in

Twitter-ზე პროფილის ფოტოდ NFT-ის დაყენება შეიძლება!

ახალი ფუნქციით, მომხმარებელი მრავალფეროვან ინფორმაციას იღებს განთავსებული NFT-ის შესახებ

veon
veon

Twitter-ის მომხმარებლებს პროფილის ფოტოდ NFT-ს განთავსება უკვე შეუძლიათ, თუმცა ამისათვის $2.99-ის გადახდა და iOS მოწყობილობით სარგებლობაა საჭირო . სიახლე სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გასული წლის სექტემბერში დააანონსა, ახლა კი ფუნქცია ოფიციალურად გააქტიურა. 

ინფორმაცია Twitter Blue-მ (სოციალური ქსელის წევრობის სერვისმა) გაავრცელა და თავის გვერდზე სარეკლამო, ინსტრუქციული ხასიათის ვიდეორგოლი განათავსა.


“NFT პროფილის სურათის დაყენება ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი Twitter ანგარიში კრიპტოსაფულის მისამართთან დააკავშირონ, სადაც აისახება მხოლოდ ის ტრანზაქციები და NFT-ები, რომელზე ინფორმაციაც სჯარო ბლოქჩეინზეა განთავსებული”, — ნათქვამია Twitter-ის განმარტებით გვერდზე. 

ტვიტერის ახალი ფუნქციით, მომხმარებელი მრავალფეროვან ინფორმაციას იღებს განთავსებული NFT-ის შესახებ, როგორიცაა მაგალითად, შემქმნელის ვინაობა, NFT-ის უნიკალური თვისებები და ატრიბუტები… ასევე, რომელი კრიპტომონეტის სტანდარტის მიხედვითაა შექმნილი და ა. შ. 

Twitter-ის ახალი ფუნქცია უზრუნველყოფილია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი NFT ბაზრის OpenSea-ს პლატფორმით. სოციალური ქსელის მიერ ამჟამად მხარდაჭერილია ისეთი კრიპტოსაფულეები, როგორიცაა Coinbase Wallet, MetaMask, Rainbow, Argent, Trust და Ledger Live. 

კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მომხმარებლის საფულეზე წვდომას, მით უმეტეს კი ფულს, არასდროს ითხოვს და მომხმარებელი თაღლითების შესახებ გააფრთხილა, რომლებმაც, შესაძლოა, ამის გაკეთება სცადონ.

როგორც იცით, ტვიტერი ის  სოციალური ქსელია, რომელიც კრიპტო ბაზრის მხარდაჭერას ყოველთვის დაუფარავად გამოხატავდა. თუმცა გასულ წელს სოციალური ქსელის მენეჯმენტში უმნიშვნელოვანესი საკადრო ცვლილება მოხდა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტი პარაგ აგრავალმა დაიკავა. ამ სიახლის შემდეგ აუდიტორიას აინტერესებდა, გააგრძელებდა თუ არა სოციალური ქსელი კრიპტობაზრის მხარდაჭერას. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ პროფილის ფოტოდ NFT დააყენოთ, რაც კითხვებს Twitter-ის ახალ კრიპტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ამომწურავად პასუხობს. 

მხედველობადაქვეითებულმა ქალმა მიკროჩიპის იმპლანტი მიიღო

Disrupt Camp – გახდი ინოვაციური პროექტის მონაწილე