ცოტა ხნის წინ იაპონურ მოტივებზე შექმნილი პირველი ქართული ამოძრავებული მანგა ვიხილეთ. ეს არის ამბავი ხეებსა და ადამიანებზე, რომლებიც შორეულ წარსულში მეგობრულად ცხოვრობდნენ, თუმცა თანამედროვე სამყაროში ისინი ერთმანეთის მტრები გამხდარან. ორი პერსონაჟი – დიადი გულის მქონე პატარა მორი, მეომორი და ხის მჭრელების საამაყო და მკლავძლიერი ასული, დალი ცულაძე დაკარგული მეგობრობის აღდგენისთვის ბრძოლასა და ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნას იწყებენ.
ანიმაცია ტყის დაცვასა და მის მდგრად მართვას ემსახურება. ის გაეროს განვითარების პროგრამის, UNDP-ის, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა, ხოლო მის აღსრულებასა და ამბის გაცოცხლებაზე DEMLAB-მა და Lasha D Kotori-მ იზრუნეს. მან მეორე ადგილი აიღო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაწესებულ Digital Awards 2022-ზე – როგორც საუკეთესო კრეატიულმა ნამუშევარმა. ამ კატეგორიაში პროექტი ორიგინალურობისა და კრეატიულობის კრიტერიუმით ფასდებოდა.
„ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ საღამოს კოტორამ (ლაშა კოტორაშვილი) მითხრა, ძალიან მინდა ქართული მანგა გავაკეთოო. ვუთხარი, რომ მეც მაქვს ასეთი სურვილი. სურვილს იდეა მოჰყვა, რომლის განხორციელებაც შესაძლებლობაც გაეროს განვითარების პროგრამამ და საქართველოში იაპონიის საელჩომ მოგვცა და მუშაობაც დავიწყეთ. ვადაში შეზღუდული ვიყავით. სულ, დაგეგმვის დღიდან პოსტის ჩათვლით თვე ნახევარი გვქონდა, თან მსგავს პროდუქტს პირველად ვქმნიდით შესაბამისად Შემოქმედებით პროცესში გამოწვევები, ემოციები და რაც მთავარია კამათი ბევრი იყო, ძალიან ბევრი. თუმცა როგორც ამბობენ როცა რაღაც ძალიან გინდა გამოგივიდეს – გამოგდის”.
როლები ასე განაწილდა – ლაშა კოტორაშვილმა იდეაზე იმუშავა და პროექტის კრეატიულ დირექტორად მოგვევლინა. Demlab-ის გუნდმა კი იმუშავა სცენარზე, ვიზუალურ კონცეფციაზე, ანიმაციაზე, მუსიკასა და ხმაზე. კოლაბორატორებმა ამბის გადმოცემისა და მწვავე პრობლემაზე საუბრის მანგასეული გზა აირჩიეს, რადგან ამ ჟანრის დახმარებით ნებისმიერი თემის ჩაშლაა შესაძლებელი. ტყის დაცვისა და ხეების, როგორც საწვავი მასალის სხვა ალტერნატივით ჩანაცვლების საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია კაცობრიობა დიდი გამოწვევის წინაშე დგას და მას სწორი მიწოდება სჭირდება, განსაკუთრებით ისეთ აუდიტორიასთან, როგორიც ახალგაზრდა თაობაა. მათთვის კი მანგას ჟანრი ახლო და ორგანულია.
„ნარუტო, ვან ფისი, ჯუჯიცუ კაისენი, ანიმეს თუ მანგას სხვა ეპიკური პერსონაჟები და მათ მიმართ აუდიტორიის სიყვარული ჩვენთვის ინსპირაციაც იყო და გამოწვევაც. ვაკეთებდით რაღაც ისეთს, რაც ყველას უყვარს, თუმცა ვაკეთებდით პირველად და ძალიან მაღალი თამასის პირობებში – ამიტომ ერთდროულად გვიხაროდა და ვღელავდით.
ყველაზე მეტად ის გვიხარია, რომ ექსპერიმენტი სამიზნე აუდიტორიმ მოგვიწონა. Ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი, მოსაზრება მივიღეთ (იყო კრიტიკულებიც) და რაც მთავარია ყველა მათგანს ჰქონდა ერთი თხოვნა – გააგრძელეთ. ქართულ აუდიტორიასთან ერთად არჩევანი საერთაშორისო კონკურსზეც რომ მოგვიწონეს, რა თქმა უნდა, დამატებითი სტიმულია”, – ნინიკო ბოჯგუა.
