Twitter-ის დაფუძნების იდეა ჯეკ დორსის 2006 წელს მოუვიდა. ეს პროექტი მას SMS-ზე დაფუძნებულ საკომუნიკაციო პლატფორმად წარმოედგინა, სადაც მეგობრებს საკუთარი ყოველდღიურობის სტატუსების საშუალებით გაზიარება შეეძლებოდათ. სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიომ შეიტყო, რომ ჯეკ დორსი Twitter-ის დირექტორის პოსტს ტოვებს. წლების განმავლობაში, მისმა შექმნილმა პროექტმა უამრავი ადამიანი გააერთიანა. სწორედ ამიტომ, დღეს, Twitter-ზე გიამბობთ.
პოდკასტ კომპანია Odeo-ში მიმდინარე ბრეინშტორმინგისას, დორსიმ Twitter-ის იდეის შესახებ, Odeo-ს დამფუძნებელს ევან უილიამსს უამბო. ევანი და მისი პარტნიორი ბიზ სტოუნი პროექტის განვითარებით დაინტერესდნენ. სოციალურ ქსელს, თავდაპირველად, twttr დაერქვა. იმ დროისთვის, ტრენდული იყო კომპანიების სახელწოდებების ხმოვნების გარეშე შერჩევა. სახელწოდება დეველოპერმა ნოა გლასმა მოიფიქრა, რომელსაც ეკუთვნის კომპანიის დასახელების ამჟამინდელი ვერსიაც.
პირველი თვითი 2006 წლის 21 მარტს გაიგზავნა. შეტყობინებების ფუნქციის დახვეწისას, გუნდის წევრები ასეულობით დოლარს რიცხავდნენ სატელეფონო სმს-მომსახურებაში. თუმცა, Twitter-ის გზა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. იმ პერიოდში, ბაზარზე გამოჩნდა Apple-ის პოდკასტ სერვისი, რომლის კონკურენციასაც Odeo-ს ბიზნეს-მოდელმა ვერ გაუძლო და დამფუძნებლებმა კომპანიის ინვესტორებისგან გამოსყიდვა გადაწყვიტეს. ამგვარად, მათ Twitter-ის პლატფორმაზეც მოიპოვეს უფლებები.
Twitter-ის პოპულარობის ერთ-ერთი პირველი „აფეთქება“ 2007 წელს, South By Southwest-ის ინტერაქციულ კონფერენციაზე იყო. ღონისძიებაზე 60,000-ზე მეტი თვითი გაიგზავნა. ამ წარმატებისთვის Twitter-ის გუნდმა საკმაოდ კარგად იმუშავა – დიდი გუნდით წარმოდგენილი კომპანია ვირუსულად იყო მოდებული დელეგატებს შორის და პლატფორმის პოპულარიზაციაში მონაწილეობდა.
ზრდას თან ახლდა სირთულეები. ჭარბი SMS-ების გამო, პლატფორმის სერვერები მნიშვნელოვნად გადაიტვირთა. გადატვირთვისას იინ ლუს ილუსტრაცია გამოჩნდა ეკრანზე. მასზე გამოსახული იყო ვეშაპი, რომელიც რვა ჩიტს წყლიდან უსაფრთხო ადგილისკენ ამოყავდა. Twitter-ის გუნდმა ეს გამოსახულება გამოიყენა. ფიქრობდნენ, ამ გზით მომხმარებლებს აგრძნობინებდნენ, რომ პრობლემის აღიარებდნენ და მის გადაჭრაზე მუშაობდნენ. ეს გამოსახულება ვირუსულად გავრცელდა Twitter-ის კომუნაში და მას მალე Fail Whale-ის სახელით მოიხსენიებდნენ.
Twitter-ის მომხმარებელთა ბაზის ზრდასთან ერთად, საინტერესო ამბები ხდებოდა, მომხმარებლები იგონებდნენ კონკრეტული სერვისის საინტერესო სახელებს, რომელთა შორისაა „თეგი“ და „ჰეშთეგი“. დღეს, Twitter-ის საერთო აქტივები $13.37 მლრდ-ს შეადგენს. ჯეკ დორსის კი უკვე შემცვლელიც გამოუჩნდა – პარაგ აგრავალი, რომელსაც ამ სტატიაში გაიცნობთ.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.