in

რატომ იპყრობს Twitch უამრავი მარკეტერის ყურადღებას?

Twitch-ზე 2020 წელს, სტრიმინგები 171%-ით გაიზარდა

Twitch 10 წლის გახდა და, შესაძლოა, მისი ზრდის ისტორია სწორედ ახლა დაიწყო… “ჩვენ გვსიამოვნებს წამყვანი პოზიციის დაკავება ინტერაქციული პირდაპირი ტრანსლაციის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ კატეგორიას დიდი ზრდა ელის. ვერ ვხედავთ პოტენციური ბაზრის ან Twitch გამოცდილების დასასრულს” — აღნიშნავს Twitch-ის მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი დაგ სკოტი.

Twitch ჯერ კიდევ ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები სამოყვარულო თამაშებისა და პროფესიონალური “ელექტრონული სპორტის” შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას. თუმცა პლატფორმა სულ უფრო მეტად იძენს მრავალფეროვან აუდიტორიას და კონტენტის შემქმნელებს. კომპანიის ცნობით, Just Chatting #1 კატეგორია გახდა, რომელიც თამაშს არ ეხება. ასევე, Twitch-ზე 2020 წელს, სტრიმინგები 171%-ით გაიზარდა. 

მარკეტერების თანახმად, Twitch-ის “სიგიჟე” მზარდი ხასიათისაა. გასულ წელს პლატფორმაში 1.2 მილიონზე მეტმა ოფიციალურმა მარკეტინგულმა პარტნიორმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მრავალი ბრენდი იყო ძირითად კატეგორიებში, როგორიცაა  სამომხმარებლო საქონელი, სწრაფი კვების ობიექტები და ფინანსური მომსახურება. ამასთან, ყველაზე მასშტაბური სპონსორების სახით გვხვდებიან ავტომწარმოებლები და კიდევ უფრო მეტად ცდილობენ აუდიტორიის გაფართოებას. 

“ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, გამოგვეყენებინა ახალგაზრდა მომხმარებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება — თამაშები, რათა მეტი შეიტყონ Lexus-ის, როგორც ბრენდის და ჩვენი ახალი საინფორმაციო სისტემის შესახებ” — ამბობს ვინეი შაჰანი, Lexus-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. საგულისხმოა, რომ 2021 წლის დასაწყისში გაიმართა წამახალისებელი კამპანია, რომელიც IS სპორტული სედანის იმიტირებული ვერსიის შემუშავებას ემსახურებოდა. მასშტაბურ აქციაში ნახევარ მილიონზე მეტი უნიკალური მაყურებელი ჩაერთო. 

გარდა ამისა, Twitch-ის პროგნოზების მიხედვით, მრავალი სამომავლო შესაძლებლობა გაჩნდება ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა მოდა და საკვები. ამასთანავე, იგი ტრადიციული სპორტი სამყაროს იკვლევს. სპორტული საუბარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა პლატფორმაზე — განსაკუთრებით ევროპაში, სადაც Twitch ბუნებრივი საშუალებაა სპორტის მოყვარულთათვის, რათა ახალი ამბების გარშემო არსებულ აჟიოტაჟში ჩაერთონ. 

როგორც ამაზონის მფლობელობაში მყოფი კომპანია, Twitch მრავალფეროვან მონაცემებს იყენებს იმის დასადგენად, თუ რა ტიპის კონტენტი აინტერესებს მნახველებს და რამდენად დიდი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო ახალ კატეგორიებში. “საკმაოდ ბევრი მონაცემი გვაქვს, რომლის გამოყენებაც იმის გასარკვევად შეგვიძლია, თუ რომელი სეგმენტები იზრდება. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით მომხმარებელთა და ავტორთა ქცევას. CRM-ის მყარი პრაქტიკა და სოციალურ მხარდაჭერასა და მომხმარებელთა მომსახურების გუნდში განხორციელებული ინვესტიცია კი საზოგადოებასთან ჩვენი ჩართულობის მნიშვნელოვანი ნაწილია” — განმარტავს მთავარი კონტენტ ხელმძღვანელი მაიკლ არაგონი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვებგვერდის გასაუმჯობესებლად ბევრი სამუშაო მიმდინარეობს მათ შორისაა მუდმივი ჰაკერული მცდელობების საწინააღმდეგო მექანიზმების გაზრდა და ბრენდის უსაფრთხოების შენარჩუნება. როგორც არაგონი აღნიშნავს, მომავალი წლიდან უსაფრთხოება, ადამიანების, პროცესებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სფერო იქნება. 

Doja Cat-ის ინტერაქციული ვიდეო “კოდირების” საშუალებას მოგცემთ

Porsche Neuro-ს კონცეფცია — მომავლის რბოლისთვის განკუთვნილი მანქანა