in

Twinings tea – ბრენდი, რომელიც ჩაის საუკუნოვან ისტორიას ქმნის

ჩაის სმა რომ ჩაის მოყვარულებისთვის უბრალოდ სასმლის მიღება კი არა, ერთგვარი რიტუალია, ამაზე უკვე ბევრჯერ, სხვადასხვა ფორმით მოგიყევით. სწორედ ამ იდეას იზიარებს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩაის ბრენდი მსოფლიოში – Twinings, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის. ამ მწარმოებლების მიზანია, ჩაი ცხოვრების ნაწილად აქციოს და მის მოყვარულთა ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახადოს.

თვინინგსების ოჯახი

როგორც დღეს მომხმარებლები და ჩაის ექსპერტები ამბობენ, ეს ოჯახი რომ არა, შეიძლება არც კი გვცოდნოდა, რას ნიშნავს ნამდვილი ჩაი. 1684 წელს 9 წლის ტომას თვინინგი ოჯახთან ერთად ლონდონში გაემგზავრა. ოჯახი აქ დაფუძნდა და ტომასმაც, რომელსაც მოზარდობიდან კარიერული ამბიციები ჰქონდა, გადაწყვიტა უარი ეთქვა მქსოველის პროფესიაზე, რითაც მისი ოჯახი იყო დაკავებული. მან ჩაის ტექნოლოგიებისა და გაყიდვების შესწავლა დაიწყო.

მან გახსნა ყავის სახლი, რომელშიც ახალ სასმელს, ჩაისაც ყიდდა. თავდაპირველად ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა მის ამ წამოწყებას, თუმცა ცოტა ხანში ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ კონკურენტი ყავის სახლებიც კი მისგან ყიდულობდნენ ჩაის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ჩაის ყიდვა ფუფუნების საგანი იყო და მას მხოლოდ მდიდრები ყიდულობდნენ. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ იმდროინდელი ჩვეულებით, ქალებს ეკრძალებოდათ ყავის სახლში შესვლა, თუმცა ახალი პროდუქტით იმდენად იყვნენ დაინტერესებულები, რომ გარეთ რიგში დგომაზე არ ამბობდნენ უარს, რათა სასურველი ჩაი ეყიდათ. 

თუმცა ვითარება 1837 წლის შემდეგ შეიცვალა, როდესაც დედოფალმა ვიქტორიამ Twinings-ის ჩაის პირველი სამეფო ორდერი მიანიჭა – მან დანიშნა Twinings ჩაის მიმწოდებლად თავისი ოჯახისთვის. უნდა იცოდეთ ისიც, რომ მას შემდეგ დღემდე, ბრიტანული სამეფო ოჯახი სწორედ ამ ბრენდის ჩაის მიირთმევს. 

ოჯახური ბიზნესის წარმატება

ტომას თვინინგის ვაჟმა, დანიელ თვინინგმა ჩაი ექსპორტზე გაიტანა. მის წიგნში ვკითხულობთ, რომ 1749 წელს Twinings ჩაი იყიდებოდა ამერიკაში და ერთ-ერთი კლიენტი ბოსტონის გუბერნატორი იყო. 

1784 წლიდან, როდესაც კომპანიას სათავეში უკვე რიჩარდ თვინინგი ედგა, ჩაის ფასებმა შედარებით დაიწია, რადგან შემცირდა მასზე დაკისრებული გადასახადები და ის გახდა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი სასმელი. როგორც ამბობენ, ამით მოხდა ჩაის რევოლუცია, რადგან ის უკვე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად იქცა ყველა ოჯახში.

ბრენდი დღეს

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდს აქვს უკვე 300-წლიანი ისტორია, ჩაის მწარმოებლებიც საკმაოდ მრავლად არიან, Twinings მაინც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და მოწოდების სიმაღლეზეა. იმ ადგილას, სადაც ტომასის პირველი სტენდი იდგა, დღესაც იყიდება ჩაი. კომპანია კი დაახლოებით 500 ჯიშის ჩაის აწარმოებს.

საინტერესოა, რომ 2016 წელს, დედოფლის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Twinings-ს შეუკვეთეს ჩაი, რომელიც მან სპეციალურად ამ თარიღისთვის დაამზადა. 2018 წელს კი პირველი ცივი ჩაი გამოვიდა, რომელიც ხილის სასიამოვნო არომატს ტოვებს და არ შეიცავს შაქარს. 

ყველაზე პოპულარული პროდუქტები, რომლებსაც ბრენდი აწარმოებს, არის: შავი ჩაი, მწვანე ჩაი, ინგლისური საუზმე, ლედი გრეი, ხილის ჩაის სხვადასხვა არომატი და ა.შ. მის პროდუქციაში შეხვდებით როგორც დასაყენებელ, ისე პაკეტის ჩაის ნებისმიერი გემოვნებისთვის. 

Twinings, როგორც ბრენდი გვეუბნება, რომ ჩაი, ისევე როგორც ღვინო, ყავა და შოკოლადი მაშინ  გამოდის საუკეთესო, როცა კარგი გარემო პირობები აქვს. იმის გარდა, რომ საწარმოში ნამდვილად ზრუნავენ ჩაის მოყვანის, გადამუშავებისა და დამზადების ხარისხზე, კომპანიაში დეგუსტატორებიც მრავლად ჰყავთ, რომლებიც წლების განმავლობაში შემუშავებული ტრადიციებით აგემოვნებენ ყოველ ახალ ფინჯანს, სანამ ის მაღაზიის დახლებამდე მივა.

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მაკდონალდსი გათხოვებთ ბილბორდს, რადგან მას რეკლამა არ სჭირდება…

ინსტაგრამის მომხმარებელი პოსტზე პროდუქტის მონიშვნას შეძლებს