in

ბრენდი, რომელმაც ინგლისელებს ჩაის სმა ასწავლა – Twinings

დღევანდელ რუბრიკაში ისეთ ბრენდზე უნდა გესაუბროთ, რომლის კითხვასაც ჩაის სმა უხდება, ამიტომ, თუ შეგიძლიათ, წინასწარ მოიმზადეთ და ისე შეუდექით კითხვას, მერე გაწყვეტა რომ არ მოგიწიოთ. 

istoriebi
istoriebi

ლონდონის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, მდინარე ტემზის მიმდებარედ, მდებარეობს უძველესი მაღაზია, სადაც ხალხი კარგ, ხარისხიან ჩაის 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყიდულობდა. ეს არის Twinings-ის ბრენდი, რომელიც უბრალოდ ჩაის კი არ ყიდდა, არამედ ქმნიდა და ამკვიდრებდა ახალ გემოებს.

ვინ არიან ტვინინგსები

ტვინინგსების ოჯახი 1684 წელს ეკონომიკური პრობლემების გამო დასახლდა ლონდონში. მათ ქსოვის საოჯახო ბიზნესი ჰქონდათ. მომავალში ცნობილი ტომას ტვინინგი მამის შეგირდი იყო და სწავლობდა ბიზნესის მართვას. 26 წლის ასაკში აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიასთან დაიწყო ჩაის წარმოებაზე მუშაობა. ამ დროს ჩაი ინგლისისთვის ჯერ კიდევ ახალი პროდუქტი იყო, სასმელი წყლის სიბინძურის გამო კი, ძალიან პოპულარული იყო ადუღებული წყალი და მისგან დამზადებული პროდუქტები. იმ დროისთვის ჩაი ყველასთვის ხელმისაწვდომი არც იყო.

ტომასმა დაინახა ამ პროდუქტის პოტენციალი და გახსნა ყავის მაღაზია, სადაც ჩაიც იყიდებოდა და ცოტა ხანში 2000-ზე მეტ კონკურენტ ყავის მაღაზიას გადააჭარბა მოგებით. შედეგად, მან გააფართოვა თავისი შენობა და აქვე დაიწყო საკულტო ჩაის წარმოება. 

ახალი მემკვიდრე ახალი გეგმებით

1771 წელს კომპანია რიჩარდ ტვინინგმა ჩაიბარა. ის ცნობილია, როგორც მკაცრი მომლაპარაკებელი, რომელსაც დიდი ამბიციები ჰქონდა. ეს გამოიხატებოდა მის სურვილში, ჩაი ხელმისაწვდომი გაეხადა ნებისმიერი ადამიანისთვის და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად ექცია. მან დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი, რომ გადასახადების შემცირების შემთხვევაში შემოსავლები გაიზრდებოდა. შედეგად, პრემიერ მინისტრმა მიიღო 1784 წლის შეღავათების აქტი, რომელმაც შეამცირა გადასახადები, რათა სასმელი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის.

სამეფო ორდენი

1837 წელს, დედოფალმა ვიქტორიამ Twinings-ს მიანიჭა ორდენი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის ჩაის მიწოდებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. 1972 წელს Twinings იყო პირველი კომპანია, რომელმაც მოიგო “Queen’s Awards”.

რატომ უყვართ Twinings

მისი წარმოება ხდება შერჩევით, ფრთხილად და დაკვირვებით. ხარისხის გასაკონტროლებლად, პლანტაციიდან მზა პროდუქტამდე თითოეული ჩაი 15-ჯერ მაინც ისინჯება. ჩაის ფოთლები იქნება ეს თუ ხილი, ყველაფერი მკაცრ შემოქმებას გადის სულ მცირე 9 თანამშრომლის მიერ, რაც უზრუნველყოფს, რომ არაფერი იყოს შეუსაბამო კომპანიის სტანდარტებთან.

გარდა ამისა, ბრენდი ცნობილი ლოიალური დამოკიდებულებით დასაქმებულებთან. ეთიკური სტანდარტები, რომლებსაც ის აწესებს, გამორიცხავს დისკრიმინაციას ან რაიმე სხვა ტიპის არაჯანსაღ ქცევას თანამშრომლების მიმართ. შრომითი ურთიერთობების პატივისცემა მას კიდევ უფრო მეტად ეხმარება პატივისცემის მოპოვებაში.

რომ შევაჯამოთ, Twinings უნიკალური კომპანიაა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩაის მოხმარების ფორმირებას. ინგრედიენტები და ნაზავი უკვე სამასი წელია უცვლელად ინარჩუნებს ხარისხს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასამდე სახეობით არის წარმოდგენილი. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველგან, სადაც ეს ბრენდი შედის, პროდუქტი თანაბრად ხარისხიანია და ერთსა და იმავე გემოვნურ თვისებებს ატარებს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„სიმეტრია ჯიქია” – დეტალებში ნაფიქრი გარემო კარგი ცხოვრებისა თუ ინვესტიციისათვის

4 რჩევა ჭკვიანური შოპინგისთვის – VELI.store