სამი წლის წინ ასევე სამი წლის ბიჭი, სახელად კეისი ჰეთევეი ბებიის სახლის ეზოში თამაშისას გაუჩინარდა. მიუხედავად მუდმივი ყინვისა და კოკისპირული წვიმისა, ამბავს ბედნიერი დასასრული აქვს… ბავშვი შემზარავ განსაცდელს გადაურჩა და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ გარეულ ცხოველს, დათვს მიუძღვის.
რა თქმა უნდა, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ როგორც გამოცდილი მაძიებლები, ისე ბავშვის კეთილდღეობით დაინტერესებული ადამიანები. საბოლოოდ, იგი მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლის ძაღლმა გზიდან 40-50 მეტრში ბუჩქებიდან მისი ტირილი გაიგონა. საბედნიეროდ, ჰეთევეი თითქმის უვნებლად დაუბრუნდა ოჯახის წევრებს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სისხლჩაქცევას…
ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბავშვმა ოჯახს დათვის შესახებ უამბო. როგორც კეისი იხსენებს, მან ორი დღე გაატარა დათვთან, რომელმაც ის ზამთრის ყინვისგან გადაარჩინა. “ღმერთმა მას მეგობარი გაუგზავნა, რათა თავი დაეცვა. ღმერთი კეთილია, სასწაულები ხდება” – აღნიშნავს ჰეთევეის ბებია.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მსგავსი ისტორია არსებობს, რომელთა მიხედვითაც დათვები დაკარგულ ბავშვებზე ზრუნავენ. მაგალითად, ჯერ კიდევ 1888 წელს New York Times საზოგადოებას ორი წლის გოგონას შესახებ ატყობინებდა, რომელიც დათვმა გადაარჩინა გაყინვას. ასევე, 1955 წელს კიდევ ერთი ორი წლის გოგონა საუბრობდა, როგორ მოევლინა ტყეში დაკარგულს დათვი.













