Twitter-მა Downvote ღილაკი დაამატა და ის ყველა მომხმარებელთან ეტაპობრივად გამოჩნდება. თუმცა საინტერესოა, რისთვის შეიქმნა ის? ან, ყველა ნახავს რამდენ ადამიანს არ მოსწონს პოსტი?
კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ თქვენ აღნიშნულ ღილაკს გამოიყენებთ, მომავალში იგი მსგავსი შინაარსის პოსტებს აღარ გაჩვენებთ — შესაბამისად, ის რაც გაღიზიანებთ, თქვენთვის მიუღებელია ან, უბრალოდ, არ მოგწონთ, შეგიძლიათ თქვენი კედლიდან სწორედ Downvote ღილაკის გამოყენებით გააქროთ. თანაც, ამას პოსტის ავტორი ვერ დაინახავს და არც საჯარო იქნება. ასე რომ, არც არავინ განაწყენდება.
ზოგიერთი ადამიანი ღილაკს ძალადობის, ტროლებისა და დეზინფორმაციის შეზღუდვის საშუალებად აღიქვამს. ზოგიც კი ფიქრობს, რომ იმ აზრების თავიდან აცილება, რაც უბრალოდ არ მოგვწონს, მომავალში ცუდ შედეგს მოგვცემს.
საინტერესოა ისიც, რომ ნოემბერში კონკრეტულ ადამიანთა თანხმობის გარეშე, ტვიტერმა სურათების გაზიარება აკრძალა. მსგავსი ნაბიჯებით, კომპანია ჯანსაღი აუდიტორიის შენარჩუნებას ცდილობს. მართალია, Reddit და YouTube მსგავს ღილაკებს აქამდეც იყენებდნენ, თუმცა ტვიტერისგან განსხვავებით, იქ მონაცემები საჯაროა.