შექმნა და შემდეგ ამისი გაზიარება არანაირად არ ნიშნავს ცუდ ტონს და თუ ვინმეს ამაზე უარყოფითი რეაქცია აქვს, ეს მისი პრობლემაა და არა თქვენი.
მთავარია, რომ პოსტები არ იყოს ზედმეტად ტრაბახის შემცველი და ვინმეს დასაკნინებელი.
დროთა განმავლობაში თვითრეკლამა თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი ისე გახდება, რომ ამას ვეღარც შეამჩნევთ და არათუ უხერხულობა იგრძნოთ, არამედ პირიქით, გენდომებათ, რომ აუდიტორიასთან ილაპარაკოთ. ეტაპობრივად ახალი იდეებიც მოგივათ და მოტივაციასაც უფრო გაგიზრდით, რადგან, როცა საკუთარ თავს აჩვევ წარმატებების გაზიარებას, შემდეგ უფრო მეტად სთხოვ მას, რომ მუდმივად იყოს წარმატებაზე ორიენტირებული, რათა ყოველთვის ჰქონდეს რაიმე გასაზიარებელი.












