იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ილონ მასკმა სოციალური ქსელის X-ად რებრენდინგისას უარი თქვა ძველ სახელზე, ჯგუფმა Operation Bluebird ახალი ალტერნატიული პლატფორმა, Twitter.now გამოუშვა. პროექტი აბრუნებს კლასიკურ ბრენდინგსა და ლოგოს, თუმცა გარკვეული სიახლეებით. ვებგვერდი უკვე ყიდის ადრეულ წვდომას 20 დოლარიდან, ხოლო ლოგოს გვერდით განთავსებულია მკაფიო წარწერა, რომ ის არ არის დაკავშირებული X Corp-თან. მიუხედავად ამისა, პლატფორმა მაქსიმალურად ინარჩუნებს კლასიკური Twitter-ის ვიზუალურ იდენტობას, რათა მომხმარებლებში ძველი ბრენდის ასოციაცია გამოიწვიოს.
ძველი Twitter-ის ლოგო, რომელსაც „ბოსტონ სელტიქსის“ კალათბურთელის, ლარი ბერდის პატივსაცემად „ლარი“ ერქვა, ბოლოს 2012 წელს განახლდა და 13 გადამკვეთი წრისგან შედგებოდა. Twitter.now-ს ლოგო ოდნავ განსხვავებულია – მას გაშლილი ბუმბულები აქვს, რაც ფერფლიდან აღმდგარ ფენიქსს მოგვაგონებს, თუმცა ფერები და ძირითადი სილუეტი უცვლელია. საიტზე დაბრუნდა საკულტო ღია ლურჯი ფერიც, ხოლო შეცდომის (Error) გვერდზე ასახულია ჩიტი მკვდარ ვეშაპზე, რაც ძველი პლატფორმის გათიშვისას გაჩენილ ცნობილ „fail whale“ გრაფიკას ახსენებს მომხმარებელს.

Operation Bluebird-ის თანადამფუძნებელი და Twitter-ის ყოფილი იურისტი სავაჭრო ნიშნების საკითხებში, სტივენ კოუტსი LinkedIn-ზე აღნიშნავს, რომ ეს არ არის ძველი პლატფორმის უბრალო კოპირება. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ინარჩუნებს ტრადიციულ ფუნქციებს (მომხმარებლის სახელები, რითვითები, პასუხები), შემქმნელები აქცენტს განსხვავებულ გამოცდილებაზე აკეთებენ, რომელიც მასკის X-ით უკმაყოფილო მომხმარებლებზეა გათვლილი.
მაგალითად, პლატფორმას აქვს ფაქტების გადამოწმების ავტომატური სისტემა Vera, რომელიც Google-ის Gemini-ზე მუშაობს. ამასთან, კომპანიამ გამოაქვეყნა ღირებულებების სია – „ჩიტების სახლის კონსტიტუცია“, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ არა „წვდომის თავისუფლებას“ და წესების სამართლიან გამოყენებას უზრუნველყოფს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დიდება, სიმდიდრე, თანამდებობა ან გამომწერთა რაოდენობა არავის ანიჭებს პრივილეგიას და წესებზე მაღლა არავინ დგას.

სასამართლო დავა X-სა და Operation Bluebird-ს შორის გასულ წელს დაიწყო. X-ის იურისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს არანაირი უფლება არ აქვს, ის მაინც ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მოპარვას. მათი მტკიცებით, ტერმინებზე Twitter, tweet და ლურჯი ჩიტის ლოგოზე საავტორო უფლებებს კვლავ X Corp. ფლობს. თავად Operation Bluebird-მა მედიის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა მათი მთავარი არგუმენტია, რომ X-მა თავად თქვა უარი ამ სავაჭრო ნიშნებზე.













