ეს ამბავი მანქანის მართვის გამო მოხდა, რომელიც მარეგულირებლებმა საშიშად მიიჩნიეს… Two is More Than One ვინტაჟურ სედანში მჯდომ მძღოლს გვაჩვენებს, რომელსაც შორეულ გზაზე აედევნენ. სწორედ ამიტომ, გზიდან გადასვლას გადაწყვეტს და ხევში გადავარდება. უსაფრთხოდ დაეშვება და მის თავზე ვინტაჟური მანქანის ტყუპისცალს დავინახავთ, მძღოლს კი Twix-ით ხელში ვიხილავთ. აბსურდული სცენარია, თუმცა, როგორც ჩანს, ამას უფრო სერიოზულად შეხედეს Advertising Standards Authority-ის (ASA) მარეგულირებლებმა. განაცხადეს, რომ რეკლამა სახიფათო მართვისკენ მოუწოდებს მომხმარებლებს…
არადა, ტვიქსის ჩანაფიქრი წარმოსახვითი სთორითელინგის, აბსურდული ელემენტებისა და ჰოლივუდის სტილის გამოყენება იყო გზავნილის გადმოსაცემად. თანაც ბრენდი ცნობილია მსგავსი მხიარული და იუმორისტული რეკლამებით… თუმცა, როგორც ჩანს, ეს კინემატოგრაფიული ელემენტები ASA-ში ვერ იგრძნეს:
„ყურადღებას ვამახვილებთ დევნის აქტზე, მისთვის დამახასიათებელ სიჩქარესა და მართვის მანერებზე, რომლებიც საშიში და უპასუხისმგებლო იქნებოდა რეალურ ცხოვრებაში რომ გადმოგვეტანა… რადგან რეკლამაში ასახული მოძრაობა სახიფათო მართვის სტილად მივიჩნიეთ, რაც, სავარაუდოდ, არღვევს Highway Code-ის იურიდიულ მოთხოვნებს, გადავწყვიტეთ, რომ რეკლამა უპასუხისმგებლო იყო“, — ვკითხულობთ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
შედეგად, Twix-ის რეკლამა აღარ იძებნება YouTube UK-ის გვერდზე, თუმცა ცნობისმოყვარე ადამიანები მაინც შეძლებენ მის ნახვას მესამე მხარის მიერ ატვირთული ვიდეოებით. ყველაზე საინტერესო კი ამ ამბავში ის არის, რომ აკრძალვამ რეკლამა უფრო საინტერესოდ აქცია მაყურებლებისთვის…