ქართული შრიფტის მოძიება ერთხელ მაინც თუ დაგჭირვებიათ, სფეროს ყველა პრობლემა მაშინვე ნაცნობი გახდებოდა თქვენთვის, თავისი საავტორო უფლებებითა და ინფორმაციის ნაკლებობით — ეს მარტივად რომ შევაფასოთ… შრიფტების ახალი სივრცე ქართულ ბაზარზე სწორედ ამის საპასუხოდ შეიქმნა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც თავად გრაფიკოსდიზაინერი ანიტა ეჯიბიასთვის სფეროს პრობლემები ყოველდღიურობად იქცა. სულ ფიქრობდა, რა მოეხერხებინა, მალე პასუხიც იპოვა და Typeface.ge-ის სახით შემოგვთავაზა.
რა არის Typeface.ge? ეს არის სივრცე, სადაც ქართული შრიფტის შემქმნელები და მომხმარებლები მარტივად იპოვიან ერთმანეთს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პლატფორმა, რომელშიც იპოვით და გაყიდით ქართულ შრიფტებს. საინტერესოდ ჟღერს, არა?! ამიტომ მარკეტერი Typeface.ge-ის დამფუძნებელ ანიტა ეჯიბიას დაუკავშირდა:
M: ანიტა მოგვიყევით, როგორ გაჩნდა Typeface.ge-ის შექმნის იდეა და ბაზარზე არსებულ რა პრობლემებს აგვარებს?
შრიფტის სფერო დიდი ხანია არაერთი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორის კომუნიკაციის ნაკლებობა შრიფტის დიზაინერებსა და შრიფტის შეძენის/ მოხმარების მსურველთა შორის, საავტორო უფლებების მიმართულების გაუმართაობა, რის გამოც დიზაინერებს პირადი კონტაქტებით უწევდათ შრიფტებზე ინფორმაციის გავრცელება. მეორე მხრივ კი, მომხმარებლები მუდმივად ცდილობდნენ შრიფტების ავტორებისა და ლიცენზიის ტიპების დადგენას, შრიფტის დიზაინის სფეროს ირგვლივ ინფორმაციის სიმწირე და გაფანტულობაა. კარიერა გრაფიკოსდიზაინერობით დავიწყე, შესაბამისად, ეს პრობლემები ჩემი ყოველდღიურობაც გახდა და სულ ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო ამის გამოსასწორებლად.
ამგვარად, Typeface-ის მთავარ ამოცანად შემდეგი საკითხი ჩამოყალიბდა: იყოს პლატფორმა, რომელიც დიზაინერებს პროდუქტის გავრცელებაში, პოპულარიზაციასა და გაყიდვაში შეუწყობს ხელს, დაიცავს საავტორო უფლებებს და, რაც მთავარია, მისი არსებობით მოტივაციასა და ინტერესს გაუჩენს დიზაინერებს, რაც შეიძლება მეტი ფონტი შექმნან და მიიტანონ ნებისმიერ მომხმარებელთან, რომელიც ქართული ფონტის შეძენა-გამოყენებითაა დაინტერესებული.
M: ვინ დგას ამ პროექტის უკან? ცოტა რამ თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ…
კარიერა სარეკლამო სფეროში 8 წლის წინ დავიწყე, როგორც გრაფიკოსდიზაინერმა, შემდეგ კი 2D ანიმატორმა. 4 წლის წინ შევქმენი კრეატიული სააგენტო “ბურთულა”, რომლის აღმასრულებელი და არტ დირექტორი ვარ. შესაბამისად, ჩემთვის ცნობილია, რა ჩავარდნები აქვს ამ სფეროს და, ზოგადად, რა გვაკლია… ამ პროექტზე მუშაობა თავდაპირველად მარტომ დავიწყე, შემდეგ კი საოპერაციო ნაწილში მარიამ ჩაჩანიძე შემომიერთდა — გრაფიკოსდიზაინერი და კალიგრაფია, აქტიურად არის ჩართული ტიპოგრაფიის სფეროში.
