სექტემბერში Twitter-მა ექსპერიმენტი ჩაატარა და ავტომატიზებული ანგარიშებისთვის (ე. წ. ბოტებისთვის) იარლიყები შემოიღო, რათა ავტომატურად მართული ანგარიშები მარტივად ამოსაცნობი ყოფილიყო. ამრიგად, წარმატებული მცდელობის შემდეგ პლატფორმა დეველოპერებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ავტომატიზებული ანგარიშები შესაბამისი ნიშნებით აღნიშნონ.
იარლიყები კონკრეტულად დეველოპერების მიერ შექმნილი, Twitter API-თ მოსარგებლე ავტომატიზებული ანგარიშებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მესაკუთრეები კი მათ ნებაყოფლობით გამოიყენებენ. ბოტის იარლიყებით აღნიშვნა შეგვახსენებს, რომ ისინი ავტომატურად მუშაობს.

მართალია, ბოტი ძირითადად უარყოფით ასოციაციებს იწვევს, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის… მაგალითად, არსებობს ისეთი ავტომატიზებული ანგარიშები, რომლებიც გვამცნობს, რა დღეა, როგორი ამინდია — სწორედ ასეთია The Verge-ის მიერ შექმნილი ბოტი.
ეს პროცესი Twitter-ის ავტომატიზებული ანგარიშების პოლიტიკასა და საერთო წესებს ექვემდებარება. მათთვის, ვინც ახალი იარლიყის გამოყენებას დაიწყებს, პლატფორმა ანგარიშების აუდიტს არ აწარმოებს. თუმცა მომხმარებლებს შეეძლებათ, იმ ანგარიშების შესახებ შეატყობინონ კომპანიას, რომელზეც ფიქრობენ, რომ არსებულ წესებს არღვევს.
Twitter დაღუპული ადამიანების მემორიალიზაციის იარლიყზეც მუშაობს და იგი მალე გახდება ხელმისაწვდომი.












