Twitter-მა ახალი სააბონენტო სერვისი Twitter Blue წარადგინა, რომელიც სხვა სასურველ ფუნქციებთან ერთად თვითის გაუქმების საშუალებას გაძლევთ. ჯერ კიდევ ივნისში ფასიანი ვერსია ავსტრალიაში და კანადაში იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი აშშ-სა და ახალი ზელანდიის მომხმარებლებსაც შეუძლიათ მისი გამოყენება.
პრემიუმ სერვისი საშუალებას გაძლევთ, ახალი ამბები რეკლამის გარეშე წაიკითხოთ, დაარედაქტიროთ გამოქვეყნებული თვითი, დააორგანიზოთ ჩანიშნული პოსტები, აპინოთ კონკრეტული შეტყობინებები, ატვირთოთ 10 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები და ა. შ.
რა არის Twitter Blue და რას ემსახურება ის?
Twitter Blue არის სააბონენტო სერვისი, რომელიც ყოველთვიური გადასახადების სანაცვლოდ, ექსკლუზიურ ფუნქციებს სთავაზობს მომხმარებლებს. Twitter-ზე ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს პლატფორმას და ზოგიერთი ყველაზე პოპულარული მართლაც მოხვდა ფასიან სერვისში. მათ შორისაა Undo Tweet და სიახლეების რეკლამების გარეშე წაკითხვა. ასევე, ახალი კითხვის რეჟიმის წყალობით, გაცილებით ადვილი იქნება სიახლეების გრძელი ჯაჭვის წაკითხვა.
რაც შეეხება შენახულ თვითებს, ფასიან სერვისში მათი სპეციალურ საქაღალდეში დალაგება იქნება შესაძლებელი, რათა უფრო ადვილად შეძლოთ სასურველის პოვნა. ყოველ ჯერზე, როცა თვითს შეინახავთ, სისტემა გკითხავთ, გსურთ თუ არა მისი საქაღალდეში დამატება. გარდა ამისა, თუ Twitter-ის ნავიგაციის ზოლი არ მუშაობს ისე, როგორც გსურთ, მისი ინდივიდუალურად მორგება შეგიძლიათ.
გარდა ფუნქციური ცვლილებებისა, განახლებულია თვითერის ხატულაც — რვა მუდმივი ხატულა და სამი სეზონური (მხოლოდ iOS-ისთვის). თემების თვალსაზრისით კი ექვსი ფერის არჩევანი არსებობს — ლურჯი, ყვითელი, წითელი, მეწამული, ნარინჯისფერი და მწვანე.
Twitter Blue ამჟამად ხელმისაწვდომია მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში: შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში. კომპანიის სპიკერის განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ფასიანი სერვისი შეიძლება საბოლოოდ გაფართოვდეს სხვა ქვეყნებში, ამჟამად ეს არ იგეგმება.