M: რა ეტაპზეა ახლა საიტი?
ამ ეტაპზე საიტი სატესტო რეჟიმში მუშაობს. ამჟამად ხელმისაწვდომია: საძიებო სისტემა, ფონტის გამოსაცდელი ხელსაწყო (გადიდება, დაპატარავება, სასურველი ტექსტის დატესტვა, ფონტის წონის ცვლილება, სორტირება), ავტორებისა და ჟურნალის განყოფილება.
M: ვის შეეძლება Typeface.ge-ზე შრიფტების განთავსება?
სატესტო რეჟიმში მხოლოდ თავისუფალ გამოყენებაში მყოფი ფონტის განთავსებაა შესაძლებელი, ეს ფონტის ატვირთვის განყოფილებაში ფორმის შევსებითა და მეილზე ფონტის გადმოგზავნის მეშვეობით ხდება. შემდეგ ვუკავშირდებით ავტორს, ვაზუსტებთ ინფორმაციას და ვათავსებთ ფონტს ვებგვერდზე. ამ პროცესს დაახლოებით 2-დან 4 დღემდე სჭირდება.
M: როგორ შეძლებს დამწყები დიზაინერი თავისი პირველი შრიფტის ატვირთვას და გაყიდვას თქვენს პლატფორმაზე?
მანამ, სანამ იურიდიული და საავტორო უფლებების ნაწილი არ გამზადდება-ფონტების გაყიდვის ფუნქცია გათიშულია, რადგან ჩვენი მიზანია, ავტორები დავიცვათ ფონტის არაკეთილსინდისიერი გავრცელებისგან. ეს პროცესები კი შინაარსობრივად დაკავშირებულია იმასთან, თუ რა ფორმებით შეძლებენ ავტორები საკუთარი ფონტის typeface.ge-ზე გაყიდვას. შესაბამისად, ეს ორი საკითხი ერთმანეთს ებმის და ერთმანეთიდან გამომდინარე მალე მიიღებს საბოლოო სახეს.
M: ანიტა, როგორ აპირებთ იურიდიული საკითხების მოგვარებას?
იურიდიულ საკითხს Bezhashvili Law Firm ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ფონტ დიზაინერებთან და ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებთან გავდივართ კონსულტაციას და მათი ჩართულობით ვამუშავებთ მიმდინარე საკითხებს, რათა შემდეგ უკვე იურიდიულ ნაწილში არ გამოგვეპაროს მომხმარებლებისთვის საჭირო დეტალები. გვსურს, იურიდიულად გავმართოთ ფონტის ლიცენზიის შეძენის ყველა ეტაპი, ამისთვის კი ამ სფეროში უკვე მოღვაწე ფონტ დიზაინერების გამოცდილება ძალიან გვეხმარება.
M: რამდენად უსაფრთხო იქნება ავტორებისთვის ფონტების განთავსება პლატფორმაზე?
ამ ეტაპზე ფონტის ატვირთვისას შეგიძლიათ ისარგებლოთ შრიფტის გამოსაცდელი ხელსაწყოთი, სადაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ჩამოტვირთვამდე გამოცადოს იგი. თუ ამის სურვილი ავტორს არ აქვს, ამ ფუნქციის გარეშე, მხოლოდ საჩვენებელი ტექსტის ფოტოს ატვირთვით შეგვიძლია განვათავსოთ ფონტი.
ამ ეტაპზე დეველოპერებთან ერთად ვმუშაობთ, რათა განახლებულ ვერსიაში საცდელი ბარის ფუნქციითაც შესაძლებელი იყოს ფონტის ფაილის დაცვა, თუმცაღა, ავტორებს მაინც ექნებათ ალტერნატივად ფოტოს ატვირთვის ფუნქციონალი და არჩევანს თავად გააკეთებენ.
