სულ ცოტა ხნის წინ სოციალურმა ქსელმა Twitter პოლიტიკური რეკლამები სრულიად აკრძალა. ამ ამბავს კი ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსმა ამგვარი კომენტარი მოაყოლა: “ჩვენ გვჯერა, რომ პოლიტიკური გავლენა უნდა დაიმსახურო და არა – იყიდო.”
დორსი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ რეკლამირება საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ინსტრუმენტია მათთვის, ვინც რეკლამას ქმნის, ეს სიმძლავრე პოლიტიკას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, ამიერიდან ტვიტერზე პოლიტიკურ რეკლამებს ვეღარ ვიხილავთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აგვისტოში Twitter-მა სამთავრობო მედიის რეკლამებიც აკრძალა.
ტვიტერი არ არის პირველი პლატფორმა, რომელიც პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებს აწყდება. Facebook-ზე განთავსებული მსგავსი რეკლამებიც დიდი განხილვის საგანია როგორც საზოგადოებაში, ასევე, კონგრესშიც. თუმცა, ცოტა ხნის წინ ფეისბუკის პოზიცია პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამის დატოვებას უფრო ემხრობოდა, ვიდრე პირიქით. არგუმენტი კი ისაა, რომ მსგავსი რეკლამა ასახავს პოლიტიკურ დისკურსს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია. ყალბ პოლიტიკურ რეკლამასთან გამკლავებას ფეისბუკი, ტვიტერისგან განსხვავებით, ფაქტის გადამოწმების სისტემით აპირებს.
სოციალური ქსელი ყველა ადამიანისთვის თვითგამოხატვის ადგილია და რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები ქსელის მომხმარებელთა რიგებში არიან, თუმცა, ამიერიდან, ისინი საკუთარი პოსტების დარეკლამებას ვეღარ შეძლებენ. პოლიტიკური რეკლამა ძალიან საფრთხილო სფეროა. ასე მიიჩნევს ტვიტერი. იქნება თუ არა ტვიტერის გადაწყვეტილება პრეცედენტული და გაიზიარებენ, თუ არა მის პოლიტიკას სხვა სოციალური ქსელები, დრო გვიჩვენებს.