in

Twitter “ტროლების” საწინააღმდეგო ფუნქციას ტესტავს

საწყის ეტაპზე ის ბეტა ვერსიის სახით იმუშავებს

veon
veon

Twitter “ტროლების” საწინააღმდეგო ფუნქციას ტესტავს, რომელიც ავტომატურად ბლოკავს სხვების შეურაცხმყოფელ ანგარიშებს. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი თვითერის ახალ “უსაფრთხოების რეჟიმს” გააქტიურებს, ანგარიშები 7 დღით დაიბლოკება – ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ისინი სიძულვილის ენის შემცველია.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნათელია – სოციალური მედიის კომპანიები მუდმივ ზეწოლას განიცდიან, რათა მომხმარებლები ონლაინ შეურაცხყოფისგან დაიცვან. “გვსურს, ჯანსაღი კომუნიკაციით ისიამოვნოთ. ეს სერვისი ერთ-ერთი გზაა ზედმეტი და არასასურველი ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად” – აღნიშნავს ჯაროდ დოჰერტი, Twitter-ის პროდუქტის უფროსი მენეჯერი.

საწყის ეტაპზე ახალი ფუნქცია მომხმარებელთა მცირე ჯგუფზე შემოწმდება, რომელსაც “უკუკავშირის ჯგუფი” ეწოდება. საგულისხმოა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ქალ ჟურნალისტებს და მარგინალიზებული თემების წევრებს ექცევა. ამასთან, უსაფრთხოების რეჟიმი ხელმისაწვდომი იქნება დესკტოპზე, iOS და Android მოწყობილობებზე.

საგულისხმოა, რომ ანგარიშები, რომლებიც ავტომატურად იბლოკება, ერთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებენ სხვების ანგარიშების დათვალიერებას ან პირადი შეტყობინებების გაგზავნას. თანაც, მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ დაბლოკილი ანგარიშების დეტალების ნახვა, რათა სწრაფად გააუქმონ თვითერის სისტემების ნებისმიერი არასწორი ინტერპრეტაცია.

“ყოველთვის ვერ გაამართლებს სისტემა, შეცდომების დაშვება სრულებით მოსალოდნელია. ამიტომ, უსაფრთხოების რეჟიმის ფარგლებში ავტობლოკის ნახვა და გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება. ასევე, რეგულარულად დავაკვირდებით უსაფრთხოების რეჟიმის სისტემების სიზუსტეს, რათა შესაძლებლობები გავაუმჯობესოთ” – ამბობს დოჰერტი.

სწორედ სრულყოფილი შედეგის მისაღებად, კომპანია კონსულტაციებს ონლაინ უსაფრთხოების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების ექსპერტებთან გადიოდა. თანაც, ფუნქცია შეიცვლება, ვიდრე სოციალური პლატფორმის 200 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„ვაქცინაცია ერთმანეთთან და პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს“ – „ბილაინის“ გზავნილი თანამშრომლებს

ნახეთ: გეომეტრიული ფორმებითა და 3D ილუზიით შექმნილი ფრესკები