მასკმა რომ სრულიად ამოატრიალა ტვიტერის მომხმარებელთა ყოველდღიურობა, ამაში უკვე დიდი ხანია დავრწმუნდით, მაგრამ ახლა იგი ტვიტების ნახვის ლიმიტსაც აწესებს… ეს მაგიური ციფრი 600-ს კი უდრის, რაც თეორიულად, ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მთელ დღეს ტვიტერში ატარებენ, ამ ციფრს საღამომდე უდავოდ მიაღწევენ.
მომხმარებლებმა ეს ამბავი მას შემდეგ გაიგეს, რაც ტვიტერის გვერდებმა სიახლეების დამატება შეწყვიტა, რასაც თან ახლდა შეტყობინება: “Sorry, you are rate limited. Please wait a few moments, then try again”. შემდგომ კი ილონ მასკის ტვიტმაც მოჰფინა ყველაფერს ნათელი…
ამჟამინდელი ლიმიტი ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის 6000 ყოველდღიურ პოსტს, ჩვეულებრივი ანგარიშებისთვის 600-ს, ხოლო ახალი მომხმარებლებისთვის 300-ს უდრის. გამოდის, თუ ტვიტერის უსასრულოდ სქროლვა მოგინდებათ, კონტენტზე წვდომისთვის გადახდაც მოგიწევთ. ფასიანი სერვისები კი ბევრ მომხმარებელს აბრაზებს, შესაბამისად, იმ 600 პოსტიდან, რომელთა ნახვაც უფასოდ შეგვიძლია, უმეტესობა სწორედ ამ ამბის კრიტიკას ეძღვნება, უკვე მიმებმაც კი იჩინა თავი:
თუმცა Bluesky-სთვის ეს ამბავი საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდა. დიახ, იმ დეცენტრალიზებული სოციალური მედია პლატფორმისათვის, რომლის ხელმძღვანელი ტვიტერის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი გახლავთ. ლიმიტების დაწესების შემდგომ, ახალი მომხმარებლების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. თანაც Bluesky-ზე შესვლა ჯერ კიდევ მხოლოდ მოწვევით არის შესაძლებელი, ამ აქტივობის შემდგომ კი ესეც შეჩერდა, რათა საიტს არსებულ ნაკადთან გამკლავება შესძლებოდა…