in

Twitter-ის ახალი ფუნქციის მეშვეობით, ავტომატიზირებული ბოტების ამოცნობა იქნება შესაძლებელი

ბოტებთან დაკავშირებული ინიციატივა ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა

veon
veon

Twitter ახალ ფუნქციას დანერგავს, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი თავის იდენტიფიცერების საშუალებას მისცემს – ამისათვის ანგარიშზე ერთგვარი ლეიბლის დამატებაა საჭირო. ეს ფუნქცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომხმარებლებმა ადვილად ამოიცნონ ბოტები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

ბოტებთან დაკავშირებული ინიციატივა ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა და შედეგად, თვითერის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ ბოტების იდენტიფიცირებაში მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო. თუმცა დორსის თქმით, მათი იდენტიფიცირება გაცილებით რთულია ისეთი ბოტების შემთხვევაში, რომელთა კონტენტიც ადამიანურს ჰგავს.

კომპანია გარკვეული დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა აღნიშნულ სერვისზე. ახლა კი ძალზე მარტივი, მოსახერხებელი ფუნქცია წარადგინა – მომხმარებლები ერთი შეხედვით განასხვავებენ ნამდვილ და ავტომატურ ანგარიშებს. საგულისხმოა, რომ ამაზონის წარმომადგენლები უკვე მაისში გვპირდებოდნენ სიახლეს, რომლის თანახმადაც, ნანატრი ლურჯი სამკერდე ნიშნის გარდა ბოტების ნიშნებსაც მივიღებდით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ავტომატური ანგარიშების” ლეიბლი 500-ზე მეტი დეველოპერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სწორედ ეს ჯგუფი შეამოწმებს ამ ფუნქციას, ვიდრე ყველა დეველოპერი მიიღებს მასზე წვდომას.

ამასთან, როდესაც გასულ წელს თვითერმა დეველოპერების პოლიტიკა განაახლა, მათ დაევალათ, თითოეული ანგარიშის შემთხვევაში მიეთითებინათ, იყო თუ არა ის ბოტი, რას ემსახურებოდა ანგარიში და ვინ იდგა მის უკან. ანგარიშის ეს ლეიბლები დეველოპერებს საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად დაიცვან ეს პოლიტიკა, ნაცვლად იმისა, რომ აღწერაში სათითაოდ ჩაწერონ შესაბამისი ინფორმაცია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვითერს ნამდვილად არანაირი პრობლემა არ აქვს კარგ, სასარგებლო ბოტებთან. პირიქით, კომპანიას ესმის, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყო ავტომატიზირებული ანგარიშები საზოგადოებისთვის. მაგალითად, @vax_progress – ბოტი, რომელიც Covid-19-თან დაკავშირებულ სიახლეებს ავრცელებს, ასევე, @ last100bills, @AltTxtReminder, @met_drawings და სხვები.

“თქვენ მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე განხორციელებულ ქმედებებზე ან მასთან დაკავშირებულ პროგრამებზე ხართ პასუხისმგებელი. ვიდრე მესამე მხარის აპლიკაციას ნებართვას მისცემდეთ, დარწმუნდით, რომ კარგად შეისწავლეთ ის და ზუსტად იცით, რას აკეთებს” – ნათქვამია კომპანიის განაცხადში.

მართალია, თვითერს ჯერჯერობით არ განუცხადებია, როდისთვის დასრულდება ტესტირება, მაგრამ “ავტომატური ანგარიშების” ლეიბლების მასშტაბურ გავრცელებას ახლო მომავალში უნდა ველოდეთ.

ნახეთ, როგორია Windows 11-ში მოგზაურობა – McCann New York-ის ნამუშევარი

როგორ უნდა გაააქტიუროთ Google Search-ის მუქი თემა?