M: გამოწვევებზე რომ გვესაუბროთ…
სანამ ჩანაფიქრის დონეზე იყო პროექტი, ყველაფერი ბევრად მარტივი ჩანდა. თუმცა, პროცესში როგორც პროგრამული თვალსაზრისით, ისე საავტორო უფლებების მხრივ ბევრმა ნიუანსმა იჩინა თავი. ყოველი უკუკავშირის შემდეგ ახალ-ახალი საჭიროებები ჩნდება, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ არც საავტორო უფლებების მხარეს არის რაიმე მარტივად — ძირითადად ინფორმაციის მოპოვება ან დაუზუსტებელი წყაროებიდან გვიწევს, ან უშუალოდ პირველ წყაროს მოძიებით. ვცდილობთ, იმ ფაილებსაც მივხედოთ, რომლის ავტორებიც პრაქტიკულად არ იძებნება ან უცნობია.
ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბაზარზე გავრცელებული ავტორების ფონტების დაზუსტებაზე, რაც ძალიან შრომატევადი პროცესია: იპოვო ავტორი, შეეხმიანო და დააზუსტო შენს მიერ მოძიებული მასალის სიზუსტე. ახლა, typeface.ge-ის პირველ სატესტო ვერსიას ვხედავთ, მაგრამ უკუკავშირთან ერთად, შემდეგ ეტაპზე საიტის ფუნქციური დახვეწაც იგეგმება.
M: Typeface.ge-ის შემდეგნაირად აღწერთ: ეს არის ქართული შრიფტის სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს, გახდეს თქვენი შეუცვლელი რესურსი ტიპოგრაფიასა და დიზაინში — რას გააკეთებთ იმისათვის, რომ შეუცვლელ პლატფორმად ჩამოყალიბდეთ?
იმისათვის, რომ ჩვენი ნათქვამი სიტყვა გავამართლოთ, როგორც ზემოთ გითხარით, პირველ რიგში, საავტორო უფლებების დაცვას განვიხილავთ, ეს აუცილებელ კომპონენტად მიგვაჩნია — ახლა ბაზარზე ყველა ავტორი დამოუკიდებლად თავისი რესურსებით ოპერირებს, რადგან სხვაგან ფონტის განთავსებით არ არიან დაცული არაკეთილსინდისიერი გავრცელებისგან.
მეორე: უკვე ფუნქციონირებს ჟურნალის მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ტიპოგრაფიის სფეროში საინტერესო ინფორმაციების მიწოდებას, როგორებიცაა ქართული და უცხოური შრიფტის ისტორია, დიზაინი, ავტორები, შრიფტის დიზაინის მიმართულებების და სხვა ამ სფეროსთან დაკავშირებული, რელევანტური თემები.
პროცესში კი დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო გზა გამოჩნდება, რათა ამ სფეროს განვითარებაში მეტი წვლილი შევიტანოთ, თუნდაც სხვადასხვა აქტივობით.
M: დაბოლოს, რას გეგმავთ მომავალში?
მოკლედ შევაჯამებ, თუ რა გვაქვს ახლა და რა არის ჩვენი უახლოესი სამომავლო გეგმები. ამ ეტაპისთვის ვაყალიბებთ წესებსა და პირობებს პლატფორმის გამოყენებისთვის; ვამზადებთ იურიდიულ დოკუმენტაციას ფონტების გაყიდვისთვის, რომელიც დაიცავს როგორც ავტორების, ისე მყიდველების უფლებებს. ხოლო მომავალში დავამატებთ ავტომატიზებულ სისტემას ფონტების მარტივად ასატვირთად და ლიცენზიის შესაძენად. ამასთან, გამარტივებულ და ავტომატიზებულ გადახდის სისტემას.
ამ პერიოდში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების აზრი — მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი უკუკავშირი და ერთად შევქმნათ უკეთესი პლატფორმა.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი