პორტსიგარები იაპონიაში მე-17 საუკუნიდან გამოჩნდა, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ისინი კანადაშიც იწარმოებოდა. ცნობილია, რომ საქართველოში თუთუნს არაერთი ადამიანი ეწეოდა, დღეისათვის, ეს კულტურა სიგარეტის მოწევამ ჩაანაცვლა. წარმოიდგინეთ, რომ სიგარეტის თითოეული ღერი ცალ-ცალკე, კოლოფის გარეშე გაქვთ ჯიბეებში თუ ჩანთებში, ასევეა თუთუნის მოყვარულთა შემთხვევაშიც – ისინი ცალ-ცალკე ატარებენ თუთუნს, ქაღალდს, ფილტრსა თუ სანთებელას. პირველი ქართული ტყავის პორტსიგარების სტარტაპი – “სათუთუნე” სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შეიქმნა. სტარტაპი სამმა მეგობარმა – ნუცა ნამორაძემ, მარიამ ქავთარაძემ და გიო ჯაყელმა 3 კვირის წინ წამოიწყო. თუთუნის მოყვარულთათვის განკუთვნილი პროდუქტის შექმნისას გასათვალისწინებელი, აუცილებელი პირობაა ის, რომ ყველა მოდელი განსხვავებული და ექსკლუზიური უნდა იყოს. სტარტაპის ფუნქციონირების სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „სათუთუნეს” ერთ-ერთ შემქმნელს – გიო ჯაყელს ვესაუბრეთ:
M: როგორ გაჩნდა „სათუთუნეს” შექმნის იდეა და რა იყო მთავარი მოტივი ამისათვის?
„სათუთუნეს” შექმნის იდეა სიგარეტის გაძვირებასთანაა დაკავშირებული. საზღვარგარეთ მოგზაურობისას, ფაქტობრივად, ყოველთვის გასახვევ თუთუნს ვყიდულობდით, იქიდან გამომდინარე, რომ სიგარეტის კოლოფთან შედარებით ბევრად იაფი გამოდიოდა და პოპულარულია ევროპაში და ამერიკაში. როდესაც საქართველოში დადგა მომენტი, როცა სიგარეტი, ფაქტობრივად, ორჯერ გაძვირდა, აქაც თუთუნზე გადმოვეწყვეთ. პირველი სათუთუნე უბრალოდ მეგობრულად შეიქმნა, როცა ვწუწუნებდი, რომ ცალ-ცალკე დამქონდა მოსაწევად საჭირო ნივთები და მარიამმა თქვა, რომ ცდიდა გაეკეთებინა ჩემთვის სათავსო. ძალიან მოსახერხებელი ნივთი გამოვიდა, ამ ნივთმა გარშემომყოფებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ გავახვიე ერთი ღერი, გამიჩნდა იდეა, რომ მსგავსი სათუთუნე უფრო მეტი ადამიანისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი.
M: როგორია თქვენი სათუთუნეს საწარმოო მახასიათებლები?
ჩვენი სათუთუნეები არის ხელნაკეთი და ნატურალური, ქართული ტყავისგან დამზადებული. თანაც, ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე საზღვარგარეთ ან თუნდაც ინტერნეტ მაღაზიებში. ასევე, რამდენიმე სათუთუნეს აქვს ჩამოსაკიდი, რომელიც შეიძლება ქამარზე დამაგრდეს, რაც უფრო მოხერხებულია სატარებლად, რადგან ჯიბეში ან ჩანთაში არ მოგიწევს მისი ჩადება და ძებნა.
M: ტყავთან მუშაობის გამოცდილება თუ გქონდათ აქამდე და ვინ ქმნის ქართულ სათუთუნეებს?
მარიამი არის მხატვარი და სამოყვარულო დონეზე თავისთვის ჩანთებსა და ფეხსაცმელებს აკეთებდა ხოლმე. არც კი გვქონდა ნანახი, როგორი იყო სათუთუნე, უბრალოდ თვითონ გადაწყვიტა რანაირად უნდა გაენაწილებინა მასში ქაღალდის, თუთუნის და ფილტრების მოსათავსებელი ადგილები. ამ ეტაპზე, მხოლოდ მარიამი მუშაობს მათ შექმნაზე, თუმცა ნინოც ცდილობს ისწავლოს ტყავზე მუშაობა. მე თითონ, არ ვარ მათ წარმოების პროცესში ჩართული, თუმცა, სხვა საკითხებს ვაგვარებ.
M: სტარტაპი 3 კვირაა რაც არსებობს. რა ხერხებს იყენებთ თქვენი პროდუქციის რეალიზებისთვის?
ამ ეტაპზე, სათუთუნის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, თუმცა, სამომავლოდ, ვაპირებთ უფრო გავფართოვდეთ და ჩვენი პროდუქციის შეძენა სხვადასხვა მაღაზიაშიც იყოს შესაძლებელი. გარდა ამისა, გვინდა „ფლი მარკეტზეც” გავიდეთ.
M: რა მიმართულებით გეგმავთ „სათუთუნეს” განვითარებას?
სამომავლოდ, თანამშრომლობა გვინდა იმ კომპანიებთან, ვინც თუთუნს ყიდის, რომ პირდაპირ მათ შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი. გვინდა ეტაპობრივად განვვითარდეთ. ეს არ იყო დიდი მოგებისთვის დაწყებული საქმე, გვინდა, რომ, ჯერჯერობით, ხარისხზე უფრო მეტი აქცენტი ვაკეთოთ, ვიდრე ფულის შოვნაზე ვიყოთ ორიენტირებულები. სამომავლო გეგმებში გვაქვს, რომ მეტად განვვითარდეთ და შევცვალოთ დიზაინიც. გვინდა, რომ არა მხოლოდ ტყავის, არამედ, ნაჭრის სათუთუნეებიც გვქონდეს, რაც უფრო დაბალი ფასის პროდუქციასაც მოგვცემს. ამჟამად, ჩვენი სათუთუნეები ღირს 30-დან 55 ლარამდე.