იდეის შემუშავებაზე ლაშა კოტორაშვილიც გვესაუბრება:
„ამ პროექტამდე 2 წლის განმავლობაში მქონდა სურვილი პირველი ქართული მანგის შექმნის. ვერ გეტყვით, რამდენ უცხო ადამიანს მივწერე, გავიცანი და რამდენთან ერთად შევქმენი მანგა, თუმცა მათ დღის შუქი არ უხილავთ. ამ პროცესის ნაწილი იყო ეს მანგაც. როდესაც გავიგე რომ შეიძლებოდა ერთ მანგას მაინც ეცოცხლა, ალბათ, კონცეპტის მოსაფიქრებლად 20-30 წუთი დამჭირდა, ხოლო დახვეწასა და პერსონაჟებზე 1 თვე ვმუშაობდით, რადგან დრო მცირე იყო, ამიტომ გზადაგზა ვამატებდით ხიბლებს.
ალბათ არსებობენ ადამიანები, იაპონური კულტურა ჩემზე მეტადაც რომ უყვართ და იციან, უბრალოდ, მე ჩემი პატარა იაპონია ვიპოვე ჩემივე თავში და იქ ვმოგზაურობ ხოლმე. რაც შეეხება მანგას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ კულტურის სიყვარული ისე, რომ თხრობის და ისტორიის გადმოცემის ეს ფორმა არ გიყვარდეს. როგორც ჩვენთან ხინკალია პოპულარული კერძი, იქ, ალბათ, მანგით იკვებებიან. შესაბამისად, მეც, როგორც აქაური ხინკლის მოყვარულს, იქაურიც ძალიან მეგემრიელება და ყოველდღიურად მივირთმევ”.
ადამიანებს ზოგჯერ არ გვაქვს დრო, რომ მსგავს გლობალურ პრობლემებზე ვიფიქროთ. საკუთარ რუტინაში ჩართულებს გვავიწყდება, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ საჭირო ხდება, რომ მწვავე საკითხები ისეთი ფორმით მოვიდეს ჩვენამდე, რაც მარტივად აღსაქმელია, რასაც ჩვენზე ემოციური ზემოქმედება შეუძლია, თავის მხრივ პრობლემასაც და გამოსავალსაც გვიჩვენებს. ადამიანის ზემოქმედებით ტყეს ხშირად ადგება ზიანი, მაღალია ტყის ხანძრების პროცენტული მაჩვენებელი, კვლევებით დგინდება, რომ საქართველოს ტყის ფართობების დიდი ნაწილი დეგრადირებულია, რაც ძირითადად საშეშე ხე-ტყეზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული.
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი, ლალი თევზაძე:
„ზოგადად, ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს. მას ქვეყნის ტერიტორიის 44.5% (3 100 500 ჰა) უკავია და მდიდარია გლობალური მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნებით. აქვე აღვნიშნავდი, რომ არსებული ტყის 98% ბუნებრივი ტყეა. საქართველოს ტყეები გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის სათბურის აირები ემისიების რეგულირებაში და მათი მოფრთხილება აუცილებელია.
სამწუხაროდ, ხალხი ბოლომდე ვერ ხვდება იმ სიკეთეს, რაც ტყეს მოაქვს. მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ტყის გარეშე, სულ მცირე, არ გვექნებოდა სუფთა წყალი, ჰაერი და ის, რომ ტყე გვიცავს წყალმოვარდნებისგან და მეწყრებისაგან. ალბათ ყველას გვინახავს გზის პირას ხეებს და ბუჩქნარს ცეცხლი რომ უკიდია, რისი მიზეზიც, უმეტესწილად, მძღოლის მიერ ფანჯრიდან გადმოგდებული ნამწვია. უნდა გავითავისოთ, რომ ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია ტყის მოფრთხილებაზე და რომ ერთმა მცირე, დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს”.
M: რატომ იყო UNDP-ისთვის მნიშვნელოვანი ამ პროექტის მხარდაჭერა და თავად როგორ შეაფასებდით ანიმაციას?
2013 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილება და 2013 წელს პირველად მიღებული იქნა ტყის ეროვნული კონცეფცია, რომელმაც განსაზღვრა სახელმწიფოს დამოკიდებულება საქართველოს ტყეების მიმართ, მათი ძირითადი ფუნქციური მიზანი და ღირებულებები. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ტყის რეფორმის გზაზე. ამის შემდეგ კი, 2020 წლის მაისში მიღებული იქნა ახალი ტყის კოდექსი. ახალი კანონი უზრუნველყოფს ტყეების როლის გაზრდას სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაზე, რასაც ხელს უწყობს ეს ახალი პროექტიც, რომელიც დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ. სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან აქტივობასთან ერთად, რაც მოიცავდა საქმიანი ეზოების მშენებლობასა და მათ აღჭურვას, პერსონალის უნარების გაძლიერებას და სოცილურად დაუცველების დახმარებას, პროქტმა საშუალება მოგვცა ვიმუშაოთ სკოლის მოსწავლეებთან ვესაუბროთ ტყის და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და თან გავაკეთოთ ეს მათთვის მისაღებ ენაზე. მანგას სტილის ანიმაცია, „ტყე ჩემი მეგობარია“, სწორედ მათთვის გასაგებ და იმავდროულად, საინტერესო გზით უგზავნის მესიჯს ჩვენს მომავალ თაობას.
[R]