in

Twitter-ის ჩიტი აუქციონზე გაიყიდა

Twitter-ის ლურჯი ჩიტი, რომელიც ერთ დროს სოციალური მედიის სან-ფრანცისკოს შტაბ-ბინის ექსტერიერზე იყო დამონტაჟებული, აუქციონზე 34 325 დოლარად გაიყიდა. თუმცა, 40 000 დოლარს ვარაუდობდნენ… პატარა არ გეგონოთ, შენობაზე განთავსებული ლოგო 254 კილოს იწონის, 3.7 მეტრია სიმაღლეში და 2.7 სიგანეში. ტრანსპორტირების ხარჯებიც მყიდველმა უნდა დაფაროს, თუმცა, მისი ვინაობა უცნობია. 

BOG
BOG

ილონ მასკმა ტვიტერი 2022 წელს შეიძინა, მალევე დაარქვა X და მომხმარებლებისთვის საყვარელი ლოგოც ამ ამბებს მიაყოლა — Fidelity-ის შეფასების მიხედვით, გასული დეკემბრის მდგომარეობით, X-ის ღირებულება 72%-ით დაეცა იმ ღირებულებასთან შედარებით, რომელიც მასკმა ტვიტერში გადაიხადა. გამოდის, დაკარგული ბრენდის კაპიტალი ძვირადაც დაუჯდა.

არც გასაკვირია, რადგან ბევრი თვლის, რომ X არაფრით გამორჩეულია და ტვიტერს არც კი შეედრება… RR Auction, რომელიც ძირითადად იშვიათ საკოლექციო ნივთებს ყიდის და ამჯერად თავად ტვიტერის ლოგო აქცია გასაყიდ პროდუქტად, მას ამერიკის ყველაზე საკულტო ბრენდების ლოგოებს შორის მოიხსენიებს.

მართალია, Twitter და ლურჯი ჩიტი წარსულს ჩააბარეს, მაგრამ ტექნოლოგიური და სოციალური მედია ისტორიის სიმბოლოდ რჩება, მარტივად შესამჩნევ ემბლემად ზუსტად იმავე ლიგაში, რომელშიც Nike და Apple Computer გვხვდება. ეს არის სიმბოლო, რომელიც კომპანიას 2012-დან 2023 წლამდე წარმოადგენდა, ანუ ტვიტერის ყველაზე გავლენიან 11-წლიან პერიოდს, — ვკითხულობთ აუქციონის სახლის განცხადებაში. 

X დღეს მასკს, ტრამპს, DOGE-სა და MAGA-ს უკავშირდება, როცა ტვიტერი ნოსტალგიად იქცა, წარსულ ეპოქად, რა დროსაც სოციალურ მედიაში გაჟღერებული აზრებიც მეტად პოზიტიური გახლდათ. ახლახან გაყიდული ლურჯი ჩიტიც უკვე ისტორიის ნაწილია, თუმცა, ამასთან, იმ დროსაც შეგვახსენებს, როცა სოციალური ქსელები ნაკლებად პოლარიზებული იყო…

სიმელოტეს სამუდამოდ დავემშვიდობებით? — რევოლუციური აღმოჩენა

როგორ მოვიქცეთ, როდესაც საუბრისას არ გვისმენენ?