in

კომპანია Twinit, Jira-ს მწარმოებელი Atlassian-ის პირველი პარტნიორია საქართველოში

2002 წელს, მსოფლიო ბაზარზე ავსტრალიური კომპანია Atlassian გამოჩნდა, რომელმაც დეველოპერებისა და პროექტის მენეჯერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შექმნა დაიწყო. კომპანია სწრაფად იზრდებოდა და დღეს, 4000 თანამშრომელს, 130 000-მდე დამკვეთსა და მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. ცოტა ხნის წინ, Atlassian-მა საქართველოში ოფიციალურ პარტნიორად ქართული კომპანია Twinit დაასახელა, რომლის გუნდის გამოცდილება და მიდგომა უალტერნატივოდ მიმზიდველი აღმოჩნდა ავსტრალიური ტექნოლოგიური გიგანტისთვის. Twinit, დაახლოებით, ორი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და დიდ თუ პატარა კომპანიებს IT და ბიზნესგადაწყვეტილებების განვითარებაში ეხმარება. რას გულისხმობს Atlassian-თან თანამშრომლობა და რა პერსპექტივას უქმნის კომპანიასა და ადგილობრივ ბაზარს, Twinit-ის დირექტორისგან, სალომე ხაინდრავასგან მოვისმინეთ.

M: მოგვიყევით კომპანია Twinit-ის შესახებ…

ორგანიზაცია სამმა ადამიანმა შევქმენით, რომლებიც ერთად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უკვე მრავალი წელია ვმუშაობთ ქართულ IT სექტორში. 2 წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ დადგა მომენტი, როდესაც ჩვენი ცოდნა და გამოცდილება უკვე საკმარისი იყო, რათა ბაზარისთვის შევთავავაზებინა ისეთი კომპეტენციები, რომელთა ნაკლებობასაც ვგრძნობდით. თავიდანვე შევეჭიდეთ კომპლექსურ პროექტს ერთერთ საერთაშორისო კომპანიასთან ერთად, რომელიც წარმატებით დავასრულეთ და ამან დაგვარწმუნა, რომ როგორც კომპანიას ნებისმიერი ზომის პროექტის განხორციელება შეგვიძლია. ამას დაემატა Atlassian-თან თანამშრომლობა და დღესდღეობით, ჩვენი დამკვეთების რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება და შესაბამისად, ვიზრდებით ჩვენც

M: რა სერვისებს აწვდის Twinit ბაზარს?

ამჟამად, უკვე რამდენიმე მიმართულება გვაქვს, თუმცა თავიდან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით დავიწყეთ, რასაც ახლაც ვაკეთებთ agile მეთოდოლოგიით. ასევე, კომპანიებს ვთავაზობთ პროცესების დიჯიტალიზაციისა და ეჯაილ ტრანსფორმაციის მომსახურებას, რაშიც დიდი ცოდნა და გამოცდილება გვაქვს.

2020 წლის ბოლოს Twinit გახდა კომპანია Atlassian-ის პირველი და ერთადერთი პარტნიორი საქართველოში და უკვე 2021 წლიდან ქართულ ბაზარს ასევე  ვთავაზობთ Atlassian-ის პროდუქტების დანერგვის, მხარდაჭერისა და საკონსულტაციო მომსახურებებს.

M: რა კრიტერიუმები გახდა გადამწყვეტი Atlassian-ისთვის, რომ მათ პარტნიორად დაესახელებინეთ?

რამდენიმე ქართულ კომპანიას ჰქონდა წარსულში მცდელობა გამხდარიყვნენ Atlassian-ის პარტნიორები, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც კომპანიას პირველად დავეკონტაქტეთ, ჩვენც მივიღეთ პასუხი, რომ არ სურდათ საქართველოში პარტნიორი. თუმცა სწრაფადვე კიდევ ერთხელ გადახედეს  აპლიკაციას და გამოთქვეს ინტერესიარ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი რომ მოიხიბლნენ ჩვენი გამოცდილებით, ფასეულობებითა და იმ პრინციპებით, რითაც ვხელმძღვანელობთ და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვესამასთან, ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ქართული IT ბაზარი ძალიან პერსპექტიული და სწრაფად მზარდია. რა  დაინახეს ჩვენში? პირველ რიგში, ღიაობაჩვენთან არ არის დაფარული ინფორმაცია. როგორც გუნდის შიგნით, ასევე დამკვეთებთან გვაქვს მაქსიმალურად გამჭვირვალე მიდგომებიამასთან ერთად, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ჩვენი მომხმარებლებივცდილობთ, მათი თვალით შევხედოთ სამყაროს და მათი პერსპექტივიდან გადავწყვიტოთ საკითხები, რადგან ეს სერვისის მიწოდების ერთადერთ სწორ გზად მიგვაჩნიაასევე ვართ გუნდური მოთამაშეები, რაც ამ სფეროს გამოწვევაა, რადგან სერვისის მისაწოდებლად გამოიყენება ბევრი განსხვავებული კომპეტენცია. ჩვენ  გვამოძრავებს აზრი, რომ თვითონ ვიყოთ ის ცვლილება, რომელსაც ვისურვებდით ჩვენს გარშემო.

M: რა ტიპის პროდუქტები აქვს Atlassian-ს?

Atlassian-ის პროდუქტების დანიშნულებაა გაზარდოს IT და ბიზნესგუნდების ეფექტიანობა, ასევე გახადოს გუნდების მუშაობა უფრო ორგანიზებული. Atlassian-ის პროდუქტი Jira Software გლობალური ბაზრის უპირობო ლიდერია agile პროექტების მართვის ინსტრუმენტებში, აქვს ინტეგრირებული კოდის მართვის გადაწყვეტილებაც, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და განვითრების გუნდების სხვადასხვა როლების წევრებს. ამის გარდა, პროდუქტს Jira Service Management უკვე მილიონობით მომხმარებელი იყენებს სერვისების მიწოდების სფეროში როგორც IT, ასევე ყველა სხვა ბიზნესსექტორში. ზოგადად, Atlassian-ის პროდუქტები და სერვისები ორიენტირებულია იმაზე, რომ ორგანიზაციები იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები და მართონ სამუშაო პროცესები.

M: როგორია Twinit-ის სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი სერვისები საინტერესოა როგორც დიდი, ასევე, პატარა ორგანიზაციებისთვის სრულიად განსხვავებული სექტორებიდან. Twinit-ის თანამშრომლების ფართო გამოცდილება შეთავსებული კომპანიის მოქნილობასთან, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სერვისები ერთნაირად ეფექტიანი იყოს როგორც 10-კაციანი სტარტაპ კომპანიისთვის, ასევე 5000-10000-თანამშრომლიანი კორპორაციებისთვის, რომლებსაც პროცესების ავტომატიზაციისა და ამოცანების ციფრულად მართვის სურვილი აქვთ.

M: თქვენი კომპანიის გამოცდილებაზე გვიამბეთ…

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი კომპანია წარმატებით მუშაობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და აწვდის ITSM, Agile, DevOps, IT Governance, Custom software development და Atlassian-ის დანერგვისა და საკონსულტაციო სერვისებს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში. მათ შორის საბანკო, გემბლინგის, IT სერვისების მიწოდებისა და საგანმანათლებლო სფეროებში.

ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება ემსახურება Microsoft-ის უდიდეს პარტნიორს ევროპაში, ასევე ჩვენი დამკვეთია ერთერთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური კომპანიის ქართული წარმომადგენლობა.

პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი ასევე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასცემს ცოდნას ახალგაზრდა თაობას. აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ეს უნიკალური ნაზავი არის ზუსტად ის, რაც უზრუნველყოფს დამკვეთებისთვის მაქსიმალურად მათზე მორგებული გადაწყვეტილებების მიწოდებას და დანერგვის პრაქტიკაში სწრაფად განხორციელებას.

M: სამომავლო გეგმები…

თითქმის ორი წელია, რაც ჩვენი კომპანია ბაზარზე ოპერირებს და ამ მოკლე დროში შევძელით გავმხდარიყავით გლობალური სერვისების მიმწოდებელი ლიდერი კომპანიის ერთადერთი წარმომადგენლები საქართველოში. ამ დროის მანძილზე უკვე 10-ზე მეტი ორგანიზაცია არის ჩვენი სერვისის სტაბილური მომხმარებელი, რაც საგრძნობი ზრდაა და გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მდგრადი განვითარება გვაქვს. ჩვენი ზრდის ეფექტი სასარგებლოა ქართული ბაზრისთვის, რადგან საკმაოდ რთულად ხელმისაწვდომ ინტელექტუალურ რესურსზე გვაქვს წვდომა და სწორედ ამ ცოდნის გაზიარებაა ჩვენი ამოცანა.

 

[R]

Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო!

Miami Ad School Tbilisi ღია კარის დღეზე გიწვევს!